Home » ეკონომიკა » დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი მიღებულია – უზრუნველი სიბერის გარანტი თუ გაუთვლელი რისკი
დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი მიღებულია - უზრუნველი სიბერის გარანტი თუ გაუთვლელი რისკი

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი მიღებულია – უზრუნველი სიბერის გარანტი თუ გაუთვლელი რისკი

პარლამენტმა “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონი მესამე მოსმენით მიიღო და მისი საბოლოოდ ძალაში შესვლისთვის პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო. ამოქმედება კი 2019 წლიდან არის დაგეგმილი.

დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის მიღება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, გარდა იმ დასაქმებულებისთვის, რომელთაც ამ კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდათ 60 წელი, მამაკაცებისთვის, ხოლო ქალების შემთხვევაში 55 წელი. თითოეული დასაქმებული ხდება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე ამ კანონის ამოქმედების შემდეგ პირველი ხელფასის მიღებისთანავე.

რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ხდებიან საპენსიო სქემის მონაწილეები ნებაყოფლობით რეჟიმში მას შემდეგ რაც პირველ შენატანს განახორციელებენ. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა 40 წელი და არ სურს იყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე, უფლება აქვს გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან. ამისთვის მან წერილობით უნდა მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გაწევრიანებიდან ხუთი თვის განმავლობაში, მაგრამ არანაკლებ სამი თვისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაქმებული რჩება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილედ.

დასაქმებულს, რომელიც უარს განაცხადებს დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, შეუძლია ნებისმიერ დროს თავიდან გაწევრიანდეს მასში. მონაწილის ხელახალი გაწევრებისას დამსაქმებლის, დასაქმებულისა და სახელმწიფოს საპენსიო შენატანების განხორციელება დაიწყება გაწევრებიდან ხელფასის პირველი გადახდისთანავე. დასაქმებული მონაწილე, რომელსაც დროებით შეუჩერდება ხელფასის სახით თანხის მიღება, დროებით შეაჩერებს საპენსიო სქემაში შენატანების განხორციელებას და განაახლებს შეტანას ხელფასის სახით თანხის მიღების აღდგენისთანავე. თუ მონაწილე შეწყვეტს შენატანის განხორციელებას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, ან ისეთი მიზეზით, როგორიცაა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის, ან დროებითი ან ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო, საპენსიო აქტივები რჩება მის ინდივიდუალურ ანგარიშზე.

მონაწილეს, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს მუდმივად დატოვებას, შეუძლია მოითხოვოს საკუთარ საპენსიო ანგარიშზე დაგროვილი თანხის მიღება ერთიანი გადახდის მოთხოვნით ან პროგრამული გატანით. მოთხოვნა დაკმაყოფილდება, თუ მონაწილე წარმოადგენს სხვა ქვეყანაში კანონიერი მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს. ასეთ შემთხვევაში დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის საპენსიო ანგარიშიდან მისაღებ თანხას ჩამოეჭრება სახელმწიფოს მიერ მის სასარგებლოდ განხორციელებული შენატანის ღირებულება, ხოლო დარჩენილი მისაღები თანხის მოცულობა დაიბეგრება.

დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე დასაქმებული და თვითდასაქმებული პირებისთვის საპენსიო შენატანების დაფინანსება განხორციელდება დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფოს მიერ. დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე დასაქმებულის შენატანების დაფინანსება განხორციელდება შემდეგი სახით: ხელფასის გაცემისას თითოეული დამსაქმებელი დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე თითოეული დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით განახორციელებს შენატანს მასზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ოდენობით. დამსაქმებელი ასევე დასაქმებულის სახელით, მის საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2%-ს გადარიცხავს. დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე თვითდასაქმებული განახორციელებს შენატანს თავისი წლიური შემოსავლის 4%-ის ოდენობით. სახელმწიფო მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხავს 2%-ს დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის იმ მოცულობაზე, რომელიც ჯამურად არ აღემატება მონაწილის მიერ წლიური ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის სახით მიღებულ 24 000 ლარს, ხოლო 1%-ს მონაწილის მიერ ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის სახით მიღებულ თანხაზე 24 000 ლარიდან 60 000 ლარამდე. სახელმწიფო არ განახორციელებს საპენსიო შენატანს მონაწილის მიერ წლიურად დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის სახით მიღებულ იმ მოცულობაზე, რომელიც აღემატება 60 000 ლარს. საპენსიო სააგენტო არანაკლებ კვარტალში ერთხელ მიაწვდის თითოეულ მონაწილეს ინფორმაციას საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მთლიანი აქტივების ღირებულების შესახებ, შენატანების თარიღების და საინვესტიციო ამონაგების მითითებით.

