Home » ეკონომიკა » დიდი პოტენციალი და დაბალი პროდუქტიულობა – რატომ ვერ ვითარდება სოფლის მეურნეობა საქართველოში
დიდი პოტენციალი და დაბალი პროდუქტიულობა – რატომ ვერ ვითარდება სოფლის მეურნეობა საქართველოში

დიდი პოტენციალი და დაბალი პროდუქტიულობა – რატომ ვერ ვითარდება სოფლის მეურნეობა საქართველოში

საქართველოს, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის პოტენციალზე მუდმივად მიმდინარეობს საუბარი. საქართველოს ყველა ხელისუფალი მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას ამ სექტორზე და აცხადებდა, რომ სოფლის მეურნეობის განსავითარებლად არაფერს დაიშურებდა. მუდმივად ხდებოდა და დღესაც ხდება სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულების სუბსიდირება ბიუჯეტიდან, თუმცა ვერანაირ ხელშესახებ შედეგებამდე დღემდე ვერ მივიდა ჩვენი ქვეყანა. გაიხსნა ევროკავშირის ბაზარიც, არაერთი პროექტია დანერგილი სოფლის მეურნეობის განსავითარებლად, თუმცა სოფლის მეურნეობა კვლავ ჩვენი ქვეყნის აქილევსის ქუსლად რჩება.

კვლევითმა ცენტრმა PMCG , საკუთარ კვლევაში სოფლის მეურნეობის ანალიზი გააკეთა, სადაც იმ მთავარ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რაც დღეს სოფლის მეურნეობის სექტორში არსებობს.

კვლევის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში მუშაობს დასაქმებულთა 43.1%, მაშინ როდესაც სოფლის მეურნეობის სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 7.7%-ია. აღნიშნული ნიშნავს სექტორის დაბალ პროდუქტიულობას და რაც მთავარია, სოფლად მცხოვრები ადამიანების დაბალ შემოსავლებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში სოფლად მცხოვრები ადამიანების რეალური შემოსავალი არ იცვლება. რეალურ შემოსავლებთან ერთად, სექტორის დაბალი პროდუქტიულობა და ზრდის დაბალ ტემპები განაპირობებს იმასაც, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობა (ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 42%) უფრო ღარიბია, ვიდრე ქალაქად მცხოვრები. კერძოდ, 2018 წელს ქალაქად სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მოსახლეობის 18.0%, მაშინ როცა სოფლად ეს მაჩვენებელი 23,1%-ს შეადგენდა.

PMCG-ის მონაცემებით, უარყოფითი ტენდენცია ფიქსირდება იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაწეული ხარჯები 2010 წლიდან მოყოლებული საგრძნობლადაა გაზრდილი. მათივე ინფორმაციით, ხარჯებმა პიკს 2016 წელს მიაღწია და 330,3 მილიონი ლარი შეადგინა.

“უარყოფითი ტენდენცია ფიქსირდება იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაწეული ხარჯები 2010 წლიდან მოყოლებული საგრძნობლად არის გაზრდილი. ხარჯებმა პიკს 2016 წელს მიაღწია და 330,3 მილიონი ლარი შეადგინა. 2018 წელს მოხდა სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანება. შედეგად, 2018 წლის დამტკიცებული გეგმის თანახმად, გაერთიანებული სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 274,8 მილიონ ლარს. ხოლო 2019 წლის გეგმის მიხედვით 338.9 მილიონ ლარს. სექტორის სუსტ ეკონომიკურ მაჩვენებლებს და სექტორში მწარმოებლურობის დაბალ დონეს რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს. მათ შორისაა, სასოფლო სამეურნეო მიწების დანაწევრება და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც იწვევს მიწის რესურსის არაეფექტიან განკარგვას. ასევე, პრობლემურია სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა რგოლებს შორის კავშირის სისუსტე, საკონსულტაციო და საექსტენციო მომსახურება, განათლება, სტანდარტების დაცვა და ა.შ.”, – აღნიშნულია კვლევაში.

