Home » საზოგადოება » დაიჭერენ თუ არა კვირიკაშვილს
დაიჭერენ თუ არა კვირიკაშვილს

დაიჭერენ თუ არა კვირიკაშვილს

მას შემდეგ, რაც პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი თავისი მეგობარი აღარ არის და ის მწვავედაც გააკრიტიკა, მმართველი პარტიის წევრები არ გამორიცხავენ, რომ კვირიკაშვილით გამოძიებაც დაინტერესდეს. “ოცნების” დეპუტატების პასუხია, რომ “თუ კითხვები გაჩნდა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია”.

რამდენად რეალურია, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის მიმართ კითხვები გაჩნდეს – ანალიტიკოსების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ ეს რეალურია და, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის შემდეგ, პროკურატურა ყოფილი პრემიერ-მინისტრითაც აუცილებლად უნდა დაინტერესდეს.

ანაკლიის პორტი და მიწები, ჩინური ავიაკომპანიის შემოყვანა, სვანეთში ხე-ტყის უკანონო ჭრა, კორუფციული გარიგებები ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში… – ანალიტიკოსები კვირიკაშვილის მიმართ გამოძიების დაინტერესების სავარაუდო თემებზე საუბრობენ.

ზაალ ანჯაფარიძის ვარაუდით, იმდენი კომპრომატი გამოჩნდა საჯარო სივრცეში, რომ აღქმაა, კვირიკაშვილს დასაჭერადაც ამზადებდნენ.

“დარწმუნებული ვარ, პროკურატურას კვირიკაშვილის მიმართ კითხვები აუცილებლად გაუჩნდება იმიტომ, რომ კვირიკაშვილი იყო მთავრობის მეთაური და თუკი ქუმსიშვილისა და ალავიძის უწყებაში რაღაც რიგზე არ იყო და ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებებს, შეუძლებელია, კვირიკაშვილს ამის თაობაზე არ სცოდნოდა. გარდა ამისა, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, მის მიმართ სხვა საქმეებზეც შეიძლება, წარმოიშვას კითხვები… არის ბევრი საქმე, სამწუხაროდ, მამტკიცებელი დოკუმენტები ხელში არ მაქვს, მაგრამ საჯარო სივრცეში არის ინფორმაცია, როგორ ლობირებდა ის ცალკეული კომპანიების შემოსვლას საქართველოში. გარდა ამისა, ბანკების მიმართ მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება ხშირად წინააღმდეგობრივი იყო და აშკარად ატარებდა გამოხატული პროტექციონიზმის ხასიათს, რამაც შეიძლება, გარკვეული ფინანსური ზიანიც მიაყენა სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ქაღალდზე კარგად იყო გამოყვანილი”, – ამბობს ანჯაფარიძე.

მისი თქმით, კვირიკაშვილთან კითხვები არსებობს იმავე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. ასევე, ერთ-ერთი ეპიზოდია, რომ ქუმსიშვილისა და კვირიკაშვილის სურვილი იყო, “აირზენა” გაკოტრებულიყო, რისთვისაც ბაზარზე ჩინური ავიაკომპანია “მაივეი” შემოიყვანეს.

“არის სხვა ეპიზოდებიც, მაგრამ მე არც პროკურორი ვარ და არც გამომძიებელი, რომ ამაზე მტკიცებით ფორმაში ვილაპარაკო, მაგრამ კვირიკაშვილის მიმართ კითხვები ნამდვილად არის”, – ამბობს ანჯაფარიძე და დასძენს, რომ, დაგროვილი კითხვების მიუხედავად, პროკურატურა დაიბარებს თუ არა მას, ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე, რადგანაც შეიძლება, დასავლეთში ეს შეფასდეს შერჩევითი სამართლის ან პოლიტიკური დევნის გამოვლინებად.

“იმის ალბათობა, კვირიკაშვილს დაიბარებენ თუ არა, დამოკიდებულია პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, შეიძლება დაიბარონ, ან შეიძლება, ყველაფერი შემოიფარგლოს მხოლოდ ივანიშვილის კრიტიკით. თუ პროკურატურა კვირიკაშვილს დაიბარებს, მაშინ, ალბათ, საქმეს მსვლელობაც უნდა მისცეს”, – აღნიშნავს ანჯაფარიძე.

მისი თქმით, მივა თუ არა საქმე კვირიკაშვილის დაჭერამდე, “ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოიქცევა კვირიკაშვილი”.

“ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია, თუ კვირიკაშვილი გადავა ოპოზიციაში და ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმში დაიწყებს საუბარს, გამორიცხული არ არის, რომ მის მიმართ კითხვები გაჩნდეს. შეიძლება, ისიც მოხდეს, რომ კვირიკაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება არჩიოს სწორედ იმის გამო, რომ პროკურატურაში დაბარებისგან თავი დაიზღვიოს, რადგან მოქმედი პოლიტიკოსის დაბარება – ეს უკვე პოლიტიკურ დევნად ჩაითვლება”, – დასძენს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას განცხადებით, სრულებით არ არის გამორიცხული, რომ კვირიკაშვილს გამოძიების შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწიოს და, მისი თქმით, ეს აშკარად ჩანს ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებში ამჟამად მიმდინარე გამოძიებებით, სადაც ერთი მიმართულებით იკვეთება პრემიერის გულგრილობა და დაკისრებული მოვალეობის არასათანადოდ შესრულება.

“თუ გავისხენებთ იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” 2012 წელს არაერთი პერსონა მისცა სს-ის პასუხისმგებლობაში, თანამდებობის არაჯეროვნად გამოყენებისა და ცალკეული გადაცდომების გამო. არ დაგვავიწყდეს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასჯელს იხდის და პირველი ბრალდება დასაქმებასთან დაკავშირებული საქმეები იყო, სრულებითაც არ გამოვრიცხავ, რომ კვირიკაშვილს გამოძიებისთვის ცალკეულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწიოს”, – მიიჩნევს მირცხულავა და თვლის, რომ ყოველგვარ პრაგმატიზმსაა მოკლებული ხელისუფლების ოპონენტების განცხადებები, რომ კვირიკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა დაიწყო.

“ვთვლი, რომ კვირიკაშვილი აუცილებლად უნდა დაიკითხოს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც კორუფციულ გარიგებებს ეხება და არა მხოლოდ ამ საკითხებთან დაკავშირებით. მე მის ბრალეულობას ან გონივრული ეჭვის საფუძველზე სხვა სახის გადაცდომას ვხედავ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტში, ვხედავ კიდევ რამოდენიმე ქეისში და მიმაჩნია, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებითაც კვირიკაშვილმა გამოძიებას პასუხები უნდა გასცეს. გამორჩეულად ასევე ვამბობ, რომ კვირიკაშვილმა “ციანიდის საქმესთან” დაკავშირებით საზოგადოებას ღიად უნდა უთხრას, რა იგულისხმებოდა მის განცხადებაში, როდესაც თქვა, რომ სახელმწიფო დიდ ტრაგედიას გადაურჩა”, – აღნიშნავს მირცხულავა.

რამდენად შესაძლებელია, რომ კვირიკაშვილს პატიმრობაც დაემუქროს, ამ შეკითხვაზე მირცხულავა პასუხობს, რომ “მოვლენებს ნუ გავუსწრებთ”, მთავარია, რომ კითხვები დაისმება და კვირიკაშვილმა პასუხები უნდა გასცეს, ხოლო ამის შემდეგ სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ბრალის წარდგენა-არწარდგენასთან დაკავშირებით.

ანალიტიკოსის თქმით, კვირიკაშვილის მიმართ კითხვები ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებითაც შეიძლება, გაჩნდეს.

“მართალია, ხე-ტყესთან დაკავშირებით ღონისძიებები სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა, მაგრამ გარკვეული ხმაური სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოხდა და კვირიკაშვილი ამ რეგიონის გუბერნატორს მფარველობდა. მფარველობდა, პირველ რიგში, პოლიტიკურად, ხოლო არსებობდა თუ არა რაიმე სახის გარიგება მასა და ლევან შონიას შორის და რა კავშირი აქვს შონიას ხე-ტყის უკანონო ჭრასა და ბიზნესთან, ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.

გაითვალისწინეთ, რომ სვანეთიდან ზუგდიდამდე ჩამოსასვლელი ერთი გზა არსებობს და ვინ აკონტროლებდა ამ გზას? საერთოდ, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელს რაიმე სახის გავლენის მოხდენა შეეძლო თუ არა ან იყო თუ არა გარიგებაში ცალკეულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან, ესეც გასარკვევია. ასევე გასარკვევია, კვირიკაშვილის ან ბრალეულობა, ანუ იყო თუ არა ამ საკითხში ჩართული, ან ის, რომ როგორც მთავრობის მეთაური დაუდევრად ექცეოდა მთელ რიგ საკითხებს, რომლებიც, როგორც გამოჩნდა, ქვეყანაში საკმაოდ დამაზიანებლად ვითარდებოდა. უფრო მეტიც, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ანაკლიაში, განმუხურსა და მიმდებარე სოფლებში მიწის დაკანონების საკითხებზე.

ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტების საფუძველზე, ცალკეულ პირებს დაკანონებული აქვთ საერთო სარგებლობის ადგილები: წყლის არხები, დაჭაობებული ადგილები, ტყის მასივები. სამართლებრივად გასარკვევია, ამ სტრატეგიული ადგილის ასე გადანაწილებაში რა როლი აქვთ ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლებს”, – დასძენს მირცხულავა.

“რეზონანსი”

ეკატერინე ბასილაია

Share