Home » ეკონომიკა » „დაგროვებითი საპენსიო რეფორმა არის ეროვნული მნიშვნელობის – ამ მასშტაბის რეფორმა, არასოდეს განხორციელებულა ჩვენს ქვეყანაში“
„დაგროვებითი საპენსიო რეფორმა არის ეროვნული მნიშვნელობის – ამ მასშტაბის რეფორმა, არასოდეს განხორციელებულა ჩვენს ქვეყანაში“

„დაგროვებითი საპენსიო რეფორმა არის ეროვნული მნიშვნელობის – ამ მასშტაბის რეფორმა, არასოდეს განხორციელებულა ჩვენს ქვეყანაში“

„საპენსიო რეფორმამ ეკონომიკა თვისობრივად განვითარების სხვა ეტაპზე უნდა გადაიყვანოს და ზრდის მინიმუმ 3-4%-ით დაჩქარება უნდა გამოიწვიოს“

საპენსიო სააგენტომ, სადაც უკვე 175 მილიონ ლარზე მეტია აკუმულირებული საინვესტიციო საბჭოს წევრობაზე განაცხადების მიღება დაასრულა. საბჭოს შესარჩევი კომისია უახლოეს დღეებში შეიკრიბება და აპლიკაციებს განიხილავს. საერთაშორისო გამოცემებში გამოქვეყნებული ვაკანსია 100-ზე მეტმა ადამიანმა შეავსო, როგორც საქართველოდან, ისე – უცხოეთიდან. საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისია, რომელიც შვიდი წევრისგან შედგება. შეარჩევს კანდიდატებს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საინვესტიციო საბჭოს ხუთ წევრს, რის შემდეგაც დამტკიცდება უფროსი საინვესტიციო ოფიცერი. საინვესტიციო საბჭოს სამი წევრი აირჩევა ხუთი წლის ვადით, ხოლო ორი წევრის ვადა კი სამ წელს შეადგენს. ასევე პარალელურ რეჟიმში დაკომპლექტდება რისკის კომიტეტი, რომელიც სამი წევრისგან შედგება.

როდიდან ამოქმედდება სრულად საინვესტიციო საბჭო, ძირითადად რომელ დარგებში მოხდება საპენსიო შენატანების ინვესტირება, რამდენად შეუწყობს ხელს დაგროვებითი საპენსიო სისტემა საფონდო ბირჟის ამოქმედებას, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით “ბანკები და ფინანსებს” საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე ესაუბრა.

– ბატონო ლევან, საპენსიო ფონდში უკვე 176 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული, თუმცა თანხების 100% ჯერ კიდევ მხოლოდ კომერციული ბანკების ანგარიშებზეა განთავსებული. სააგენტოს მიმართ ერთ-ერთი ძირითადი კრიტიკა სწორედ ამ მიმართულებით ისმის, რომ ამ ეტაპზე არ არის საინვესტიციო პოლიტიკა შემუშავებული. როდიდან ფიქრობთ საინვესტიციო საბჭოს სრულად ამოქმედებას?

– პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ საინვესტიციო სამსახურთან ერთად, პარალელურ რეჟიმში შეიქმნება რისკის კონტროლის სამსახური. ეს იქნება ისეთივე მაღალი ლეგიტიმაციის და მაღალი კვალიფიკაციის სტრუქტურა, როგორიც საინვესტიციო საბჭო. რისკის კონტროლის სამსახური დამოუკიდებლად გააკონტროლებს საინვესტიციო პროცესს თითოეული ტრანზაქციის დონეზე. ეს ორი სტრუქტურა უნდა შეიქმნას და შემდგომ დაიწყება საინვესტიციო საქმიანობა.

