Home » საზოგადოება » დიმიტრი ცქიტიშვილი: „შრომის კოდექსს კეთილშობილური მიზნები აქვს“
დიმიტრი ცქიტიშვილი: „შრომის კოდექსს კეთილშობილური მიზნები აქვს“

დიმიტრი ცქიტიშვილი: „შრომის კოდექსს კეთილშობილური მიზნები აქვს“

რადიო „კომერსანტზე“ გადაცემაში „პროფესიონალები“ შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე საქართველოს პარლამენტის წევრმა, შრომის კოდექსში შესატან ცვლილებათა პაკეტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ისაუბრა.

„ეს ცვლილებები მოიტანა დრომ და იმ ეკონომიკურმა ვითარებამ, რომელშიც ჩვენი ქვეყანაა. ეკონომიკის განვითარების პარალელურად, უნდა გაჩნდეს ახალი სტანდარტები და რეგულაციები. კანონის არასწორ ინტერპრეტაციას ჰქონდა ადგილი, იყო იდეის დისკრედიტაციის მცდელობაც. თუმცა, ვფიქრობ რომ ეს ვერ შეძლეს“-აცხადებს ცქიტიშვილი.

მისივე განმარტებით,კანონს კეთილშობილური მიზნები აქვს. მათ შორის, უნდა ხდებოდეს ადამიანების შრომითი უფლებების დაცვა, უკეთესი სამუშაო პირობების შექმნა და ისეთი რეგულაციების მიღება,რომლებიც ბიზნეს სექტორისთვის უმტკინვეულო იქნება.

როგორც ცქიტიშვილი განმარტავს,ასეთი ბიზნესი ადაპტირებული იქნება საერთაშორისო ბაზრებზე და კომპანიებს შეეძლებათ კონკურენციის გაწევა. მოგების მაქსიმალიზაცია ადამიანის ხანგრძლივი მუშაობის ხარჯზე არ არის დასავლური ეკონომიკისა და ბიზნესის გზა. ბიზნესი ვერ ვითარდება ამ სტრატეგიით. მისივე ინფორმაციით, დასავლური სტანდარტებით მნიშვნელოვანია ადამიანის მოტივაცია, შრომის პირობების გაუმჯობესება, აუცილებელია ხელი შევუწყოთ ადამიანს, რომ ის უფრო პროდუქტიული იყოს სამუშაო გარემოში.

„კითხვები არსებობდა ზეპირ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ის კანონს მიღმაა და ავტომატურად გადადის ჩრდილოვან ნაწილში. კანონმა ერთი თვის შემდეგ ზეპირი ხელშეკრულება უნდა ცნოს, რათა დასაქმებული ადამიანის დაცვა შეგვეძლოს. შრომითი უსაფრთხოების საკითხები სამხრივ კონტექსტში უნდა იყოს განხილული. ბიზნეს ასოციაციებს, პროფკავშირებს, სამოქალაქო სექტორის შორის, სახელმწიფო კი უნდა იყოს მედიატორი. მან უნდა შესთავაზოს გარკვეული სტანდარტი, უზრუნველყოს დიალოგი, რომლითაც სოციალურ კონფლიქტებს თავიდან ავირიდებთ“-აცხადებს ცქიტიშვილი.

მისივე განმარტებით, ადამიანი, თუ ხედავს რომ მას უფლებები ერღვევა, კანონში დადგენილია გარკვეული სტანდარტები და დაცვის მექანიზმები, შეუძლია მიმართოს სასამართლოს. „40 ათასი განთავისუფლებულიდან მხოლოდ ათასმა მიმართა სასამართლოს და უმეტესობამ მოიგო. თუმცა, პროცედურულად დიდი დროა საჭირო. თან ეფექტური გზა არ არის. ინსპექცია კი უნდა იყოს ორგანო,რომელიც მოახდენს პრევენციას და აღკვეთას. ინსპექციის არსებობა არ გამორიცხავს არც სასამართლოს, არც სახელმწიფო დამცველის ჩართვას, ეს უნდა იყოს მყისიერი რეაგირების საშუალება,რომელიც უნდა გახდეს უფლებაწართმეული ადამიანის პარტნიორი. საუბარია მაღალ სტანდარტებზე, ეს არის ბრენდის მაღალი რეპუტაციის წინაპირობა. ეს სტანდარტი მოგვცემს საშუალებას,რომ ახალი საინვესტიციო კლიმატი შევქმნათ ქვეყანაში,“ – ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.

ნათია კეკენაძე

commersant.ge

Share