Home » საზოგადოება » ციფრული ვალუტის “ფერმები” ენერგეტიკას დიდი პრობლემის წინაშე აყენებს
ციფრული ვალუტის "ფერმები" ენერგეტიკას დიდი პრობლემის წინაშე აყენებს

ციფრული ვალუტის “ფერმები” ენერგეტიკას დიდი პრობლემის წინაშე აყენებს

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში შინამეურნეობის დაახლოებით 5% კრიპტოვალუტას მოიპოვებს ან ინვესტიცია აქვს ჩადებული ციფრული ვალუტის მაინინგში. დასახელებული 5%-დან მხოლოდ რამდენიმე ადამიანია, ვინც კრიპტოვალუტას გააზრებულად გამოიმუშავებს და მოგებასაც იღებს. დაახლოებით 95% არასწორად ვაჭრობს, შესაბამისად, მათ სირთულეებიც ბევრი ხვდებათ. უპირველესი პრობლემა კი ელექტროენერგიის საფასურია, რაც ამ ბიზნესისთვის არსებითად მნიშვნელოვანი და ძვირი სიამოვნებაა.

მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტის ჰანს ტიმერის შეფასებით კრიპტოვალუტას ფართოდ მოპოვების მიზეზი საქართველოში საგადასახადო შეღავათები და ელექტროენერგიის დაბალი ფასია. ცოტა ხანში შესაძლებელია ქვეყნისთვის ერთ-ერთ გამოწვევად ელექტროენერგიის გამოყენება იქცეს, რადგან მისი მოხმარება შეიძლება დრამატულად გაიზარდოს.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა ამბობს, რომ წინა წელთან შედარებით, ენერგიის მოხმარების ტემპი 7%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2019 წელს 9%-ზე შეიძლება ავიდეს.

“თუ გადავხედავთ მოხმარებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაინინგმა განაპირობა ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდა. ჩემი ინფორმაციით, ცოტა ხანში მაინინგის ახალი ობიექტების მშენებლობა და მოწყობა იგეგმება, რაც დენის მოხმარებას 1 მილიარდ კვტ/სთ-ით გაზრდის. ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის ახალი გამოწვევაა”, – განუცხადა “კომერსანტს” მირცხულავამ.

Share