რაც შეეხება დროს, მოგეხსენებათ მაღალი კვალიფიკაციის ადამიანების მოძიება საკმაოდ მაღალ ხარჯებთანაა დაკავშირებული. იანვარ–თებერვალში საკმაოდ მცირე თანხა იყო მობილიზებული, შესაბამისად
50 მილიონით ჩვენ ვერ შევქმნიდით ამ საბჭოებს. ასევე, 50-60 მილიონით ვერ ჩამოვაყალიბებდით დივერსიფიცირებულ და დაბალრისკიან პორტფელს, მცირე მოცულობის თანხაზე სარგებელი იქნებოდა იმდენად მცირე, რომ აღნიშნული სტრუქტურების ხარჯი, პრაქტიკულად, მთლიანად ამოჭამდა ამონაგებს და ჩვენ გვექნებოდა დამატებითი ხარჯი.

ეკონომიკურად ეს არ იყო გამართლებული და ჩვენც ისე დავგეგმეთ, რომ საინვესტიციო საბჭო და რისკების კონტროლის სამსახური შექმნილიყო მაშინ, როდესაც ჩვენი გათვლებით იქნებოდა საკმარისი რაოდენობის თანხა იმისათვის, რომ დაგვეწყო საინვესტიციო პროცესი. სწორედ ამ გეგმის მიხედვით ვმოქმედებთ და ჯერ–ჯერობით არაფერი არ დაგვიანებულა. უკვე დასრულდა საინვესტიციო საბჭოს კანდიდატების აპლიკაციების მიღების ვადა, მოხდება ამ აპლიკაციების გადარჩევა, შესაბამისი კანდიდატების შერჩევა, შემდგომ ეს შერჩეული კანდიდატები წარედგინება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად და ჩვენც გვეყოლება საინვესტიციო საბჭო. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს რისკების კონტროლის სტრუქტურის შექმნაზე მუშაობა, დაინიშნება მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და მთავარი რისკის ოფიცერი, მათ ქვემოთ კი იქნება შესაბამისი სტრუქტურები –საინვესტიციო საბჭო და რისკის კონტროლის სამსახური. ეს პროცესი, ჩემი შეფასებით, უნდა დასრულდეს მაქსიმუმ 2 თვეში, ამის შემდგომ ჩვენც უკვე გვექნება საკმარისი თანხაც, რომ დავიწყოთ საინვესტიციო პროცესი.

– საინტერესოა არის თუ არა შემუშავებული უკვე სააგენტოს მიერ საინვესტიციო პოლიტიკა. კერძოდ, განსაზღვრული გაქვთ თუ არა რა იქნება ის ძირითადი დარგები, სადაც თქვენს მიერ განხორციელდება ინვესტიციები?

– კანონის თანახმად, საინვესტიციო პოლიტიკას შეიმუშავებს საინვესტიციო საბჭო. კანონში პირდაპირ არის გაწერილი, რომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი სწორედ მათ უნდა შეიმუშაონ და ეს იქნება მათი პირველი რიგის დოკუმენტი, მას შემდგომ რაც ეს საბჭო შეიქმნება.

რაც შეეხება კონკრეტულ დარგებს, მე როგორც სააგენტოს დირექტორს ბუნებრივია ამ მიმართულებით საკუთარი ხედვები გამაჩნია, თუმცა საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება კანონის მიხედვით საინვესტიციო საბჭოს პრეროგატივაა. ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, დღეს საქართველოში კეთილსაიმედო ფინანსური ინსტიტუტების სიმცირეა, არჩევანიც მწირია და რაოდენობაც. თუმცა, მიუხედავად ამისა, გარკვეული რაოდენობის გამართული ინსტიტუტი მაინც არსებობს, რომლებშიც ჩვენ შეგვიძლია განვათავსოთ ჩვენი საპენსიო დანაზოგები და შევქნათ საკმარისად დივერსიფიცირებული, დაბალრისკიანი პორტფელი. როდესაც მსგავსი პორტფელი იქმნება, გარკვეული წილი უკავია რეალურ ფულს, გარკვეული წილი საქართველოს სახაზინო ვალდებულებებს, შესაძლოა ასევე იყოს უცხო ქვეყნის სახაზინო ვალდებულებებიც, ბუნებრივია ვგულისხმობ მაღალრეიტინგულ ქვეყნებს. ინვესტირებისთვის საინტერესო იქნება EBRD–ის ლარში დომინირებული ობლიგაციები, ასევე ქართულ წამყვან კომპანიებს აქვთ ობლიგაციები გამოშვებული, რომელთაც მინიჭებული აქვთ B რეიტინგი და, შესაძლოა, მათი რეიტინგის შესაბამისად, აქაც განვათავსოთ საპენსიო თანხები.

