Home » საზოგადოება » „დიდ შეცდომად ვთვლიდი ბატონ კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობას“
„დიდ შეცდომად ვთვლიდი ბატონ კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობას“

„დიდ შეცდომად ვთვლიდი ბატონ კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობას“

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ მენეჯერის ადგილი ბიზნესშია და არა მთავრობაში“
„კვირიკაშვილმა ”ღირსეულად” გააგრძელა „ნაცების“ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელმაც ქვეყანაში შექმნა ეკონომიკის მომხმარებლური მოდელი“

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პროფესორ ლადო პაპავასესაუბრა.

– ბატონო ლადო, 12 მაისიდან მოყოლებული პროცესები საქართველოში საკმაოდ სწრაფად განვითარდა. ვგულისხმობ ქუჩის აქციებს ჯერ ღამის კლუბების დასაცავად და შსს-ს მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების წინააღმდეგ, შემდეგ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის გამოუძიებელ საქმეზე აქციებს რუსთაველზე, რამაც ჯერ პროკურორის გადადგომა, ხოლო შემდეგ პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომა მოჰყვა.

სანამ პრემიერობის კანდიდატად დასახელებული მამუკა ბახტაძის მთავრობის ახალი შემადგენლობის ეკონომიკური პოლიტიკის საკითხების განხილვაზე გადავიდოდეთ, მინდა გთხოვოთ იმ მოვლენების შეფასება, რაც 12 მაისს დაიწყო და რასაც პრემიერის გადადგომა მოჰყვა, რამაც ქვეყანაში რეალურად არსებული ბევრი პრობლემა გააშიშვლა. გისმენთ, ბატონო ლადო….

– 12 მაისიდან დაწყებული საპროტესტო აქციები უშუალოდ არ იყო სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული. მე დიდ შეცდომად ვთვლიდი ბატონ კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობას და მიმაჩნდა, რომ მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის ყოველი დღე მხოლოდ და მხოლოდ ზიანის მომტანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის.

მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე კვირიკაშვილის გადადგომა არ მიმაჩნდა პოლიტიკურად გამართლებულად, რადგანაც მას შემდეგ რაც სარალიძე-მაჩალიკაშვილის სამართლიან საპროტესტო აქციებს სათავეში „ნაცონალები“ და მათი სატელიტი პარტიები მოექცნენ, ჩაითვლებოდა, რომ კვირიკაშვილის მთავრობა, სწორედ „ნაციონალებმა“ გადააყენეს, რასაც ისინი ამაყად იბრალებენ კიდეც.

სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზეზით „ოცნებამ“ ბატონ კვირიკაშვილის გადაყენების საფუძვლად სოციალური და ეკონომიკური პრობლემები მოიმიზეზა, რითაც გაემიჯნა ზემოხსენებული საპროტესტო აქციების მოთხოვნებს.

– დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომა კარგა ხანია იგეგმებოდა, უკავშირდებოდა არა სოციალურ სფეროში გამწვავებულ პრობლემებსა და მთავრობის მიერ ეკონომიკურ პოლიტიკაში დაშვებულ შეცდომებს, არამედ მმართველ გუნდში გარკვეულ დაპირისპირებას.
ახლა დაპირისპირების რეალურ მიზეზებზე ნაკლებად საუბრობენ, მაგრამ საინტერესო იქნებოდა მოგვესმინა თქვენი პასუხი კვირიკაშვილის პრემიერობის შეფასებაზე და რა შეიძლება ყოფილიყო სამთავრობო გუნდში დაპირისპირების სავარაუდო მიზეზი?

– როგორც „ქართული ოცნების“ დახურული სხდომებიდან გამოჟონილი ინფორმაცია ადასტურებს, თურმე ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბოლო სამი თვეა ყოველდღე ელოდებოდა ბატონ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას… ამ თვალსაზრისით ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი უფრო ღირსეულად მოიქცა, ვიდრე ბატონი კვირიკაშვილი, რადგანაც მან არ ივაჭრა და არც გააჯანჯლა გადადგომა, როცა მას ეს მოსთხოვეს.

