Home » საზოგადოება » “დღეს დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირება კავკასიაში სომხეთში მიმდინარეობს”
"დღეს დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირება კავკასიაში სომხეთში მიმდინარეობს"

“დღეს დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირება კავკასიაში სომხეთში მიმდინარეობს”

“სარგსიანის გადადგომით სომხეთში ყველაფერი მხოლოდ იწყება” – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, სადაც ის სომხეთში მიმდინარე მოვლენებეს ეხმაურება.

“ბანკები და ფინანსები” პოსტს უცლველად გთავაზობთ:

“სარგსიანის გადადგომით სომხეთში ყველაფერი მხოლოდ იწყება

ახლა ბევრს საუბრობენ სომხეთში ,,ხავერდოვანი რევოლუციის“ შესახებ. ვფიქრობ, ასეთი შეფასება, ყოველ შემთხვევაში, ჯერ–ჯერობით გადაჭარბებულია. თუ ეს რევოლუციაა, უნდა დავსვათ კითხვა, რას ისახავდა ის მიზნად? ცხადია, სოციალური ვითარების გამოსწორებას, ახალი ძალის მოსვლას ხელისუფლებაში და საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლას. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება აქამდე მომხდარს რევოლუცია ეწოდოს.

მივყვეთ თანმიმდევრობით. საგარეო პოლიტიკური ვექტორი და რუსეთის ორბიტიდან სომხეთის დასავლეთის ორბიტაზე გადანაცვლების თაობაზე საპროტესტო აქციების ხელმძღვანელებს არცერთი განცხადება არ გაუკეთებიათ, სოციალური ვითარება ცხადია მოკლე დროში ვერ გაუმჯობესდება, ხოლო ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლა ხელისუფლებაში სადღეისოდ ფაქტი არ არის. სერჟ სარგსიანი პრემიერის პოსტიდან გადადგა და ავტომატურად წავიდა კიდეც პოლიტიკიდან, მაგრამ პარლამენტში მის მიერ კონტროლირებად რესპუბლიკურ პარტიას და მოკავშირეებს უმრავლესობა აქვთ და თუ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნა მთავრობასაც, ბუნებრივია, ისინი დააკომპლექტებენ. სადღეისოდ პრემიერის მოვალეობას ასრულებს სარგსიანის მთავრობაში პირველი ვიცე–პრემიერი კარენ კარაპეტიანი.

საინტერესოა კარაპეტიანის ბექგრაუნდი, ის რუსული ,,გაზპრომის“ სისტემაშია დიდხანს ნამუშევარი, ხელმძღვანელობდა სომხეთის ენერგეტიკოსთა კავშირს და მუშაობდა რუსული ,,გაზპრომ–ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილედ. ეს კი, სულ მცირე, მის პრორუსულ განწყობაზე უნდა მეტყველებდეს. პრეზიდენტი საქისიანი თითქოსდა პროდასავლური განწყობების უნდა იყოს, რამდენადაც ამ საერთაშორისო მასშტაბით ავტორიტეტულ ფიზიკოსს, კემბრიჯის პროფესორის თანამდებობაც ეკავა და დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩისაც. ამდენად, ძნელი სათქმელია, რომელი ვექტორი მომხრე უფრო იქნება ბატონი სარქისიანი, მით უმეტეს მისი პოზიცია გადამწყვეტი ვერ იქნება იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის უფლებები საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად სომხეთში მნიშვნელოვნად შეიკვეცა.

აქედან მოვლენების შინაგანი ლოგიკიდან გამომდინარე, გამოსავალი ერთია – ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ასეთ ვითარებაში, ცხადია, საპროტესტო ტალღის მონაწილე პირებს და მათ მიერ მართულ პოლიტიკურ ძალებს სერიოზული უპირატესობა ექნებათ. პრემიერის პოსტზე ამ ქუჩის აქციების მონაწილეები ცალსახად უჭერენ მხარს ნიკოლ პაშინიანს. მან საპროტესტო აქციების პიკზე გააკეთა საგულისხმო განცხადება, რომ აქციის ლიდერები არც პრორუსულები არიან და არც პროდასავლურები. მას, ცხადია, თუ არ ჰქონდა წინასწარი მოლაპარაკებები რუსებთან, ამ განცხადებით მათი დაშოშმინება უნდოდა და ტაქტიკური თვალსაზრისით საკმაოდ გამჭრიახი სვლაა. თუმცა, ცხადია, სარგსიანის, ანუ რუსების ერთგული მოკავშირის მოწინააღმდეგეები უფრო პროდასავლური პოლიტიკის გატარებით დააპირებენ სოციალური და პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტას სომხეთში. ამიტომ, მთავარი აქედან იწყება – თუ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნა, ყველაფერი ძველებურად დარჩება, არც პოლიტიკური კლასი შეიცვლება და არც გავლენიანი ადამიანების პერსონალიები. თუ შეშინებული საპარლამენტო უმრავლესობა სომხეთში პაშინიანს და მის კაბინეტს დაამტკიცებს, ერთგვარი სტატუსკვო სომხურ საზოგადოებაში შენარჩუნდება, ანუ გატარდება უფრო პროდასავლური პოლიტიკა რუსულ ორბიტაზე სომხეთის დარჩენის პირობებში. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ პაშინიანის მომხრეებს არ აქვთ რუსეთის გარეშე ყარაბახის კონფლიქტის მოგვარების არანაირი გეგმა. შეძლებს კი “სომხური ლობი” აშშ–სა და საფრანგეთში რუსული ფაქტორის სრულ ჩანაცვლებას ძნელი სათქმელია.

ასე რომ, ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება მოხდეს. დღეს დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირება კავკასიაში სომხეთში მიმდინარეობს, სადაც ადრე თუ გვიან კვანძი გაიხსნება”, – წერს ბერიძე.

Share