პირველ ეტაპზე, მე ვფიქრობ, რომ თავი უნდა შევიკავოთ აქციებში თანხების განთავსებისგან, მაგრამ შემდგომში, რა თქმა უნდა, თანხების გარკვეული ნაწილი იქნება განთავსებული მასში, მას შემდგომ რაც შესაბამისი აქციების ფასი იქნება კარგად შესწავლილი.

– საინფორმაციო სივრცეში გაჟღერდა მოსაზრება, რომ საპენსიო სქემაში გაწევრიანება შესაძლოა ნებაყოფლობითი გახდეს. ზოგადად, ამ რეფორმის მიმართ ძირითადი უკმაყოფილება სწორედ სავალდებულოობას შეეხება. რეალურად განიხილავთ თუ არა ნებაყოფლობითობის საკითხს და როდის ვარაუდობთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ამ საკითხზე?

– დაწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი საერთოდ არ განიხილება და ამაზე მსჯელობა არარეალურია. ჩვენ საფუძვლიანად შევისწავლეთ თითქმის ყველა ქვეყნის გამოცდილება, ვნახეთ განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნების მაგალითები და ეს სქემა ყველგან არის სავალდებულო. მე ვერ ვნახე ქვეყანა სადაც არ ფიქსირდებოდა სავალდებულოობის კომპონენტი.

ასევე, ჩვენი დონორი ორგანიზაციების –საერთაშორისო სავალუტო ფონდის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, ამერიკის კვლევების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ექსპერტები ჩვენთან ერთად არიან და თითოეული მათგანის რჩევა იყო, რომ საპენსიო სქემა აუცილებლად უნდა ყოფილიყო სავალდებულო, სხვაგვარად იგი უბრალოდ არ მუშაობს.

– რეფორმის განხორციელების პროცესში საპენსიო ფონდის შექმნის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი საფონდო ბაზრის განვითარება იყო. თუმცა, საექსპერტო წრეებში ამ თვალსაზრისით განწყობები ჯერ-ჯერობით სკეპტიკურია. რა რეალური ნაბიჯები იდგმება და კონკრეტულად როგორ შეუწყობს საპენსიო ფონდის განვითარება საფონდო ბაზრის ჩამოყალიბებას?

– დაგროვებითი საპენსიო რეფორმა არის ეროვნული მნიშვნელობის და ამ მასშტაბის რეფორმა, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური კუთხით, არასოდეს არ განხორციელებულა ჩვენს ქვეყანაში. ამ რეფორმას აქვს ორი უმნიშვნელოვანესი მიზანი და სიკეთე, რომელიც უნდა მოუტანოს ჩვენს ხალხს. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გახლავთ ჩვენი მოსახლეობის პენსიით უზრუნველყოფა საპენსიო ასაკში, ხოლო მოკლევადიან პერსპექტივაში ეს არის ის, რომ პირველად საქართველოში შეიქმნება მასშტაბური კაპიტალის საინვესტიციო ბაზა.

კონსერვატიული შეფასებით, ჩვენ 2 წელიწადში ველოდებით, დაახლოებით, მილიარდ ნახევარ ლარს და 6 წელიწადში ხუთ მილიარდ ლარს და ამ ფულის 80%-მა კანონის თანახმად უნდა იმუშაოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე.