საპენსიო აქტივები, რომლებიც დაგროვებითი საპენსიო სქემის თითოეული მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე იქნება, წარმოადგენს მონაწილის საკუთრებას. აღნიშნულ საკუთრებაზე განკარგვის უფლება წარმოიშობა მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევისას.

მონაწილე, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ უფლებამოსილია, მიიღოს საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო აქტივის ღირებულების შესაბამისი მოცულობის თანხა მთლიანი თანხის ერთიანი გადახდის ან პროგრამული ყოველთვიური გატანის ფორმით. (პროგრამულად გასაცემი თანხის ოდენობა გამოითვლება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისათვის რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულების მონაწილის სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფით)

საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, დაგროვილი თანხის ერთიანად გატანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში: 1. თუ გახდით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი; 2. თუ ქვეყანა დატოვეთ და საცხოვრებლად გადახვედით სხვა ქვეყანაში; 3. მცირე პერიოდის განმავლობაში დაგროვებულია მცირე რაოდენობის თანხა.

მონაწილე, რომელიც გადაწყვეტს პენსიაზე გასვლას საპენსიო ასაკის მიღწევისას, ვალდებულია წერილობით შეატყობინოს საპენსიო სააგენტოს, საპენსიო ასაკის მიღწევისას პენსიაზე გასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე და საპენსიო ასაკის მიღწევამდე არანაკლებ 30 დღით ადრე მოითხოვოს საპენსიო ასაკიდან პენსიის გადახდის დაწყება.

მონაწილე უფლებამოსილია, გადადოს პენსიაზე გასვლის თარიღი საპენსიო ასაკს მიღმა და დაიწყოს პენსიის მიღება ნებისმიერ დროს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, მონაწილემ წერილობით უნდა შეატყობინოს საპენსიო სააგენტოს პენსიაზე გასვლის თარიღი არანაკლებ ასეთ თარიღამდე 30 დღით ადრე. საპენსიო სააგენტო დაიწყებს პენსიის გადახდას მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან არაუგვიანეს 30 დღეში პენსიაზე გასვლის თარიღის შესახებ შეტყობინების მიღებიდან.

თუ მონაწილე გარდაიცვალა, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხები გადაეცემა მის მემკვიდრეს. გადახდა შეიძლება განხორციელდეს ერთიანი გადახდით ან საპენსიო აქტივების გადატანით მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად. მემკვიდრის მიერ ერთიანი გადახდით არჩევანის შემთხვევაში გასაცემი თანხა დაიბეგრება.

საპენსიო რეფორმის შეფასება “ბანკები და ფინანსებმა” მკვლევარ ეკონომისტებს სთხოვეს.

ვახტანგ ჭარაია, “თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის” ხელმძღვანელი

საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ საპენსიო რეფორმაში არსებობს უზარმაზარი სივრცე, როგორც ახალი თეორიული შესაძლებლობების, ასევე ახალი გარანტირებული გამოწვევებისთვის, მათ შორის კი უკანასკნელი ნამდვილად სჭარბობს.

კერძოდ, ნეგატიურ მხარეთაგანია: პირველი: საპენსიო ფონდის არსებობა აუცილებლად გამოიწვევს სამიდან ერთ-ერთს: ან გაიზრდება ჩრდილოვანი ეკონომიკა ან/და შემცირდება დასაქმებულთა რაოდენობა ან/და გაიზრდება ინფლაცია. ნებისმიერ შემთხვევაში კი გაიზრდება წნეხი მოსახლეობაზე.