PMCG-ის ინფორმაციით, ცალკე აღნიშვნის ღირსია ინვესტიციები, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და შესაბამისად პროდუქტიულობის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

“შედეგად სექტორის გამოწვევად რჩება დაბალი მწარმოებლურობის დონე. კულტურების მიხედვით პროდუქტიულობა საქართველოში საგრძნობლად ჩამორჩება არათუ მოწინავე ქვეყნების, არამედ მსოფლიოს საშუალო პროდუქტიულობასაც. ასევე, საქართველოში პროდუქტიულობა მეზობელ ქვეყნებთან შედარებითაც (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი) საკმაოდ დაბალია, რაც პრობლემებს შორის თითქმის გამორიცხავს გეოგრაფიულ ფაქტორებს (ცუდი კლიმატური პირობები, სტიქია და ა.შ.). შესაბამისად, ფაქტია, რომ სიტუაციის გაუმჯობესებისათვის ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი”,- ნათქვამია კვლევაში.

ამავე მონაცამების მიხედვთ, დაბალი მწარმოებლურობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია მიწების ფრაგმენტაცია. როგორც კვლევები აჩვენებს, ფერმის ზომა დადებით კავშირშია შემოსავლებთან და პროდუქტიულობასთან. შესაბამისად, პროდუქტიულობის ამაღლება ძნელად წარმოსადგენია საქართველოში მიწების არსებული განაწილების პირობებში.

“კერძოდ, 2014 წლის აღწერის მიხედვით (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სასოფლოსამეურნეო აღწერა 2014), სახნავი მიწების მფლობელი ოჯახური მეურნეობების 87% ფლობს 1 ჰექტარზე ნაკლებ მიწას, ხოლო 50 ჰექტარზე მეტს ფლობს მეურნეობების მხოლოდ 0,1%. ასევე, საშუალოდ ერთი მეურნეობა (ოჯახური მეურნეობა ან სასოფლო სამეურნეო საწარმო) ფლობს 1,37 ჰექტარ სასოფლო სამეურნეო მიწას, საიდანაც 0,71 ჰექტარი მოდის სახნავ-სათეს, ხოლო 0,4 ჰექტარი მრავალწლოვან ნარგავებზე. აღნიშნული სტატისტიკა ცალსახად მიუთითებს მიწის ფრაგმენტაციის მაღალ ხარისხზე”,-აღნიშნულია დოკუმენტში.

ფრაგმენტაციასთან ერთად, PMCG საქართველოში პრობლემურ საკითხად სვამს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო სამეურნეო მიწის განკარგვას და კერძო პირების მიერ მიწის რეგისტრაციის საკითხსაც. ორგანიზაციის ცნობით, სოფლის მეურნეობისათვის ფუნდამენტურ რესურსთან დაკავშირებით ფერხდება საბაზრო მექანიზმების მუშაობა, რაც იწვევს აღნიშნული რესურსის არაეფექტიან განკარგვას.

“შეიძლება ითქვას, რომ სექტორში ძირითად პრობლემად რჩება ინვესტიციების განხორციელება და მექანიზაციის გაზრდა, თითქმის ყველა კულტურის დაბალი პროდუქტიულობა, მიწების ფრაგმენტაციის საკითხი და მიწის რეგისტრაციასა და განკარგვასთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე, უმეტეს შემთხვევაში არ არსებობს მოსახლეობაში დამოკიდებულება სოფლის მეურნეობისადმი, როგორც ბიზნეს საქმიანობა. შედეგად, ძირითადი ფუნქცია რასაც აღნიშნული სექტორი დღეს-დღეობით ასრულებს არის ე.წ. საარსებო ეკონომიკის (შუბსისტენცე ეცონომყ) ფუნქცია, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება სექტორის მიმართ არსებული მოლოდინებისგან. შესაბამისად, ამ პირობებში რთულია მასშტაბის ეკონომიის მიღწევა და ეფექტიანობის/პროდუქტიულობის ამაღლება, რაც აუცილებელია ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის შეთავაზებისთვის”,-აღნიშულია კვლევაში.

ელენე ციგრიაშვილი

Share