კანონში პირდაპირ არის გაწერილი, რომ ჩვენ ამ თანხებს ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივმართავთ პირდაპირ ინვესტიციებზე, უნდა განხორციელდეს მხოლოდ პორტფელური ინვესტიციები. შესაბამისად, როდესაც ამხელა საინვესტიციო კაპიტალი გაჩნდება ქვეყანაში, კომპანიებს ავტომატურად გაუჩნდებათ სურვილი, რომ ჰქონდეთ ამ კაპიტალზე წვდომა. წვდომა კი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიებს სტიმული გაუჩნდებათ, რომ გახდნენ გამჭვირვალე, ფინანსურად მოწესრიგებული, მომგებიანი, გაიარონ აუდიტი, მიიღონ შესაბამისი საკრედიტო რეიტინგი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ, გამოუშვან ფასიანი ქაღალდები – გნებავთ სავალო ობლიგაციები, ან წილობრივი აქციები და მოიზიდონ აღნიშნული თანხები. სწორედ ამ ფინანსურ ინსტრუმენტებში და მათი საშუალებით, ჩვენ შევძლებთ, რომ ამ კომპანიებს მივაწოდოთ თანხები, რა თქმა უნდა, დივერსიფიცირების პრინციპის დაცვით და, შესაბამისად, ეს ყველაფერი ბუნებრივად განავითარებს ადგილობრივ კაპიტალის ბაზარს.

დღეს კაპიტალის მომმზადებელსა და კაპიტალის მომხმარებელს შორის დამაკავშირებელი ექსკლუზიური უფლება და ფუნქცია კომერციული ბანკებს გააჩნიათ, ხოლო ზემოაღნიშნული პროცესის შემდგომ გაჩნდება მეორე დიდი შუამავალი – კაპიტალის ბაზარი, რომელიც ამ ორ მხარეს დააკავშირებს ერთმანეთთან. ეს იქნება იაფი, გრძელვადიანი, უფრო მოქნილი ფული და, შესაბამისად, ეს კავშირიც იქნება უფრო მრავალძარღვოვანი. თვითონ კაპიტალის ბაზარი დაარეგულირებს არსებულ სიტუაციას და ეს იქნება ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რამაც ჩვენი ეკონომიკა თვისობრივად განვითარების სხვა ეტაპზე უნდა გადაიყვანოს და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამან ეკონომიკის ზრდის მინიმუმ 3-4%-ით დაჩქარება უნდა გამოიწვიოს. ეს თავის მხრივ გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, შემოსავლების ზრდას და ეს იქნება ის სიკეთე, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა მიიღებს დამატებით, მიუხედავად იმისა გაწევრიანებული იქნებიან ისინი საპენსიო სქემაში თუ არა.

– საპენსიო რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტში ერთ-ერთ ფაქტორად განსაზღვრულია შრომის ბაზრის ფორმალიზება. კერძოდ, ე.წ. ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირება და დასაქმებულების არაფორმალური სექტორიდან გამოსვლა. თუმცა, ჩვენ მოვისმინეთ, რომ სამი ათასამდე ადამიანმა საპენსიო სქემა დატოვა. არსებობს თუ არა პრეცენდენტები, რომ ნებაყოფლობით თვითდასაქმებულები შეუერთდნენ საპენსიო სისტემას?

– ჩვენ ვიცით, რომ თვითდასაქმებულები თავიანთ შემოსავლებს ადეკლარირებენ და სწორედ ამ დროს ევალებათ მათ საპენსიო სქემაში გაწევრიანება. ანუ, ახლა რაც დაადეკლარირეს ეს იყო 2018 წლის შემოსავლები და, შესაბამისად, მათ საპენსიო სქემა არ შეხებიათ, ამიტომ თვითდასაქმებულების ნებაყოფლობით გაწევრიანებას ჩვენ უნდა ველოდოთ მომავალი წლის დასაწყისიდან, ამ ეტაპზე ნაკლებად. მე მაქვს მოლოდინი, რომ ადამიანები საკუთარი ნებით ნამდვილად ჩაერთვებიან ამ პროცესში.

ესაუბრა გიორგი კაპანაძე

Share