Home » ბიზნესი » “ჩვენი საწარმოს აღჭურვილობებიდან გამომდინარე, შეგვიძლია, რომ ნებისმიერ ბაზარზე დავიმკვიდროთ ადგილი”
"ჩვენი საწარმოს აღჭურვილობებიდან გამომდინარე, შეგვიძლია, რომ ნებისმიერ ბაზარზე დავიმკვიდროთ ადგილი"

“ჩვენი საწარმოს აღჭურვილობებიდან გამომდინარე, შეგვიძლია, რომ ნებისმიერ ბაზარზე დავიმკვიდროთ ადგილი”

 საქართველოს ბაზარზე ,,ნაბეღლავი” გაყიდვებით ნომერ პირველი წყალია

,,ჩვენი კომპანია ჯამში  200-მდე უნიკალურ პროდუქტს აერთიანებს და ექსპორტზე 30-მდე ქვეყანაში გაგვაქვს’’

 

”წყალი მარგებელის” ისტორია ნაბეღლავის მინერალური წყლის მრავალწლიან ისტორიას უკავშირდება. ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო მდებარეობს კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე, მდ. გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 450-475 მ სიმაღლეზე. იგი მრავალი წელია რაც ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს და აღსანიშნავია, რომ მუდმივად განაგრძნობს სიახლეების დანერგვასა და ზრდას. 2017 წელს, მას შემდეგ რაც ,,ნაბეღლავმა’’ ულტრათანამედროვე ქარხანა გახსნა ახალი პროდუქტების ბუმის მომსწრენი გავხდით. დახლებზე გამოჩნდა ,,ბუღა’’, ,,ნაბეღლავის’’ არომატიზირებული წყალი და მრავალი სხვა. იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მრავალფეროვანი ასორტიმენტი გააჩნია ,,ნაბეღლავს, რამდენად მნიშვნელოვანია კოპმპანიის როლი ქვეყნის ექსპორტის ზრდაში და კიდევ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ მისგან ,,წყალი მარგებელის’’ მარკეტინგის მენეჯერს ანა ბერიშვილს ვესაუბრეთ.

-,,ნაბეღლავს’’ საკმაოდ დიდი ისტორია გააჩნია, კონკრეტულად კი 1958 წლიდან დაიწყო მისი ქარხნული წარმოება, თუმცა ბაზარზე არსებობს სხვა ბრენდებიც, რომლებიც აწარმოებენ მინერალურ და სასმელ წყალს. რა არის თქვენი უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით?

– ნაბერლავის ისტორია ბევრად უფრო ადრე იწყება, კონკრეტულად კი 1905 წლიდან, როდესაც გურიაში კურორტ ნაბეღლავში მინერალური წყალი აღმოაჩინეს. ამასთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია არსებობს – როგორც ამბობენ,  წყალი ხარებს მოსწონდათ და სწორედ ასე მიაგნო მას ადგილობრივმა მოსახლეობამ. მოგვიანებით, 1950-ან წლებში პირველი ჭაბურღილი გაიბურღა და უკვე 1958 წელს  ნაბეღლავის წყლის ქარხნული წარმოება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ სრულიად ახალი ეტაპი ნაბეღლავისთვის 1997 წლიდან იწყება, როდესაც ,,წყალი მარგებელი’’ ჩაუდგა სათავეში მის წარმოებას.

