Home » ფინანსები » დაგროვებითი საპენსიო რეფორმა შესაძლოა გაუქმდეს – რა ბედი ეწევა უკვე აკუმულირებულ თანხას
დაგროვებითი საპენსიო რეფორმა შესაძლოა გაუქმდეს - რა ბედი ეწევა უკვე აკუმულირებულ თანხას

დაგროვებითი საპენსიო რეფორმა შესაძლოა გაუქმდეს – რა ბედი ეწევა უკვე აკუმულირებულ თანხას

დაგროვებითი საპენსიო რეფორმა შესაძლოა გაუქმდეს – რა ბედი ეწევა უკვე აკუმულირებულ თანხას

საკონსტიტუციო სასამართლომ დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შეჩერების საკითხის განხილვა დაიწყო. აღნიშნული ნორმის შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს ორმა ორგანიზაციამ – საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა და იურიდიული კომპანია “თორაძე და პარტნიორები” მიმართა. გაერთიანებული სარჩელის განხილვა სასამართლოს მეორე კოლეგიამ დღეს დაიწყო.

მოსარჩელეები საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებას ითხოვენ.

“ჩვენ სარჩელის მომზადების პროცესში გავეცანით დასავლეთ ევროპის გამოცდილებებს, ზოგ ქვეყანაში ეს მოდელი ამართლებს, ზოგან არა. მაგალითად პოლონეთში ეს რეფორმა სრული კრახით დასრულდა, თუმცა რეფორმის ავ-კარგიანობაზე არ არის საუბარი, პრობლემა მასში მოქალაქეების იძულებით ჩართვაა”, – განაცხადა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ინტერესების დამცველმა ედუარდ მარიკაშვილმა.

სარჩელის ავტორები იმედოვნებენ, რომ რომ საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს არსებითი განხილვაში აუცილებლად მიიღებს, რადგან მათი შეფასებით, აშკარაა სადავო ნორმების წინააღმდეგობა საკუთრების უფლებისა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებით კონსტიტუციით გარანტირებულ მუხლებთან.

“შეიძლება იდეა არის ძალიან კეთილშობილური, მაგრამ ნება მოგვცეს სახელმწიფომ ჩვენით გადავწყვიტოთ, ჩავერთოთ, თუ არა, ან ბევრი დავაგროვოთ თუ ცოტა. გერმანიაში სავალდებულო წესი მხოლოდ ერთი წლით განისაზღვრება, აქ კი წარმოიდგინეთ 20 წლის ადამიანმა მუშაობის შემთხვევაში 40 წლის განმავლობაში უნდა იხადოს თანხა და შექმნას იძულებითი ანაბარი, ეზ არის იძულებითი გადასახადი”, – განაცხადა მოსარჩელე დავით თორაძემ.

სხდომაზე საპენსიო ფონდის წარმომადგენელსაც მოუსმენენ. მოწმის სტატუსით მისი გამოკითხვა პარლამენტის წარმომადგენელმა მოითხოვა. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსამართლეები მოისმენენ მოსარჩელეთა არგუმენტებს და გადაწყვეტენ, მიიღებენ თუ არა სარჩელს წარმოებაში არსებითი განხილვისთვის.

„იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო საპენსიო რეფორმის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს, საპენსიო ფონდში ჩარიცხული თანხები მოქალაქეებს სარგებლით დაუბრუნდებათ“, – ეს განცხადება საპენსიო ფონდის დირექტორმა, ლევან სურგულაძემ დღეს ბათუმში გააკეთა.

ის განმწესრიგებელ სხდომაზე მოწმის სტატუსით მიიწვიეს და მოსამართლეების შეკითხვებს უპასუხებს.

ლევან სურგულაძე ამბობს, რომ საპენსიო ფონდის შენატანი ბევრ ქვეყანაშია სავალდებულო და ამას კონსტიტუციაც ითვალისწინებს.

„ეს არის ნახევრად სავალდებულო ჩართულობა, სავალდებულოა მხოლოდ გარკვეული ასაკის კატეგორიისთვის. ეს სავალდებულოა ყველა ქვეყანაში როგორც დამსაქმებლისთვის, ისე დასაქმებულისთვის, ასე რომ, იძულებითი არის ტიპური მოვლენა, რადგან ადამიანები არ არიან ინფორმირებული ამ სახის სიკეთეებზე. სახელმწიფოს აქვს უფლება და კონსტიტუციაშიც არის გათვალისწინებული, რომ საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე იყოს გარკვეული იძულება”, – განაცხადა ლევან სურგულაძემ.

საპენსიო ფონდის დირექტორი არც იმ ვარაუდს იზიარებს, რომ ფონდში შეტანილი თანხა დროთა განმავლობაში გაუფასურდება.

„საპენსიო თანხების ინვესტირება ხდება, შესაბამისად თანხას ერიცხება გარკვეული სარგებელი და ეს სარგებელი ინფლაციას დაარეგულირებს. ვვარაუდობთ, 7-8 პროცენტამდე იქნება სარგებელი, იმ შემთხვევაში კი თუ ინფლაცია გაიზრდება, გაიზრდება ამონაგები იმ ინსტრუმენტიდან, რა ინსტრუმენტშიც მოთავსებულია ეს თანხები“, – ამბობს სურგულაძე.

შეგახსენებთ, პირველი იანვრიდან საპენსიო სქემაში ავტომატურად გაწევრიანდა საქართველოში დასაქმებული ყველა მოქალაქე და მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის რეზიდენტი, რომლებსაც კანონის ამოქმედების მომენტში ქალბატონებს 55, ხოლო მამაკაცებს 60 წელი არ ჰქონდათ შესრულებული.

პირველი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, საპენსიო რეფორმაში ჩართულ პირებს, რომლებსაც კანონის ამოქმედების მომენტისათვის, ანუ 2018 წლის 6 აგვისტოსთვის 40 წელი შეუსრულდათ, სისტემის დატოვება განცხადების საფუძველზე შეეძლებათ.

ყოველთვიურად დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მისი დაუბეგრავი ხელფასის 2% მიემართება. ორ-ორი პროცენტის შენატანს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო განახორციელებს.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვლის მდგომარეობით საპენსიო სისტემაში 42 ათასზე მეტი კომპანიაა ჩართული დაახლოებით ნახევარი მილიონი ინდივიდუალური ანგარიში და დაახლოებით 80 მილიონი ლარი არის აკუმულირებული.

 

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share