Home » საზოგადოება » „ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია საკმაოდ მოძველებულია და არავინ ფიქრობს მის მოდერნიზაციაზე”
„ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია საკმაოდ მოძველებულია და არავინ ფიქრობს მის მოდერნიზაციაზე”

„ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია საკმაოდ მოძველებულია და არავინ ფიქრობს მის მოდერნიზაციაზე”

„პირდაპირ ვამბობ, რომ სახეზე იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, თუმცა მეორე მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ადგილი ნამდვილად ჰქონდა ძალის გადამეტებას და არაპროპორციული ძალის გამოყენებას”

ქვეყნაში არსებულ უსაფრთხოების სტრატეგიას და სპეცსამსახურების მუშაობის ეფექტიანობას ქვეყნის სტაბილური განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. საქართველოში განვითარებულმა ბოლო პროცესებმა აშკარად აჩვენა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, „ბანკები და ფინანსები” უსაფრთხოების ექსპერტს, ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.

– ქვეყნის უსაფრთოების სტრუქტურაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი სპეცსამსახურებს უკავიათ და, შესაბამისად, მათი გამართული მუშაობა უსაფრთხეობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ქვაკუთხედს წარმოადგენს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხშირად ექსპერტებისა თუ პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკული მოსაზრებები ისმის. არსებობს მოსაზრება, რომ სპეცსამსახურები გამართულად არ მუშაობენ და არსებული რისკების შეფასების სისტემა ვერ უზრუნველყოფს არსებულ გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირების შესაძლებლობებს. თქვენი აზრით, რამდენად გამართულია ეროვნული უსაფრთხოების სისტემა და რამდენად ეფექტურად მუშაობენ ქვეყნის სპეცსამსახურები?

– ზოგადი შეფასებით მიმაჩნია, რომ ქართული უსაფრთხოების სისტემა გამართული არ არის, მაგრამ არის გარკვეული ელემენტები სპეცსამსახურებთან მიმართებაში, რომლებიც ეფექტურად მუშაობენ. მაგალითად, სუს–მა დაამტკიცა, რომ მისი ეფექტურობის დონე რამდენიმე მიმართულებით შედარებით მაღალია ესენია – კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ტერორიზმთან ბრძოლა, კიბერდანაშაულებებისა და კიბერტერორიზმთან ბრძოლა, კონსტიტუციური წესრიგის მიმართულება. შესაბამისად, სუს–ის მუშაობას, მეტნაკლები ხარვეზების მიუხედავად, შევაფასებდი დადებითად.

სხვა სტრუქტურების შემთხვევაშიც არის პოზიტიური მომენტები, მაგრამ, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოვლინდა სერიოზული ხარვეზები და ნათლად გამოჩნდა სისტემური რეფორმების აუცილებლობა. უნდა გავიხსენოთ, რომ პოლიტიკური ცვლილების პარალელურად, შსს–ში არ მომხდარა ძირეული რეფორმები, მათ შორის სპეციალური დანიშნულების რაზმების გადამზადების მიმართულებით. ავტორიტარული რეჟიმის დროს შექმნილი სისტემის მოშლის, დემონტაჟის ელემენტი ძალიან ზედაპირულად განხორციელდა. რაც საბოლოოდ საკმაოდ მძიმედ დაუჯდა ხელისუფლებას.

ფაქტია, რომ 20 ივნისს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ჩემთვის გასაოცარია, როდესაც გარკვეული ტელევიზიები და ადამიანთა ჯგუფი ამას ისე ასაღებს, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლას. არადა ეს არის ყოველგვარ აზრს და ლოგიკას მოკლებული. ანტისახელმწიფოებრიობას არსად არ უშვებენ – არც ერთ ქვეყანაში. მე ვემიჯნები ყველანაირ ლიბერტარიანულ, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს და პირდაპირ ვამბობ, რომ სახეზე იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. თუმცა, მეორე მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ადგილი ნამდვილად ჰქონდა ძალის გადამეტებას და არაპროპორციული ძალის გამოყენებას. ბევრ კითხვებს იწვევს მათი პროფესიონალიზმის ელემენტები, ვინაიდან იქ არ გატარებული სისტემური რეფორმები, რომელიც ამას აღმოფხვრიდა. გაუგებარია, როდესაც საგარეო დაზვერვის სამსახურს ასეთი სერიოზული შეცდომები მოსდის გავრილოვთან დაკავშირებით.