ნაბეღლავი გამოირჩევა საკმაოდ ბევრი ღირსებით, იგი მაღალი მინერალიზაციის მქონე წყალია, თუმცა სხვა წყლებისგან განსხვავებით ყოველდღიური მოხმარების პროდუქტია. გარდა ამისა, მას გააჩნია უამრავი სამკურნალო თვისება. სოფელი ნაბეღლავი გამაჯანსაღებელი კურორტი იყო, სადაც მინერალური წყლის აბაზანებს იღებდნენ და ა.შ, ანუ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაბეღლავს გამაჯანსაღებელი ფუნქცია აქვს. ჩვენ მას ჭაბურღილებიდან მოვიპოვებთ დაახლოებით 60-220 მეტრის სიღრმიდან, ასევე ვაწარმოებთ ,,ბახმაროს’’, რომელიც წყაროს წყალია და მას 1000 მეტრის სიმაღლიდან მოვიპოვებთ 3 კილომეტრიანი მილსადენებით. გარდა იმ ნატურალური ასპექტებისა, რაც ჩვენს პროდუქციებს გააჩნიათ, ჩვენს ხარისხზე ისიც მეტყველებს, რომ ნაბეღლავი გაყიდვებით ნომერ პირველი მინერალური წყალია არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც დიდი მოწონებით სარგებლობს. ჩვენს ქარხანას მინიჭებული აქვს FSSC 22000-ისა და ISO 9001-ის სტანდარტები და აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ჩვენ მიერ წარმოებული წყალი აკმაყოფილებს პენტაგონის სტანდარტებს და საქართველოში წვრთნების დროს მყოფი ამერიკის ჯარი „წყალი მარგებლის“ წყლით მარაგდება.

– როგორია ბრენდის მდგომარეობა დღეს, ანუ ქართული ბაზრის რამდენ პროცენტს იკავებთ?

ნაბეღლავი საქართველოს ბაზარზე გაყიდვებით ნომერ პირველი წყალია. მინერალურ წყალ ნაბეღლავს ბაზრის თითქმის 100%-ის დაფარვა აქვს, ხოლო ბახმარო ობიექტების დაახლოებით 85%-შია წარმოდგენილი. ზოგადად ჩვენ გაყიდვების B2B მოდელს ვიყენებთ და  გაყიდვების 20% რეგიონალურ დისტრიბუტორებზეა მიმაგრებული.

– რამდენად მნიშვნელოვანია ,,წყალი მარგებელის’’ როლი ქვეყნის ექსპორტის ზრდაში. რომელ ქვეყნებში გაგაქვთ პროდუქცია და განსაკუთრებით სადაა ყველაზე მოთხოვნადი ,,ნაბეღლავი’’? გეგმავთ თუ არა ახალი ბაზრების ათვისებას?

ჩვენი პროდუქცია დაახლოებით 30 ქვეყანაში გადის. ბოლო პერიოდში დაგვემატა რამდენიმე ახალი ქვეყანაც, თუმცა ჩვენთვის ყველაზე დიდ საექსპორტო ქვეყნებად რჩება: უკრაინა, ბელორუსია, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ამერიკა და ასევე ბალტიის პირეთის ქვეყნებიც. შესაბამისად, ყველაზე დიდი მოთხოვნა ჩვენი პროდუქციისადმი სწორედ ამ ქვეყნებშია. ჩვენს ქარხანას იმდენად დიდი შესაძლებლობები გააჩნია, რომ საქართველოს ბაზარი ამ შესაძლებლობების რეალიზებისთვის მცირეა და დიდი პოტენციალი არსებობს სხვა ქვეყნების ბაზრებისთვის ათვისებისთვის. ეს არის ერთგვარი საექსპორტო ჰაბი, როგორც დსთ-ის ქვეყნებისთვის, ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნებისთვისაც. ჩვენი საწარმოს აღჭურვილობებიდან გამომდინარე, შეგვიძლია, რომ ნებისმიერ ბაზარზე დავიმკვიდროთ ადგილი, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მომავალში ჩვენი მიზანი არის ის, რომ განვვითარდეთ და ავითვისოთ ახალი ბაზრები.

