Home » მსოფლიო » დონალდ ტრამპი „ჰუავეის“ ტექნიკის გამოყენებაზე აკრძალვის დაწესებას გეგმავს
დონალდ ტრამპი „ჰუავეის“ ტექნიკის გამოყენებაზე აკრძალვის დაწესებას გეგმავს

დონალდ ტრამპი „ჰუავეის“ ტექნიკის გამოყენებაზე აკრძალვის დაწესებას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინური კომპანია „ჰუავეის“ (HUAWEI) ტექნიკის გამოყენებაზე აკრძალვის დაწესებას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

ჟურნალისტების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი საგანგებო განკარგულებას გამოსცემს, რომლითაც ამერიკულ კომპანიებს ჩინური „ჰუავეის“ აღჭურვილობის გამოყენება აეკრძალებათ. ამის მიზეზად ტრამპი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის შექმნილ საფრთხეს დაასახელებს.

„როიტერსის“ ცნობით, პრეზიდენტის საგანაგებო განკარგულებაზე მუშაობა უკვე ერთი წელია მიმდინარეობს.

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ „ჰუავეის“ აღჭურვილობა შესაძლოა პეკინმა ჯაშუშობისთვის გამოიყენოს. აშშ-ი მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, უარი თქვან „ჰუავეისთან“ თანამშრომლობასა და ჩინური კომპანიის მეხუთე თაობის ქსელის შექმნაში ჩართვაზე. მანამდე, დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი კანონს, რომელიც აშშ-ის მთავრობას „ჰუავეის“ და კიდევ ერთი ჩინური კომპანიის „ზი-თი-ი კორპ“ (ZTE) -ის გამოყენებას უკრძალავს.

2018 წლის იანვარში აშშ-ის პროკურატურამ „ჰუავეის“ ვაშინგტონის ფილიალის თანამშრომლები სატელეკომუნიკაციო კომპანია „თი-მობაილის“ კომერციული საიდუმლოს მოპარვაში დაადანაშაულეს. ამავე დროს, „ჰუავეისა“ და მის ხელმძღვანელს ბრალი დასდეს ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმის დარღვევასა და ფინანსურ თაღლითობაში.

ახალი, მეხუთე თაობის მობილური ქსელის შექმნაში „ჰუავეის“ აღჭურვილობის გამოყენებაზე ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ უკვე განაცხადეს უარი.

კომპანია „ჰუავეი“ სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანიაში აშშ-ის ბრალდებას უარყოფენ.

საპასუხოდ, „ჰუავეის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან სპეციალური ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს, რომლითაც აიღებს ვალდებულებას, რომ კომპანია ჯაშუშურ საქმიანობას არ განახორციელებს.

1tv.ge

Share