Home » საზოგადოება » COVID-19-ის მკურნალობის სახელმწიფო სტანდარტი დამტკიცდა – რა წერია 37 გვერდიან დოკუმენტში

COVID-19-ის მკურნალობის სახელმწიფო სტანდარტი დამტკიცდა – რა წერია 37 გვერდიან დოკუმენტში

ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის მკურნალობის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) დაამტკიცა. 24 მარტს დამტკიცებული 37-გვერდიანი დოკუმენტი ეყრდნობა ჯანმოს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ჩინეთის ეროვნული ჯანმრთელობის კომისიისა და ტრადიციული ჩინური მედიცინის სახელმწიფო ადმინისტრაციის, იტალიის ინფექციურ და ტროპიკულ დაავადებათა საზოგადოების მიერ შემუშავებული კორონავირუსის კლინიკური მართვის პროტოკოლებს და რეკომენდაციებს, ასევე, და ხვადასხვა გავლენიან ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიებს.

პროტოკოლში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა კლინიკური გამოვლინებები, დიაგნოსტიკა, მკურნალობასა და მოვლასთან დაკავშირებული საკითხები და დაავადების თავიდან აცილების პრევენციული ღონისძიებებია განხილული.

პროტოკოლის თანახმად, კორონავირუსის სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა ჯერჯერობით ოფიციალურად დამტკიცებული არ არის, თუმცა შესწავლის სტადიაშია დაახლოებით 11-12 მედიკამენტი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი მკვლევრის და ექსპერტის აზრით, ეს მედიკამენტები ვერ უზრუნველყოფს კორონავირუსისგან განკურნებას, მაგრამ ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას და ამცირებს ლეტალობის მაჩვენებელს.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სხვადასხვა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კორონავირუსის ყველაზე ეფექტიან სამკურნალო მედიკამენტად ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) ითვლება. ამასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პროტოკოლში აღნიშნულია, რომ ე.წ. უსიმპტომო პაციენტები ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობას არ საჭიროებენ, ხოლო მსუბუქი მიმდინარეობის პირობებში ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად.

პროტოკოლში ასევე აღნიშნულია, რომ პლაქვენილი გამოიყენება მხოლოდ კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. შესაბამისად, კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით, ვინაიდან მისმა არამიზნობრივმა გამოყენებამ შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას.

გარდა პლაქვენილისა, პროტოკოლის თანახმად, კორონავირუსის მკურნალობის პროცესში, ასევე შესაძლებელია გამოყენებული იყოს 9 დასახელების მედიკამენტი, მათ შორის, რემდესივირი, რომელიც ამერიკულმა კომპანია Gilead Science-მა თავის დროზე შექმნა ებოლას ცხელების სამკურნალოდ, თუმცა, ამ დაავადების ბრძოლის კუთხით ის ეფექტიანი არ აღმოჩნდა.

იხილეთ დოკუმენტის სრული ვერსია – moh.gov.ge

Share