►ნაბეღლავი თურქეთის ბაზარს იპყრობს

ბიზნესსექტორში მოქმედ მსხვილ კომპანიებს ხშირად საზოგადოების ცხოვრებაში დადებითი ცვლილებების გატარებისთვის საკმაოდ დიდი ბერკეტები გააჩნიათ, ,,ნაბეღლავი’’ გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობითა და საქველმოქმედო საქმიანობით. რა ღონისძიებები გაგიტარებიათ ამ კუთხით დღემდე და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– ჩვენი კომპანია გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, რაც ვლინდება არა მხოლოდ იმაში, რომ სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებს ვატარებთ, არამედ იმაშიც, რომ ჩართულები ვართ გარემოსდაცვით საქმიანობაში. ჩვენი ქარხანა, ამ მხრივ,  უნიკალურია, რადგან იგი წარმოადგენს გრინფილდ პროექტს, რაც გულისხმობს გათბობა-გაგრილებისთვის განახლებადი ენერგიის გამოყენებას. ქარხანაში ასევე გამოიყენება მდინარის ენერგია, ხოლო ტექნელოგიებში კომპრესორების თბური ენერგია. შესაბამისად, გარემოზე ზრუნვა ჩვენი ძალიან დიდი სოციალური პასუხისმგებლობაა.

რაც შეეხება საქველმოქმედო აქტივობებს, არ გვიყვარს როდესაც ვაჟღერებთ  ამგვარი ღონისძიებების შესახებ, რადგან მივიჩნევთ რომ ეს არა ჩვენი კომპანიის თავის წარმოსაჩენად, არამედ გარკვეული ადამიანების დასახმარებლად კეთდება. თუმცა, რადგან მკითხეთ, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ჩვენ მუდმივად ვეხმარებით სხვადასხვა ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებს და ა.შ. როგორც პროდუქციით, ისე ფულადი დახმარებით. დღესასწაულების პერიოდში, როდესაც უფრო მეტად სჭირდებათ მათ ჩვენი გვერდში დგომა ჩენც უფრო ვაქტიურდებით ამ კუთხით და მომავალშიც აუცილებლად ვაპირებთ მსგავსი ღონისძიებების გაგრძელებას.

► “ნატოს” ჯარები ავღანეთში შესაძლოა “ნაბეღლავით” მოამარაგონ

2017 წლიდანწყალი მარგებელ“-მა ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ერთერთ უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიარაუხთანერთობლივი წარმოება დაიწყო. მალევე უალკოჰოლო სასმელების ქარხანაც გაიხსნა და როგორც მინერალური წყალი ,,ნაბეღლავის’’ ისე ,,ბახმაროს’’ და ,,რაუხის’’ წვენების, ცივ ჩაისა და სხვა პროდუქციის წარმოებაც დაიწყო. როგორ შეიცვალა მას შემდეგ ექსპორტის მოცულობა და რა ბენეფიტები მოიტანა ამ გაერთიანებამ?

ამ პერიოდში ჩვენი ახალი საწარმოს გასახსნელად იბიარდისთან და სხვა ავსტრიელ და შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად მოზიდულმა საინვესტიციო თანხამ შეადგინა,  დახლოებით, 40 მილიონი ევრო. მათი დახმარებით ჩვენ გავხსენით ახალი ულტრათანამედროვე, საუკეთესო ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა. მის აღჭურვაში მონაწილეობდნენ ისეთი დიდი კომპანიები, როგორიცაა ,,ტეტრაპარკი’’ და ,,კრონესი’’. ეს ქარხანა წარმოადგენს საექსპორტო ჰაბს, შესაბამისად ზუსტად იმისთვის გაიხსნა, რომ მოვამარაგოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ჩვენი პროდუქციით. გაერთიანება არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, რადგან ,,წყალი მარგებლის’’ ჩამონათვალს და პორტფოლიოს დაემატა უამრავი ახალი პროდუქტი.

ჩვენი კომპანია ჯამში ფლობს 200-მდე უნიკალურ პროდუქტს და ექსპორტზე გავდივართ 30-მდე ქვეყანაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა და ავითვისეთ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: ქუვეითი, ჩინეთი, საუდის არაბეთი, კატარი. ამ ქვეყნებში მოგეხსენებათ, რომ ხარისხის საკმაოდ მაღალი სტანდარტებია და სწორედ ახალი ქარხანის დახმარებით შევძელით მათი დაკმაყოფილება და ბაზარზე შესვლა.