მეორე: გარკვეულ შემთხვევებში დღევანდელი კეთილდღეობის ნაწილის დათმობა, მომავალში მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგების მიღების მიზნით, გამართლებულია. თუმცა, გამოცდილება გვიჩვენებს რომ 1995 წლის 2 ოქტომბრიდან დღემდე (ლარის შემოღებიდან), არასრულ 23 წელიწადში საქართველოს ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარი 275%-ით არის შემცირებული, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ იგივე პროდუქციის შესაძენად რაშიც 1995 წლის ოქტომბერში გვჭირდებოდა 100 ლარი, დღეს საჭიროა 375 ლარი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, 30 წლის მერე საპენსიო ფონდში დაგროვილი 500 ლარი დიდად განსხვავებული არ იქნება დღევანდელი 100 ლარის მსყიდველობითი უნარისაგან.

მესამე: ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპენსიო ფონდი ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას. ისტორიაში არავის ახსოვს რომ ცათამბჯენის მშენებლობა სახურავიდან დაწყებულიყო და ფუნდამენტი ბოლოში გაეთხარათ. კაპიტალის ბაზრის არ არსებობა საქართველოში და არც მისი განვითარების რეალური გეგმის ქონა, ერთ-ერთი უპირველესი საფრთხეთაგანია ფონდის მდგრადობისთვის. თუ არ გვექნება კაპიტალის ბაზარი, საპენსიო ფონდი იძულებული იქნება საქართველოში დაგროვილი სახსრები გადაახურდავოს უცხოურ ვალუტაში (მ.ს. შეუქმნას რისკის ლარის სტაბილურობას) და დააფინანსოს საზღვარგარეთის წამყვანი ეკონომიკები; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ამოიღოს ფული ქართული ბიზნესიდან და ჩადოს მაგ: ამერიკულ და გერმანულ ეკონომიკაში.

მეოთხე: იქმნება რეალური საფრთხე მთავრობამ და კომერციულმა ბანკებმა დაისაკუთრონ საპენსიო ფონდის სახსრები, რომელიც მათ არ ეკუთვნით. პირველს ეზრდება ცდუნება ისესხოს მეტი რესურსი ფონდიდან იმის იმედად, რომ მომდევნო მთავრობა გაისტუმრებს ვალს; ხოლო, ბანკების შემთხვევაში კი მოხდება ფინანსურ ბაზარზე მათი სრული დომინანტობის მხარდაჭერა, მოსახლეობის, ბიზნესის და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ.

რაც შეეხება თეორიულ შესაძლებლობებს, ისინი არსებობს, როგორც ნებისმიერ საპენსიო ფონდში. თუმცა, მათზე საუბარს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ ზემოთ ჩამოთვლილი გარანტირებული საფრთხეები იქნება განეიტრალებული, რაც საეჭვოდ მიმაჩნია.

ბესო ნამჩავაძე – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ეკონომისტი

საქართველოში დასაქმებულთა უმრავლესობას თვეში 600 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს და დაბალშემოსავლიან მოსახლეობას მიეკუთვნებიან. სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა მათთვისაც ზრდის ხელფასიდან გადასახადს, ანუ უმცირებთ განკარგვად შემოსავალს. ასეთი შემოსავლების მქონე მოსახლეობისთვის თვეში დამატებით  10-15 ლარის ჩამოჭრაც მძიმე ტვირთია.

ეს საპენსიო რეფორმა მომავალში პენსიონერთა შორის სოციალურ უთანასწორობას გაზრდის, რადგან რაც მეტი აქვს ადამიანს შემოსავალი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კონტრიბუციის სახით უფრო მეტ თანხას იღებს. მაგალითად, უმუშევრები ამ სქემით საერთოდ ვერ ისარგებლებენ.

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი არ არის განვითარებული საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის საიმედოდ განსათავსებლად. ეს პირველ რიგში მცირე ეკონომიკით, ფინანსური განათლების დაბალი დონით და კორპორატიული კულტურის ნაკლებობითაა გამოწვეული. საპენსიო ფონდი ამ პრობლემებს ვერ გადაჭრის. არსებობს ობიექტური მიზეზებიც, მაგალითად, ქართული საფონდო ბირჟების კომერციულ ბანკების საკუთრებაში ყოფნა. ასევე, ძალიან მაღალია რისკი, რომ საპენსიო ფონდში დაგროვილ თანხას, ძირითადად, მთავრობა და კომერციული ბანკები გაინაწილებენ.

მნიშვნელოვანია საინვესტიციო ფონდების და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სხვა მოთამაშეების განვითარების დონე, რაც დღეს მინიმალურ დონეზეა.

