Home » ბიზნესი » დეველოპერული ბიზნესი სულს ღაფავს
დეველოპერული ბიზნესი სულს ღაფავს

დეველოპერული ბიზნესი სულს ღაფავს

დეველოპერული ბიზნესი სულს ღაფავს

2019 წლიდან გამკაცრებული საბანკო რეგულაციების პარალელურად, სამშენებლო სექტორს რეგულაციები და ნებართვების გართულებული გაცემა დამატებით თავის ტკივილად ექცა. სექტორი, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე მზარდი იყო ბოლო წლების განმავლობაში, მის წინაშე წარმოქმნილ პრობლემებს აშკარად ვეღარ ერევა.

ახალი სამშენებლო და საბანკო რეგულაციებიდან მალევე, 2019 წლის პირველი კვარტალში, სამშენებლო სექტორი ყველა ძირითადი პარამეტრით შემცირდა, მათ შორის დასაქმებულთა რაოდენობა და სექტორის ბრუნვაც. ჯამში კლებამ 9.6% შეადგინა. რაც შეეხება მეორე კვარტალს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში მშენებლობის სექტორი 4.6%-ითაა შემცირებული.

მაშინ, როცა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4.5%-ს შეადგენდა, კლება დაფიქსირდა განათლების, სამთომოპოვებითი მრეწველობის, მშენებლობისა და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში.

2017-2018 წლებში სექტორი საშუალოდ, 22 პროცენტით იზრდებოდა, სულ 2014-2017 წლებში სექტორი 57%-ით გაიზარდა, წელს ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ ბევრად ნაკლები იქნება. 2019 წლის პირველ ნახევარში სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ჯამურად 4 ათასი ადამიანით არის შემცირებული.

ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით , საკმაოდ შემცირებულია უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა. 2019 წლის პირველ ორ თვეში ჯამში დარეგისტრირებულია 115 825 ბინა, მაშინ, როდესაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში 154 405 ბინა იყო რეგისტრირებული – კლება დაახლოებით 25% შეადგენს.

მნიშვნელოვნადაა შემცირებული ინვესტიციების რაოდენობა სამშენებლო სექტორში, რასაც თიბისი ბანკისა და თიბისი კაპიტალის მიერ დაარსებული ანალიტიკური ცენტრის, TBC RESEARCH-ის კვლევაც ადასტურებს.

TBC RESEARCH-ის ინფორმაციით მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი, მოჭარბებული ფინანსური და სამშენებლო რეგულაციებია.

“პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება ფინანსურ სექტორში, განსაკუთრებით საბანკო და უძრავი ქონების სფეროში, სესხებისა და მშენებლობის ნებართვების გართულებული გაცემით არის გამოწვეული”, _ აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, ბოლო ოთხ ფინანსური კვარტალში ყველაზე მეტად ინვესტიციები საფინანსო და სამშენებლო სექტორებში შემცირდა.

საფინანსო სექტორი _ 283 მილიონი დოლარი; სამშენებლო სექტორი _ 220 მილიონი დოლარი; ტრანსპორტი და კომუნიკაციები _ 185 მილიონი დოლარი;

კვლევის მიხედვით 2019 წლის პირველ ნახევარში არარეზიდენტი პირების მიერ შეძენილი ქონების წილი, ჯამურად გაყიდულ უძრავ ქონებაში 13%-დან 8%-მდე შემცირდა. ამ კლების მთავარ მიზეზად, ირანიდან მოთხოვნის შემცირება სახელდება. ირანიდან საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ინტერესის კლების გამო, მხოლოდ თბილისში სამშენებლო სექტორმა დაახლოებით 80 მილიონ დოლარით იზარალა.

მაშინ, როდესაც სამშენებლო სექტორში ასეთი რთული ვითარებაა, პარლამენტი და თბილისის მერია კიდევ დამატებით რეგულაციებს უმზადებს სამშენებლო სექტორს, რაც სავარაუდოდ კიდევ უფრო დაამძიმებს არსებულ რეალობას.

საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი შეიცავს ცვლილებებს, რომელიც ახალი ე.წ. მშენებლობის კოდექსის ამოქმედებასთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ, 2019 წლის 3 ივნისს უნდა ამოქმედდეს. პროექტით კი, თბილისის მერიისთვის ამჟამად მოქმედი რეგულაციები უნდა შენარჩუნდეს და ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში და პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსში ცვლილებების ამოქმედდება 2020 წლის სექტემბრისათვის გადავადდეს. ამასთან, ახალი ინიციატივით, განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომლებიც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეგულირებად საკითხებს მოიცავს, იურიდიულ ძალას 2025 წლის 1-ელ იანვრამდე ინარჩუნებს.

გიორგი რანი

Share