2017 წლის აგვისტოდან ბაზარზე ,,წყალი მარგებელის’’ ახალი პროდუქტი ,,ბუღა’’ გამოჩნდა, რომლის ქოლგის ქვეშ დაიწყო მოჰიტოს წარმოებაც,რითია გამორჩეული ეს პროდუქტები, სარგებლობს თუ არა იგი პოპულარობით ქართველ მომხმარებლებში და რა სიტუაციაა ექსპორტის მხრივ?

– ,,ბუღა’’ ძალიან საინტერესო პროდუქტია, რადგან მან გამოსვლის დღიდან საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თავდაპირველად ჩვენი კამპანია ,,არ არის გოგონებისთვის’’ გაწერილი იყო დროში, რომელსაც ექნებოდა თავისი კულმინაცია, თუმცა აჟიოტაჟის შემდეგ იძულებულები გავხდით, რომ ეს კამპანია შუა გზაზე შეგვეჩერებინა. ზოგადად იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ქვეყანაში გვაქვს ქალების დისკრიმინაცია, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის და რაზეც მხოლოდ ოჯახში საუბრობენ, რეალურად კი ყველა თვალს ხუჭავს. გვსურდა ეს საკითხი გამოგვეტანა დღის სინათლეზე და თემა სახალხო გაგვეხადა, გვესაუბრა მასზე და გვემსჯელა პრობლემის გადაჭრის გზებზე. სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ ჩვენი ფინალური მესიჯის მიტანა საზოგადოებამდე, რადგან მალევე მივიღეთ წერილი ომბუცმენის აპარატისგან და წარმოების ახალ პარტიაში უკვე ვეღარ ნახავთ მსგავსი აკრძალვის ნიშანს. მიუხედავად ამისა, ჩვენი ეს ნაწარმი მომხმარებლებში საკმაოდ დიდი მოწონებით სარგებლობს. მისი შემადგენლობა, ჩამოსხმის ხარისხი, შეფუთვა და ა.შ აკმაყოფილებს უმაღლეს ხარისხს. თვითონ ,,ბუღას’’ ბრენდი გვინდოდა, რომ ყოფილიყო მეამბოხე, ენერგიის გამომხატველი და, რა თქმა უნდა, გვსურდა, რომ მისი სახელი მისაღები ყოფილიყო სხვა ქვეყნებისთვისაც. ბუღა კი ნამდვილად არის ისეთი სიტყვა – მას იგივე მნიშვნელობა აქვს თურქეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც. შესაბამისად, გამოვიყენეთ ეს უნიკალური სიტყვა, რომელიც კარგად ჯდებოდა ჩვენს კამპანიაში, ზუსტად აღნიშნავდა ენერგეტიკული სასმელის დანიშნულებას და მისაღები იყო სხვა ქვეყნებისთვისაც.

რაც შეეხება ,,მოჰიტოებს’’, ეს პროდუქცია საინტერესოა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ესაა უალკოჰოლო სასმელი, რომელიც დამზადებულია ნატურალური არომატიზატორებისგან, აქვს ბუნებრივი გემო და არის გაზირებული სასმელი. სწორედ ეს პროდუქცია სარგებლობს ყველაზე დიდი პოპულარობით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს მომხმარებელს საკმაოდ მოსწონს აღნიშნული ბრენდი ვაპირებთ, რომ ახალი პროდუქტები დავამატოთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ იგი.

– ბოლო პერიოდში დახლებზე გამოჩნდა მინერალური წყალი ,,ნაბეღლავი’’ ლაიმის და მოგვიანებით გრეიპფრუტის გემოთი, რაც სიახლე იყო ქართული ბაზრისთვის, რატომ მიიღეთ მსგავსი გადაწყვეტილება, როგორ მიიღო მომხმარებელმა ახალი პროდუქცია და რა მარგებელი თვისებებით გამოირჩევა ისინი?

