Home » საზოგადოება » “დიდი ოდენობით „სუბოტექსი“ აეროპორტში უკანა ტანით შემოჰქონდა“ – შსს-ს მაღალჩინოსანი სკანდალური ბრალდებით დააკავეს
"დიდი ოდენობით „სუბოტექსი“ აეროპორტში უკანა ტანით შემოჰქონდა“ - შსს-ს მაღალჩინოსანი სკანდალური ბრალდებით დააკავეს

“დიდი ოდენობით „სუბოტექსი“ აეროპორტში უკანა ტანით შემოჰქონდა“ – შსს-ს მაღალჩინოსანი სკანდალური ბრალდებით დააკავეს

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა ნარკობიზნესის სკანდალური საქმე, სადაც სხვა პირებთან ერთად შსს-ს მაღალჩინოსნის სახელიც ფიგურირებს… გახარიას უწყებამ საკუთარ მაღალჩინოსანს ხელბორკილები მას შემდეგ დაადო, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბოტექსის“ შემოტანის ფაქტი დაფიქსირდა. სამართალდამცველებმა 1,0000 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება მოქალაქე კონსტანტინე მებუკეს უკანა ტანიდან ამოუღეს, რის შემდეგაც გამოძიების კვალმა ისინი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის გოგა გელაშვილის კვალზე გაიყვანა…

გოგა გელაშვილს უწყებაში ნარკოტიკებთან ბრძოლის მიმართულება ებარა. კერძოდ, 2015 წლიდან ის გახლდათ ნარკოტიკებთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე.

რა სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი? საიდან და კონკრეტულად როგორ შემოჰქონდათ ქვეყანაში დიდი ოდენობით ნარკოტიკები? როგორ მფარველობდა ნარკოტიკებთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე ნარკობიზნესის სკანდალურ სქემას და როგორ გავიდა გამოძიება მის კვალზე?

„პრაიმტაიმს“ ხელში ჩაუვარდა საბრალდებო დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს პროკურორი თორნიკე მარსაგიშვილი. ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რის სანაცვლოდაც ის პროკურატურას საპროცესო გარიგების დადებას სთხოვს.

„ჩემ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის რეალიზებული, რის საფუძველზეც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ორი პირი. ორივე მათგანი დაკავებულია. მათ შორის ერთი მაღალჩინოსანი საჯარო მოხელე, რომელსაც ქვეყანამ მიანდო ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და წარმოადგენდა თანამდებობის პირს, რითაც, შეიძლება ითქვას, რომ მოცილებულ იქნა დიდი საფრთხე ძალოვანი უწყების შემადგენლობიდან“, – წერს ბრალდებული კონსტანტინე მებუკე, რომელიც ამ სკანდალური საქმის უშუალო შემსრულებელი გახლდათ.

გამოძიებით ირკვევა, რომ ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანის ფარული გეგმა შსს-ს მაღალჩინოსნის, გოგა გელაშვილის სიძემ, გიორგი ბახტაძემ შეიმუშავა, რაშიც სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, აქტიურად იყო ჩართული თავად გელაშვილიც. ბრალდების დადგენილებაში ვკითხულობთ:

„გიორგი ბახტაძემ კონსტანტინე მებუკეს გადასცა ფულადი თანხა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საზღვარგარეთ შესაძენად, მან ასევე დაფარა მისი ტრანსპორტირების ხარჯები. ხოლო გოგა გელაშვილი, რომელიც მუშაობდა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, დაჰპირდა კონსტანტინე მებუკეს და გიორგი ბახტაძეს მათი უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და მოსალოდნელი მხილების თავიდან ასაცილებლად გაფრთხილებას, რითაც უზრუნველყოფდა მათ უსაფრთხოებას.

თავის მხრივ, კონსტანტინე მებუკე უნდა წასულიყო საზღვარგარეთ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და შენიღბული გზით საქართველოში შემოტანის მიზნით.

აღნიშნული გეგმის შესაბამისად, კონსტანტინე მებუკე გიორგი ბახტაძის დაფინანსებით გაემგზავრა გერმანიაში, სადაც ბახტაძის მიერ გადაცემული ფულადი თანხით უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 1,3823 გრამი ბუპრენორფინის შემცველი ტაბლეტები (სუბოტექსი) და ტაბლეტის ნატეხები, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამოვლით ღამის საათებში, ფარულად, უკანა ტანით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში“.

ირკვევა, რომ ნარკოტიკების შემოტანის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შესახებ სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ცნობილი გახდა გოგა გელაშვილისთვის, რომელმაც თავის სიძეს, გიორგი ბახტაძეს შეატყობინა კონსტანტინე მებუკეს დანაშაულში მხილების შესახებ და „ვაიბერში“ მისწერა, არ დახვედროდა მას აეროპორტში.

შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად კონსტანტინე მებუკე თბილისის საერთაშორისო აეროპორტშივე დააკავეს. ის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, სადაც უკანა ტანში გადამალული ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. მებუკეს სხეულიდან გამოდევნის შედეგად „სუბოტექსის“ საერთო ოდენობამ 1,3823 გრამი შეადგინა.

