Home » ეკონომიკა » დასაქმების ახალი სქემა – “ევროპული ოცნება” რეალური ხდება
დასაქმების ახალი სქემა - "ევროპული ოცნება" რეალური ხდება

დასაქმების ახალი სქემა – “ევროპული ოცნება” რეალური ხდება

მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს სამუშაოს საძებნელად ევროპაში წასვლისკენ უბიძგებს

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემად სამუშაო ადგილების შექმნა რჩება. თითქმის ყველა გამოკითხვის შედეგად, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ოკუპაციის შემდეგ ქვეყნის მთავარ გამოწვევად, დასაქმების საკითხს ასახელებს. ამ კუთხით, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული ტიპის ნაბიჯები გადაიდგა და უმუშევრობა პროცენტულ გამოხატულებაში მართლაც შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.1 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია.

უფრო კონკრეტულად რომ გავაცნობიეროთ უმუშევრობის დონის კლება, საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს უნდა შევხედოთ ციფრებს მიღმა, რითაც დგინდება, რომ 2019 წლის III კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 62.5 პროცენტი შეადგინა.

კერძოდ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.8 და 0.9 პროცენტული პუნქტით, ანუ ის მოქალაქეების საერთო რაოდენობა, ვინც სამსახურს ეძებს შემცირებულია ზემოაღნიშნული რაოდენობით.

ამასთან, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული მათი რაოდენობა, ვინც დაქირავებით არის დასაქმებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში რაიმე გარდამტეხი ეკონომიკური ძვრები არ მომხდარა და უმუშევრობის დონის მსგავსი შემცირება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირებას უნდა მივაწეროთ.

აღსანიშნავია, რომ “რიცხვებით ჟონგრილების” მსგავსი ტენდენცია 2018 წელსაც ფისქირდებოდა უმუშევრობის შემცირების კონტექსტში. 2018 წელს დაფიქსირებული უმუშევრობის დონის მაჩვენებელი ბოლო 15 წლის ისტორიულ მინიმუმი იყო და ის 12.7 პროცენტი შეადგინა. თუმცა, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა 2018 წელსაც დაღმავალი ტრენდით გამოირჩეოდა. ასე მაგალითად, 2017 წელს საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 1 მილიონ 983.1 ათას ადამიანს შეადგენდა, ხოლო თუ ამავე მაჩვენებელს 2018 წლის ჭრილში გადავხედავთ, დავინახავთ რომ 2018 წელს საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია და ის 1 მილიონ 694.2 ათას ადამიანს შეადგენს. ანუ, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 12 400 ადამიანით არის შემცირებული.

დასაქმების საკითხთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, 27 ნოემბერს, ტელე “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ 2-3 წელში, საქართველოს მოქალაქეებს (აქ უმუშევრად დარჩენილებსაც და არალეგალურ შრომით მიგრაციაში მყოფებსაც (სულ, მისივე დათვლით, დაახლოებით, 2 მილიონამდე ადამიანს), შეეძლებათ ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად (მისივე სიტყვით, “ღირსეულად”) დასაქმება. ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა “მუშაობს ცალკეულ ქვეყნებთან (გერმანია, პოლონეთი, ისრაელი…) შეთანხმებების გაფორმებაზე”.

ამისათვის, ივანიშვილის სქემით: საქართველოს ყველა კუთხეში უნდა გაიხსნას პროფესიული სასწავლებლები, სადაც უფასოდ გადამზადდებიან სპეციალისტები ევროპული შრომითი ბაზრებისთვის; ისინი შეძლებენ ლეგალურად დასაქმდნენ ევროკავშირის ქვეყნებში, მსგავსად პოლონეთის, ბალტიისპირეთის თუ ბულგარეთის მოქალაქეებისა; საქართველოს მთავრობა კი გაზრდის იაფი რეისების სუბსიდირებას (ქუთაისის აეროპორტის ფრენები) იმისათვის, რომ, მაგალითად, პარიზში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს თვეში ერთხელ მაინც (ივანიშვილის თქმით, 35 ევროდ) შეეძლოთ სამშობლოში ჩამოფრენა და ოჯახის მონახულება.

ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებთან ვაფორმებთ კონტრაქტებს საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასასაქმებლად, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა.

“რეალობიდან უნდა გამოვიდეთ და არა ეიფორიულად ვიძახოთ, რომ ჩვენ უმუშევრობას აღმოვფხვრით, ჩვენ ყველას დავასაქმებთ, რომ ჩვენ დავაბრუნებთ ემიგრანტებს. მუდმივად ვამბობთ, ეს არ არის მარტივი პროცესი. საშუალოდ, რამდენიც გასულია – საშუალოდ მილიონ-ნახევარი და შიგნით უმუშევარი რაცაა, დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი მოითვლება. კარგი ეკონომიკის პირობებში და კარგი კოორდინაციის შემთხვევაში, საშუალოდ 50 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიძლება, შექმნას საქართველომ. აბა, ნახეთ რამდენი წელიწადია ის ორი მილიონი და 50 000, ესე იგი, ათწლეულები სჭირდება ამას, რომ ჩვენ ყველანი დავასაქმოთ საკუთარ სამშობლოში”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა საზღვარგარეთ არალეგალურად მუშაობს და