– საინტერესოა არომატიზირებული ნაბერლავების ისტორია. ხშირად, ვაწყდებოდით ისეთ ფაქტს, რომ ბევრ ჩვენს მომხმარებელს ძალიან მოსწონდა ნაბეღლავთან ერთად ერთი ნაჭერი ლიმონის ან სხვა ციტრუსის მირთმევა. აღნიშნულ აქტთან დაკავშირებული კვლევებისა და დაკვირვებების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ გამოგვეყენებინა ჩვენი რესურსები და ჩამოგვესხა ნაბეღლავი ლაიმის არომატით უკვე ქილის შეფუთვაში. ეს პროდუქცია ბაზარზე ნამდვილად სიახლე იყო, თავდაპირველად მომხმარებელი ცოტა დაიბნა, რადგან ისინი ელოდებოდნენ ლიმონათის მსგავს პროდუქციას, თუმცა რეალურად ეს არის მინერალური წყალი, რომელსაც ყველა საკუთარი მარგებელი თვისება შენარჩუნებული აქვს, თუმცა ამავე დროს, დამატებული აქვს არომატის სახით ლაიმის გემო. ეს პროდუქცია ერთი წლის წინ გამოვუშვით და დღეის მონაცემებით და კვლევებზე დაყრდნობით იგი საკმაოდ წარმატებული პროდუქცია აღმოჩნდა. აღნიშნული პროდუქციით უკვე მოვიცავით: უკრაინა, ბელორუსია, აზერბაიჯანი, აშშ, ყაზახეთი და იქაც საკმაოდ წარმატებით იყიდება ეს პროდუქტი. ლაიმის არომატის შემდეგ კვლევებმა აჩვენა, რომ მომხმარებელი კიდევ ელოდებოდა რაღაც სიახლეს ამ კუთხით, ამიტომ ჩვენ გავამართლეთ მათი მოლოდინები და გამოვუშვით ნაბეღლავი გრეიფრუტის გემოთი. ამ პროდუქტების ღირსებას არა მხოლოდ მისი გამაჯანსაღებელი ეფექტი და გემოვნური თვისებები წარმოადგენს, არამედ შეფუთვაც საკმაოდ მოსახერხებელი და ფერადია, რაც თავის მხრივ ზაფხულთან და გაგრილებასთან ასოცირდება.

რა სამომავლო გეგმები აქვს თქვენს კომპანიას, გეგმავთ თუ არა ახალი პროდუქტების შემოტანას ბაზარზე, წარმოების გაფართოებას და ა.შ.?

– ჩვენს მომხმარებელს ბევრი სიურპრიზი და სიახლე ელის. ზაფხულის პერიოდი ზოგადად სასმელი ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ჩვენთვისაც. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი საწარმო ხელს გვიწყობს მრავალი ახალი, საინტერესო პროდუქტის გამოშვებაში გვინდა, რომ ეს რესურსი გამოვიყენოთ მაქსიმალურად. ცოტა ხნის წინ ბაზარზე გამოჩნდა ჩვენი ახალი პროდუქტი არაგაზირებული, მინერალური წყალი ,,ჯეო ნატურა’’ , რომელიც საინტერესო პროდუქტია, რადგან გვსურდა გამოგვეშვა წყალი, რომელსაც კავშირი ექნებოდა მთლიანად საქართველოსთან და არა მხოლოდ კონკრეტულ სოფელთან ან დასახლებასთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბუნება მსოფლიოშია ცნობილი თავისი განსაკუთრებულობით, სწორედ ამიტომ ამ ბრენდით გვინდოდა კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი ამ ყველაფრისთვის. მომავალში ვაპირებთ ამ ხაზის განვითარებასაც,  მისი ქოლგის ქვეშ ახალი პროდუქტების გამოშვებასა და გავრცელებას.

ესაუბრა მარიამ აბრამიშვილი

Share