როგორც წესი, დაკავებულები მაშინვე ადვოკატს ითხოვენ ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში სხვაგვარად მოხდა. დაკავების შემდეგ პირველი, რაც კონსტანტინე მებუკემ მოითხოვა, შსს-ს მაღალჩინოსან გოგა გელაშვილთან შეხვედრა იყო. ეს შეხვედრა შედგა, რის შემდეგაც სამართალდამცველებისთვის უკვე ნათელი გახდა, რომ ნარკობიზნესს შსს-დან სწორედ გოგა გელაშვილი მფარველობდა. თავად მებუკემ კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის თავიდან ასაცილებლად გამოძიებასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. მან ჩვენება შსს-ს მაღალჩინოსნისა და მისი სიძის წინააღმდეგ მისცა.

თავად გოგა გელაშვილის ჩვენებით კი ირკვევა, რომ ეს ნარკოტიკების შემოტანის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. გამოძიებას მან უამბო სხვა ფაქტების შესახებაც, სადაც მისი მონაწილეობა უკვე ისედაც დადასტურებული იყო. მაგალითად, გელაშვილი საკუთარ ჩვენებაში აღწერს, როგორ დახვდნენ ის და გიორგი ბახტაძე თბილისის აეროპორტში კონსტანტინე მებუკეს, რომელიც აეროპორტიდან ბახტაძის კუთვნილ ბინაში მიიყვანეს და პრეზერვატივებში გახვეული ნარკოტიკები სარეალიზაციოდ გაამზადეს.

ირკვევა ისიც, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის სანაცვლოდ გიორგი ბახტაძე საკუთარ ცოლისძმას, გოგა გელაშვილს სახელფასო ანგარიშზე სისტემატურად ურიცხავდა ნარკორეალიზაციიდან მიღებულ სხვადასხვა ოდენობის თანხებს.

შსს-ს მაღალჩინოსანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წაუყენეს – 260, 262 და 338, რაც გულისხმობს: ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, ან გასაღებას; ნარკოტიკული საშუალების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანას, ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას და ასევე, მოხელის მიერ ქრთამის აღებას.

„პრაიმტაიმმა“ ამ სკანდალური საქმის შესახებ ბრალდებულების ადვოკატებთან სცადა გასაუბრება, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მათ საქმის გარემოებებზე საუბარი არ სურთ.

მიმდინარე წელს ეს არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მასშტაბური ნარკორეალიზაციის საქმე გაიხსნა. აშკარაა, რომ ბოლო პერიოდში ამ ბრალდებით გახარიას უწყებამ ათეულობით ადამიანი დააპატიმრა. როგორც ჩანს, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ წარმოებული მკაცრი პოლიტიკა არც უწყების მოქმედ მაღალჩინოსნებს ინდობს.

გასულ კვირას გახარიას უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საერთო ჯამში, 143 ნარკორეალიზატორი დააკავა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, 2018 წლის იანვრიდან დღემდე უკანონო ბრუნვიდან მილიონობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რაც ათი ათასობით ადამიანს შეეძლო მოეხმარა.

„პრაიმტაიმმა“ შსს-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები შეაჯამა და დაიანგარიშა, რა თანხები ტრიალებს ქვეყანაში ნარკოტიკების შავ ბაზარზე. ჩვენ, ასევე, ოდენობების მიხედვით გამოვთვალეთ დოზები, ანუ ერთჯერადად რამდენ ადამიანს შეეძლო, მოეხმარა შსს-ს მიერ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკი.

2018 წლის იანვრიდან დღემდე ამოღებულია 25 კგ „ჰეროინი“. გამომდინარე იქიდან რომ შავ ბაზარზე 1 გრამი „ჰეროინი“ 150 ლარად იყიდება, გამოდის, რომ ნარკორეალიზატორები 25 კგ „ჰეროინიდან“, მინიმუმ, 3 750 000 ლარის შემოსავალს ელოდნენ. საერთო ჯამში, აღნიშნული რაოდენობის „ჰეროინი“ 240 000 ადამიანს შეეძლო გამოეყენებინა.

მიმდინარე წელს, ასევე, ამოღებულია 1,5 კგ „კოკაინი“, რომლის საერთო ღირებულება 1 500 000 ლარს შეადგენს და ერთჯერადად 7500 ადამიანზე იყო გათვლილი.

2018 წელს უკანონო ბრუნვიდან, ასევე, ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი 8990 აბი (იგივე „სუბოტექსი“). შავ ბაზარზე 1 აბის ღირებულება დაახლოებით 700 ლარს შეადგენს. საერთო ჯამში კი, ამოღებულია 6 293 000 ლარის „სუბოტექსი“, რომელიც 71 200 ადამიანზე იყო გათვლილი.

გარდა ამისა, ამავე პერიოდში შსს-ს მიერ ამოღებულია დაახლოებით 525 000 ლარის ღირებულების 2,1 კგ „მდმა“ (16 800 ადამიანის დოზა) და 160 ათასი ლარის ღირებულების 1,3 კგ „ჰაშიში“ (26 000 ადამიანის დოზა).

primetime.ge

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

Share