შესაბამისად, ეს რეფორმა საკმაოდ სარისკოა. ამასთან, სავალდებულო ხასიათს ატარებს და ადამიანებს მასში ჩართვის არჩევანის თავისუფლება არ აქვს. სავალდებულო ხდება ფულის დაგროვება ისე, რომ მთავრობა არ არის გარანტორი ამ თანხის უკან დაბრუნებაზე.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, ამ რეფორმისთვის საქართველო მზად არ იყო. საჭირო იყო უფრო კომპლექსური და თანდათანობითი მიდგომა.

შოთა გულბანი – “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბას პრეზიდენტი

ერთი რამ ცხადია და ვთანხმდებით, რომ რეფორმის განხორციელება აუცილებელია, რაც ორი მნიშვნელოვანი გარემოებით არის გამყარებული. პირველი ის, რომ არსებული სოციალური საპენსიო სისტემის შენარჩუნებით, ვერ გაიზრდება ჩანაცვლების კოეფიციენტი, რომელიც დღეს დაახლოებით 18%-ს შეადგენს და არის დაბალი მაჩვენებელი, ის ვერ გაუმჯობესდება მხოლოდ ბიუჯეტიდან საპენსიო გასაცემლების ეტაპობრივი ზრდით, თუ მთავრობამ ისეთი მექანიზმი არ დანერგა როგორიცაა კერძო დაგროვებითი სისტემა. მეორე მხრივ თუ სოციალური პენსიის ოდენობა საშუალო ხელფასის პროპორციულად გაიზრდება, დემოგრაფიული სტრუქტურის მოსალოდნელი ცვლილების გათვალისწინებით ასაკით პენსიონერთა ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაიზრდება და 2060 წლისათვის მიაღწევს მშპ-ს 10%-ს, რაც მთლიანი საბიუჯეტო ხარჯის 33%-ის ტოლფასი იქნება. მსგავსი სცენარის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საგადასახადო შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა, ასაკით პენსიონერთა უზრუნველყოფის დასაფინანსებლად.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, არის ე.წ. “გრძელი ლარი” რაზეც ჩვენ ხშირად მოგვისმენია მთავრობის წარმომადგენლებისგან, რომ სწორედ ეს “გრძელი ლარი” ერთი მხრივ კაპიტალის ბაზარს განავითარებს, ხოლო მეორე მხრივ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების გამოცოცხლებას, თუმცა, როგორ უნდა მივაღწიოთ ამ მიზანს, თუ კანონი გვავალდებულებს, რომ მისი ამოქმედებიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში საპენსიო აქტივების ინვესტირება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში, რაც ავტომატურად იმას გულისხმობს, რომ აკუმულირებული თანხები თითქმის სრულად გაედინება საზღვარგარეთის საფონდო ბირჟებზე.

ამაზე შეიძლება ვიდავოთ კარგია ეს თუ ცუდი, თუმცა ჩემი მოსაზრებით, ეს ამ რეფორმის ცალსახად უარყოფითი ფაქტორია, რასაც საფუძვლად უდევს განუვითარებელი კაპიტალის ბაზარი ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მინიმალისტური და ადაპტირებული გათვლების მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელთა რაოდენობის და საშუალო ხელფასის გათვალისწინებით, რეფორმის მხოლოდ პირველ წელს სულ მინიმუმ 48 მილიონი ლარის მობილიზება მოხდება და ეს ციფრი შემდეგი წლების განმავლობაში კოლოსალურად გაიზრდება და მილიარდებს მიაღწევს, რომლის ძირითადი ნაწილი გავა საზღვარგარეთ.

მაშინ, როცა განვითარებული კაპიტალის ბაზრის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა, რომ თუნდაც ნახევარი მაინც დარჩენილიყო ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე, რაც ცალსახად ჩვენი ეკონომიკისთვის უდიდესი პოზიტიური ცვლილებების დასაწყისი იქნებოდა. შემოთავაზებული სქემით კი, ხდება ეკონომიკის რეალური სექტორიდან თანხების ამოქაჩვა და საზღვარგარეთის ბაზრებზე გადაქაჩვა. ჩვენ ვართ დაზღვეულები, რომ 30-40 წლის შემდეგ გლობალური საფინანსო კრიზისი არ განმეორდება? ამის გარანტია არსებობს?

ელენე ციგრიაშვილი

Share