Home » ეკონომიკა » “დეფიციტი, რომელიც საქართველოს გააჩნია, 2003 წლიდან ყოველთვის, “გაზპრომის” მოწოდებული გაზით ივსებოდა”
"დეფიციტი, რომელიც საქართველოს გააჩნია, 2003 წლიდან ყოველთვის, "გაზპრომის" მოწოდებული გაზით ივსებოდა"

“დეფიციტი, რომელიც საქართველოს გააჩნია, 2003 წლიდან ყოველთვის, “გაზპრომის” მოწოდებული გაზით ივსებოდა”

დეფიციტი, რომელიც საქართველოს გააჩნია, 2003 წლიდან მოყოლებული, ყოველთვის, “გაზპრომის” მიერ მოწოდებული გაზის მეშვეობით ივსებოდა, – ამის შესახებ  უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ დეპუტატ თამარ კორძაიას ინფორმაციის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ამბობს, რომ ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გუშინ გაჟღერებული ინფორმაცია, “გაზპრომთან” დაკავშირებით “რესპუბლიკელებისთვის” მოწოდებულ პასუხს არ შეესაბამება.

ვოლსკის თქმით, “ხშირ შემთხვევაში საუბრის დეტალები დაფარულია და შეიძლება ეს გარკვეულ წერილებში სრულად არ აისახოს”. დეპუტატის ინფორმაციით, “გაზპრომთან” მოლაპარაკების საგანია ის, რომ რუსეთი აყენებს, ტრანზიტული გაზის 10%-ის, რომელსაც საქართველო სომხეთისათვის გაზის მიწოდებაში იღებს, ფინანსური ანაზღაურებით შეცვლის საკითხს, ხოლო “სოკართან” საუბარი გაზის რაოდენობასა და ფასზე მიდის.

“არ ვიცი, რა წერია ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან “რესპუბლიკელებისადმი” გაგზავნილ პასუხში. რეალობა არის ის, რომ 2003 წლიდან მოყოლებული, დეფიციტი, რომელიც საქართველოს გააჩნია, ყოველთვის ივსებოდა “გაზპრომის” მიერ მოწოდებული გაზის მეშვეობით – ეს იყო სხვადასხვა რაოდენობით. 2013 წლისათვის ასეთი დეფიციტი საერთოდ არ ყოფილა და შევსების აუცილებლობაც არ იყო. რაც შეეხება “სოკარს”, მას შესაძლოა გააჩნია მთელი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, მაგრამ კონტრაქტი, რომელიც “სოკარსა” და საქართველოს შორის არის გაფორმებული, ამ დეფიციტის რაოდენობას ვერ ავსებს. არ ვიცი, როგორ დამთავრდება მოლაპარაკებების შედეგები – რაოდენობა ერთი საკითხია, მეორე საკითხია – ფასი. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ კერი აღნიშნავს, საქართველომ თავისი ენერგობაზარი უნდა დაიცვას როგორც მონოპოლიისგან, ასევე ფასების დაუსაბუთებელი ზრდისგან. დეტალებზე მოლაპარაკება ენერგეტიკის სამინისტროს მიჰყავს. ხშირ შემთხვევაში საუბრის დეტალები დაფარულია და შეიძლება ეს გარკვეულ წერილებში სრულად არ იყოს ასახული”,

– განაცხადა გია ვოლსკიმ.

დეპუტატ თამარ კორძაიას თქმით, ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გუშინ გაჟღერებული ინფორმაცია, არ შეესაბამება ფრაქცია “რესპუბლიკელებისთვის” 2015 წლის 30 ოქტომბერს მოწოდებულ პასუხს “გაზპრომთან” დაკავშირებით”.

“ჩვენ გვაინტერესებდა, იზრდება თუ არა რუსული გაზის მიწოდება საქართველოში, თუ იზრდება რა სეგმენტზე. ეს არის სოციალური გაზი თუ კომერციული მიწოდება, ასევე თუ იზრდება გათვლილია თუ არა პოლიტიკური რისკები, რომელიც შეიძლება “გაზპრომთან” ურთიერთობას მოყვეს. გუშინ გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება ჩვენთვის 30 ოქტომბერს მოწოდებულ პასუხებს. ამ პასუხებში მითითებულია, რომ სოციალური სეგმენტის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით “სოკართან” გაფორმებულია გრძელვადიანი ხელშეკრულება, 2009 წლიდან. სახელმწიფო “გაზპორმიდან” კომერციული სექტორისათვის ამ ეტაპზე არ გეგმავს ბუნებრივი აირის შესყიდვას, რადგან კომერციული სექტორი დერეგულირებულია და კომერციულ მომხმარებლებს აქვს შესაძლებობა, თავად აირჩიონ მომწოდებელი. შესაბამისად, ამ პასუხში ჩანს, რომ არც სოციალურ გაზზე და არც კომერციულ გაზზე არ იგეგმებოდა გაზრდა რუსეთიდან გაზის ექსპორტის. გუშინ კიდევ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ უნდა გაიზარდოს იმ დეფიციტის შესავსებად რაც აქვს საქართველოს”,

– განაცხადა თამარ კორძაიამ.

მისივე თქმით, საჭიროა დასაბუთება, თუ რომელ სეგმენტზე გაიზარდა მოთხოვნა და რა შეიცვალა ამ ორი თვის განმავლობაში ისე, რომ პირობები შეიცვალა. კორძაიას თქმით, “რესპუბლიკელებისთვის” ასევე მნიშვნელოვანია, გათვლილი იყო თუ არა პოლიტიკური ფასი ამ ურთიერთობების გაღრმავების და გაზის მოწოდების გაზრდის შემთხვევაში.

“როდესაც ჩვენ ასეთი კითხვით მივმართეთ ენერგეტიკის სამინისტროს, პასუხი იყო ასეთი, რომ იმის გათვალისწინებით, რომ არ იგეგმება ამ ეტაპზე სახელმწიფოს მიერ “გაზპრომიდან” კომერციული გაზის შესყიდვა, პოლიტიკური რისკების მონეტიზაციის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ორი თვის წინ პოლიტიკური რისკების მონეტიზაცია არ ხდებოდა, ჩვენ გვაინტერესებს ამ ორი თვის განმავლობაში რადგან ვითარება შეიცვალა, მოხდა თუ არა და დაიწყო თუ არა პოლიტიკური რისკების მონეტიზაცია და ასევე გვაინტერესებს რა მოხდა ისეთი, რომ ორი თვის განმავლობაში ამ წერილის შინაარსი შეიცვალა”,

– განაცხადა თამარ კორძაიამ.

Share