“ბუნებრივად რაც მოხდა და რაც განვითარდა, უამრავი ქართველი დღეს საშოვარზეა გადაგებული საზღვარგარეთ, იქ მუშაობს და ძირითადად, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის დასაქმებული არალეგალურად. ჩემი ინიციატივა იყო მამუკა ბახტაძესთან ერთად და მას განვიხილავდით სპეციალურად, გუნდიც ჩამოვაყალიბეთ. ჩვენ შეგვიძლია და რამდენიმე თვეა, უკვე აქტიურად ვმუშაობთ ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებთან, როგორც სახელმწიფო ვაფორმებთ კონტრაქტებს და მივდივართ ამაზე, რომ შევავსოთ ის დეფიციტი, რაც ევროპელებს აქვთ. ევროპელებს აქვთ სამუშაო ადგილები, აკლიათ სამუშაო ძალა, ჩვენ არ გვაქვს სამუშაო ადგილები, ეს არის ჩვენი ძირითადი პრობლემა. ახლა განმარტება დამჭირდება, აგიხსნით, რა ხდება რეალურად. გაიხსენეთ პოლონეთი, ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა, გაიხსენეთ ბულგარეთი, ასეთივე დაცლილია, როგორც საქართველო. პოლიტიკოსები რა თქმა უნდა, ამას განიცდიან და თვითონაც ცდილობენ, რომ ეკონომიკა დააწიონ ამ პრობლემებს. სადაც მაღალი ხელფასია, იქ გადაედინება მუშახელი, მაგრამ ცივილიზებულად ხდება, ისინი არ არიან ღირსებაშელახულები – ლიეტუველი რომ მიდის, ვთქვათ, გერმანიაში სამუშაოდ, ჯდება ტრანსპორტზე და ბრუნდება უკან, როცა უნდა, მოწყვეტილი არ არის სამშობლოს. ჩვენი რეალობიდან გამოსული, თავის დროზე ჩვენც პოლიტიკური განცხადებები გაგვიკეთებია, რომ დაიცალა ქვეყანა და ამას მივაწერდით პოლიტიკურ გუნდს. დღეს ისინი აკეთებენ განცხადებებს და მოგვაწერენ ჩვენ, რომ იცლება ქვეყანა და ტენდენცია იზრდება გამსვლელების. ტენდენცია არ იზრდება. თუ გინდათ რეალური სტატისტიკა, რაც დიდად საამაყო არ არის, რომ ნახოთ, უფრო მეტი გაედინებოდა, რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობის” დროს, ნაკლები გაედინება დღეს, მაგრამ ამას არ ვთვლი ჩვენს დამსახურებად. შეიძლება, ჩვენი დამსახურების რაღაც ნაწილი იყოს უფრო აქტიური, ვინც იყო, მათ დროს დაიწყეს გადინება და ეს გადინების პროცესი პრინციპში დასრულებულია. ახლა ბალანსი ცოტაღა დარჩა, ვინც უფრო აქტიური იყო, ადრე გაედინებოდა. პრობლემა რაშია, რომ ისინი არალეგალურად არიან დასაქმებულები, აბსოლუტური უმრავლესობა. შესაბამისად, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ ნათესავებთან და ოჯახებთან ურთიერთობის პრობლემაა და ღირსებაშელახულები შეიძლება, დავარქვათ. ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიურად, რამდენიმე ასეულს უკვე ლეგალურად გერმანიასთან, შეიძლება, რამდენიმე ასეული უკვე შემდეგ გაზაფხულზე მოვახერხოთ და გავუშვათ სეზონურ სამუშაოზე. ორ-სამ წელიწადში პრინციპში ეს არის დალაგებადი, რომ ჩვენ ხელშეკრულებები გავაფორმოთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, განათლების რეფორმის ფარგლებში იგეგმება მრავალი პროფესიული სასწავლებლის გახსნა საქართველოს ყველა კუთხეში, რათა ხალხის გადამზადება მოხდეს.

“რომ იცოდეთ, ბევრი მიმართულებით ჩვენ შიგნით აღარ გვყოფნის სამუშაო ძალა. და რაც მთავარია, ის ყველაზე დიდი რესურსი, რაც არის გარეთ გასული და რომლებიც არიან არალეგალურად დასაქმებული, თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ გერმანიასთან, საფრანგეთთან და სხვა განვითარებულ ქვეყნებთან, სკანდინავიის ქვეყნები უფრო რთულია, მაგრამ იქ კიდევ უფრო მაღალია ანაზღაურება, ხელფასები, ისრაელთანაც ამას ვახერხებთ ლეგალურად, გადავამზადებთ პროფესიებს აქ ჩვენს სასწავლებლებში უფასოდ და რაც სჭირდებათ ზუსტად, მინიმალური ენაც ორ-სამ თვეში და მივავლენთ სამუშაოდ. დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ იაფი რეისები, რაც დღეს ქუთაისიდან არის, ამას მთავრობა ასუბსიდირებს. გავზრდით ამ ნაწილს, 30-35 ევროდ შეიძლება, პარიზიდან ჩამოხვიდე თბილისში, ქუთაისში და აღდგება ის, რაც დღეს არის დანგრეული და რაც ასე აწუხებთ ჩვენს მოქალაქეებს. ჯერ ღირსეულად ჩავა, იქ, როგორც გერმანელი, ისევე დასაქმდება, არავის დაემალება, ფარული არ ექნება და მოპარული, გაფორმებული იქნება კონტრაქტი და დასაქმდება აბსოლუტურად ფორმალურად. იაფი რეისებით თუ კვირაში ერთხელ არა, კვირაში ორჯერ, თვეში ორჯერ და ერთხელ მაინც მინიმუმ თავისუფლად შეეძლება, ჩამოვიდეს და ნახოს თავისი ოჯახი, მოეფეროს თავის საყვარელ სამშობლოს. რეალობა ესაა, ორ მილიონ სამუშაო ადგილს ვერც ათ წელიწადში და ვერც ორ წელიწადში საქართველოში ვერანაირი ეკონომიკა ვერ შექმნის. ამიტომ სპეკულაციებს თავი უნდა დავანებოთ, მაგრამ ხალხს ღირსება დავუბრუნოთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ნათია წიკლაური

Share