ბატონმა კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მას აქვს უთანხმოება „ოცნების“ გუნდთან. ამ შემთხვევაში აუცილებელია მან გამოიჩინოს თანმიმდევრულობა და გამოვიდეს „ოცნების“ პარტიის პოლიტიკური საბჭოდან, თუმცა სულაც არ გამიკვირდება, რომ მან ეს თავად არც გააკეთოს, თუ პარტიის თავმჯდომარემ არ აიძულა…

რაც შეეხება ბატონ კვირიკაშვილის გამოსამშვიდობებელ განცხადებას, მან მისი მთავრობის მიერ გატარებული ე.წ. რეფორმები მემარჯვენეობად შეაფასა. ეს ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია, რადგანაც ეკონომიკის უცოდინრობა სულაც არ არის მემარჯვენეობა.

ის, რომ მან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა თავისი სამინისტროს შენობა გაყიდა და დღემდე სამინისტრო ფართს ქირაობს სხვადასხვა შენობაში, ეს რა მემარჯვენეობაა? ეს არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე მაღალი თანამდებობის პირის ბრიყვული გადაწყვეტილებაა და მეტი არაფერი. ხოლო ოთხპუნქტიანი გეგმა პრიმიტივიზმის სიმბოლოა, რაც თქვენი საინფორმაციო სააგენტოს დახმარებითაც არაერთხელ დეტალურად გამირჩევია…

– ბიზნესმენთა საკმაოდ დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ კვირიკაშვილის მთავრობა არ იყო ორიენტირებული ადგილობრივი მრეწველობისა და შესაბამისად, დასაქმების სტიმულირებაზე.

მათივე აზრით, „ოცნებამ“ და შესაბამისად კვირიკაშვილმა ხელი შეუწყვეს წურბელა მიკროსაფინანსოების აღზევებას და მეწარმეებისა და ადგილობრივი მეურნეობის სტიმულირების მაგივრად, იმპორტიორთა მხარდაჭერას. მათივე მტკიცებით, პრაქტიკულად ხელისუფლება ისეთივე ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებდა, როგორც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება.

რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ბიზნესმენთა საკმაოდ დიდი ნაწილის პრეტენზიები კვირიკაშვილის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ?

– მე ამ პრეტენზიების სულაც არ მიკვირს. კვირიკაშვილმა ”ღირსეულად” გააგრძელა „ნაცების“ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელმაც ქვეყანაში შექმნა ეკონომიკის მომხმარებლური მოდელი.

– პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში მამუკა ბახტაძემ თავის პირველ საჯარო გამოსვლისას თავისივე სამომავლო გეგმებზე საკმაოდ გააზრებულ და კონკრეტულ თემებზე ისაუბრა. მის მოკლე გამოსვლაში იგი საკმაოდ ბევრ თემებს შეეხო. თქვენ როგორ შეაფასებდით ზოგადად ბახტაძე-ივანიშვილის ახალ ეკონომიკურ გეგმებს?

– ჯერჯერობით რამე სერიოზული შეფასების გაკეთება ნაადრევია. ბატონი ბახტაძის გამოსვლა მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დაასახელეს იყო მოკლე და უფრო ემოციური, ვიდრე პრემიერის საპროგრამო სიტყვა.
ნუ ვიჩქარებთ, ვნახოთ ვის დაასახელებს ეკონომიკურ გუნდში, რამდენად იქნებიან ისინი პროფესიონალები და რა პროგრამას წარუდგენენ პარლამენტს. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი მეტ-ნაკლებად სერიოზული დასვნის გამოტანა…

– პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ახალი მთავრობა ეკონომიკის სფეროში გეგმავს ახალი ეკონომიკური მოდელისა და ახალი სამართლიანი თამაშის წესების ჩამოყალიბებას.
ფინანსთა მინისტრის პოსტის დაკავებისთანავე ბახტაძე საინტერესო ინციატივებს აჟღერებდა, ამ თვალსაზრისით, მან რაღაცის მიღწევა შეძლო კიდეც. მაგრამ, თქვენი აზრით, რა ახალ ეკონომიკურ მოდელზე, ახალ და სამართლიანი თამაშის წესებზე შეიძლება იყოს საუბარი?

– კიდევ კარგი, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რის გამოც ბრიუსელი არ აძლევს საქართველოს მთავრობას იმაზე მეტი შეცდომის დაშვებას, ვიდრე უშვებს.

ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა, მაგრამ ეკონომიკურად ეს ნიშნავს, რომ საქართველოში უნდა შეიქმნას ევროკავშირისთვის დამახასიათებელი ქვეყნის ეკონომიკური მოწყობა. ევროკავშირის ერთიანი ეკონომიკური მოდელი კი უბრალოდ არ არსებობს. არსებობს ევროკავშირის ეკონომიკურ მოდელთა ნაირსახეობათა ჩარჩო და ამ ჩარჩოს თბილისი ვერ გაექცევა, თუ კი ევროპული სახელმწიფოს აშენება უნდა.

სხვა სიტყვებით, ფინეთიც და კვიპროსიც ევროკავშირის ქვეყნებია, ისევე როგორც მალტაც და დანიაც, ან პორტუგალიაც და ავსტრიაც. საკითხავია, ჩვენ რა გვინდა ან რა უნდა გვერჩივნოს?

თუ ამ საკითხებზე იქნება ბატონი ბახტაძის მთავრობის ეკონომიკური გუნდის მუშაობა, მე ამას მივესალმები, და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ეკონომისტთა მნიშვნელოვანი გუნდი გამოთქვამს მზაობას ითანამშრომლოს ახალ პრემიერ-მინისტრთან მასთან შექმნილი ეკონომიკური საბჭოს ფორმატში.

მომავალ პრემიერ-მინისტრს ვურჩევ შექმნას ეკონომიკური საბჭო, რომელიც იქნება მისი სათათბირო ორგანო, რომელშიც შევლენ მხოლოდ ეკონომისტები და არ იქნებიან მთავრობის წევრები. ამგვარი მოდელი კარგადაა აპრობირებული აშშ-ში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

– ვითარებაში, როცა ჩვენში ეკონომიკის არა მარტო მნიშვნელოვანი სფეროებია თითქმის მონოპოლიზირებული, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საქმიანობა იმის გამო უჭირთ, რომ ბანკები საქართველოს ეკონომიკურ და ფინანსურ ბაზარზე ყველაზე ძლიერი მოთამაშეები არიან, თავად აქვთ ბიზნეს-საქმიანობის უფლება და შესაბამისი საშუალებები სხვა ბიზნესი არა მარტო არ დააფინანსონ, არამედ მათზე დამოკიდებული გახადონ, არ აწყობთ ამავე ბაზარზე სხვა ძლიერი მოთამაშეების გამოჩენა, ძნელი წარმოსადგენია, რომ „ყველა ოჯახს შეეხოს სამართლიანი თამაშის წესები“, რომელსაც პრემიერობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე იძლევა.

ფინანსთა მინისტრობისას მამუკა ბახტაძეს ჰქონდა ბანკების ზომიერად შეზღუდვის მცდელობები და ამ თვალსაზრისით მას რაღაც გამოუვიდა, რაღაც – არა. თქვენი დაკვირვებით, რამდენად რეალისტური და განხორციელებადია ის დაპირებები, რომელზეც დღეს პრემიერობის კანდიდატი ბახტაძე საუბრობს?

– ფინანსთა მინისტრის პოსტზე ბატონმა მამუკა ბახტაძემ სამართლიანად გააკეთა აქცენტი საბანკო სექტორში არსებულ ანომალიებზე, როცა ბანკები არნახული ტემპებით მდიდრდებიან, პრობლემური ვალების კატასტროფული ზრდის და ხალხის გაღატაკების ხარჯზე.

ეს თემა, უმთავრესად ეროვნული ბანკის კომპეტენციაა, თუმცა, როცა მისი დღევანდელი ხელმძღვანელობა აშკარად უუნაროა, ბატონი ბახტაძის ინიციატივებმა გარკვეული მხარდაჭერა მოიპოვა ხალხში. პრემიერის პოსტზე ბახტაძეს ბევრად მეტი შესაძლებლობა ექნება, რომ მიხედოს ქვეყნის ეკონომიკის რელური სექტორის განვითარებას და საბანკო სექტორის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას.

– თუ მათი გეგმები რეალისტური და განხორციელებადია, თქვენ რას ურჩევდით მათ იმისათვის, რომ ის, რაზეც პრემიერობის კანდიდატმა უკვე გააჟღერა, რაც შეიძლება მცირე დროში განხორციელდეს?

– ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვის მოიყვანს ის ეკონომიკური პროფილის სამინისტროების ხელმძღვანელებად – მენეჯერებს თუ პროფესიონალ ეკონომისტებს.

თუ ბატონმა ბახტაძემ ორიენტაცია კვლავ მენეჯერებზე აიღო, მაშინ, სამწუხაროდ, ქვეყნის ეკონომიკას არაფერი ეშველება… ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ მენეჯერის ადგილი ბიზნესშია და არა მთავრობაში.

– პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სახელისუფლებო სტუქტურები შესამცირებელია, ისინი უნდა იყოს მცირე და ეფექტიანი. სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში ამას წინათ განხორციელდა, მაგრამ რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ამჯერად ახალმა პრემიერმა პარლამენტს სამთავრობო ცვლილებების საკმაოდ დიდი შემცირება შესთავაზოს?

– მცირე ზომის მთავრობის მიზნად დასახვა გაუმართლებელია. მთავრობა უნდა იყოს იმ ზომის, რომელიც ყველაზე უკეთ მოემსახურება ეკონომიკის იმ მოდელს, რომელიც იქნება შერჩეული საქართველოსთვის.
სასწრაფოდ დასაშლელია ეკონომიკური უვიცობის ინსტიტუციური სიმბოლო – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ამ ორი დარგის ერთ ინსტიტუციაში გაერთიანება ინტერესთა კონფლიქტის თვალსაჩინო მაგალითია და ეს კვირიკაშვილისეული შეცდომა სასწრაფოდ გამოსასწორებელია.

– ალბათ მამუკა ბახტაძე იქნება ქვეყნის პირველი პრემიერი, რომელიც განათლების რეფორმას ერთ-ერთ ყველაზე მაღალ პრიორიტეტად ასახელებს, რაც უდავოდ მისასალმებელია. გაქვთ მოლოდინი, რომ განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი და სერიოზული რეფორმები გატარდება?

– ბატონი მამუკას ამ განცხადებას მივესალმები. თუ ის გადავა სახელმწიფო უნივერსიტეტების საბიუჯეტო დაფინანსებაზე, თუ ის ჯეროვან ყურადღებას მიაქცევს მეცნიერების განვითარებას, მაშინ დავიჯერებ, რომ მისი მზაობა განათლების სიტემის გაუმჯობესებაზე სერიოზულია.

– ოპოზიცია მოითხოვს მთავრობის ახალ შემადგენლობაში არ მოხვდეს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. თუ ამ თემაზე მმართველი გუნდის განცხადებებს გავითვალისწინებთ, წულუკიანის გაშვება არ იგეგმება.

ბევრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას თუ სურს მართლმსაჯულების სფეროში რეალური ცვლილებების განხორციელება, წულუკიანმა მინისტრის პოსტი არ უნდა შეინარჩუნოს, თქვენც ასე ფიქრობთ? 

– მე პირადად ქალბატონ წულუკიანს დიდ პატივს ვცემ, რადგანაც, როცა კვირიკაშვილის ფავორიტი მინისტრი მთხოვდა მთავრობისთვის როგორც რექტორს დამეთმო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ობიექტი, სწორედ ქალბატონი წულუკიანი დაუდგა თსუ-ს გვერდზე და დამეხმარა, რომ უნივერსიტეტი მთავრობის ქონებრივი ამბიციებისაგან დამეცვა. მე, როგორც ყოფილი რექტორი, მას ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი. ეს უნივერსიტეტელებმაც უნდა იცოდნენ…

ამასთან ერთად მინდა საზოგადოებას შევახსენო ედუარდ შევარდნაძის იუსტიციის მინისტრის, ბატონი ჯონი ხეცურიანის საქციელი, როცა ციხიდან გაიქცა პატიმართა დიდი ჯგუფი. ამ დროს პენიტენციური სამსახური შედიოდა იუსტიციის სამინისტროში. არავის მოუთხოვია ჯონი ხეცურიანისთვის გადადგომა, მაგრამ პატიმრების გაქცევიდან მესამე დღეს მან თავის თავზე აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგა. სამწუხაროა, რომ ეს მაგალითი არაერთი ქართველი პოლიტიკოსისთვის მისაბაძი ვერ გახდა…

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

Share