Home » საზოგადოება » ცხინვალის ცნობით, გაფრინდაშვილმა მათ უთხრა, რომ NATO-ში გაწევრიანების მომხრეა
ცხინვალის ცნობით, გაფრინდაშვილმა მათ უთხრა, რომ NATO-ში გაწევრიანების მომხრეა

ცხინვალის ცნობით, გაფრინდაშვილმა მათ უთხრა, რომ NATO-ში გაწევრიანების მომხრეა

ცხინვალი დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის ახალ დეტალებს აქვეყნებს.

“გაფრინდაშვილმა დაკითხვის დროს განმარტა, რომ საზღვარი სპეციალურად გადაკვეთა, რადგან “სოფელ მონასტერში ეკლესიაში მიდიოდა”, თუმცა ამავე დროს მკაფიოდ ვერ შეძლო საკუთარი რელიგიური შეხედულებების ჩამოყალიბება.

ასევე, ვაჟა გაფრინდაშვილმა უარი განაცხადა, ეპასუხა კითხვებზე, რომელ პარტიას ეკუთვნის და განაცხადა, რომ არის მომხრე საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანებისა. საზღვრის გადაკვეთას კი არ აღიარებს, რადგან სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს საქართველოდ და რუსეთის მიერ ოკუპირებულად , რუსეთს კი – საქართველოს მთავარ მტრად”, – წერს ოსური მედია ადგილობრივ უშიშროების სამსახურის ცნობაზე დაყრნობით.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა. გაფრინდაშვილს ადგილზე სახაზინო ადვოკატიც დაუნიშნეს.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

უკვე გუშინ, 19 ნოემბერს, ცხინვალის КГБ-მ [უშიშროების სამსახური]  გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდა სამხედრო ექიმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგში. აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს ქართული მხარე, მათ შორის, გაფრინდაშვილის ოჯახი და მისი კოლეგები.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

netgazeti.ge

Share