Home » ახალი ამბები » დიმიტრი ცქიტიშვილი: ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც, დესტაბილიზაციის თვალსაზრისით, ჩვენივე სახელმწიფოს ვუყენებთ
დიმიტრი ცქიტიშვილი: „შრომის კოდექსს კეთილშობილური მიზნები აქვს“

დიმიტრი ცქიტიშვილი: ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც, დესტაბილიზაციის თვალსაზრისით, ჩვენივე სახელმწიფოს ვუყენებთ

საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ. მთავარი თემა ის ცვლილებაა, რომლის მიხედვითაც 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით უნდა ჩატარდეს. საკითხის გარშემო მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი კოლეგებს მოუწოდებს, ცვლილებას მხარი დაუჭირონ, რადგან, მისი განცხადებით, ამ საკითხზე პასუხისმგებლობა სრულად ხელისუფლებას აკისრია.

„ბევრი ვისაუბრეთ, ქმნის თუ არა სტაბილურობას ესა თუ ის სისტემა. არაფერი იმაზე მეტად არ ქმნის არასტაბილურობას ქვეყანაში, როგორც მმართველი პარტიის მხრიდან საკუთარი პასუხისმგებლობისაგან გაქცევა. სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს ეს მომენტი. ხუთი თვის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება. შევპირდით და ვესაუბრეთ საზოგადოებას იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება ცალსახა და პოზიტიურია. ის, რომ შეიძლება შეიცვალოს ეს გადაწყვეტილება, მხოლოდ პოლიტიკური ნებაა ზოგიერთი პოლიტიკოსის, ჩვენი გუნდელების. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც, დესტაბილიზაციის თვალსაზრისით, ჩვენივე სახელმწიფოს ვუყენებთ. ამაზე პასუხისმგებლები ვიქნებით ისევ ჩვენ, ხელისუფლება. როგორც არ უნდა არ მომწონდეს ჩვენი ოპოზიცია, ამ ეტაპზე პასუხისმგებლობა მთლიანად ჩვენ გვაკისრია,“ – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

Share