გავრილოვი იყო პროფესიონალი მზვერავი, რომელიც იყენებს თავის მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას სხვადასხვა მიზნით, მათ შორის თავისი ქვეყნის პოლიტიკური ინტერესების შესაქმნელად. მაგრამ ამ დროს საგარეო დაზვერვის სამსახური რას აკეთებს და რატო არ გამოავლინა ასეთი მაღალი დონის პროფესიონალი ჩემთვის სრულიად გაუგებარია.

არადა, საგარეო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს სასაზღვრო დეპარტამენტს თავისუფლად შეეძლო ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე არ შემოეშვა იგი ქვეყანაში. მათ არანაირი ვალდებულება არ ჰქონდათ რომ აეხსნათ გავრილოვისთვის თუ რატომ არ უშვებდნენ ქვეყანაში.
კონსტიტუციაშიც კი ძალიან ბუნდოვნად არის განმარტებული თუ როგორ უნდა იყოს ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებული. წინა კონსტიტუციური მოდელიც კი, რომელსაც უამრავი ხარვეზი ჰქონდა, ამ მიმართულებით ნამდვილად სჯობდა დღევანდელ კონსტიტუციას.

ახალი კონსტიტუციით ისიც კი არ ირკვევა ვინ არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი. ბევრჯერ წავიკითხე სპეციალურად და მეც კი, უსაფრთხოების სპეციალისტმა, ვერ გავარკვიე თუ ვინ არის ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი მთავარსარდალი, რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს.

– ქვეყნის უსაფრთხოების სიტემაში ეროვნული უშიშროების საბჭოს წესით მნიშვნელოვანი როლი უნდა ეკავოს. თუმცა, ბოლო წლებში უშიშროების საბჭოს რეფორმა განხორციელდა იმგვარად, რასაც, ასევე, დიდი კრიტიკა მოჰყვა. ძოგადად, როგორ შეაფასებთ უშიშროების საბჭოს დანიშნულებას და თქვენი შეფასებით რამდენად ეფექტიანია დღევანდელი აღნიშნული უწყება? ხომ არ აზიანებს ეროვნული უშიშროების საბჭოს რეორგანიზაცია და მისი გადატანა პრემიერის დააქვემდებარებაში ქვეყნის უსაფრთხოების სისტემას?

– ამ სისტემის ამორფულობა და პოლიტიკური ატროფირება სახეზეა. ჩვენთან არ არის კარგად აღქმული, თუ როგორი უნდა იყოს ეროვნული უსაფრთხოების გარემო, არ არის გამოკვეთილი ეროვნული ინტერესები.

ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია საკმაოდ მოძველებულია და არავინ ფიქრობს მის მოდერნიზაციაზე. მიხეილ სააკაშვილის, 2008 წლის დროინდელი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, ანუ ომის წინანდელი სტრატეგია გვაქვს დღესაც.

მაშინ როდესაც კონცეპტუალურ დოკუმენტებში ისიც არ წერია რა საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და როგორ უნდა მოვარგოთ მას ეროვნული უსაფრთხოების სისტემა.

ეს ყველა მაგალითი აუცილებლად გასათვალისწინებელია, რადგან ჩვენ ისეთივე უსაფრთხოების დილემის წინაშე ვდგებით როგორიც იყო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1920– 30–იანი წლების პერიოდში.

– ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული საკმაოდ საეჭვო პროცესების ფონზე გაჩნდა მოსაზრება, რომ საქმე გვაქვს კარგად გააზრებულ, დაგეგმილ და განხორციელებულ რუსულ პროვოკაციებთან. თქვენი შეფასებით, პანკისი, დავით გარეჯი, აჭარის თემის წამოწევა და გავრილოვის ვიზიტი ხომ არ არის რუსული სპეცსამსახურების მიერ კარგად დაგეგმილი ოპერაცია?

– რუსეთის ფედერაცია ჩვენი ოფიციალური მტერია, ჩვენი სამხედრო მტერი და, ბუნებრივია, მათი სპეცსამსახურები მუდმივად მუშაობენ საქართველოს წინააღმდეგ. როდესაც ქვეყნებს გააჩნიათ მტრების სტატუსი, ამ შემთხვევაში ორივე ქვეყნის სპეცსამსახურები მუშაობენ როგორც ომიანობის პერიოდის დროს. ამიტომ ამ კუთხით, ამ ჰიპოთეზის დამადასტურებელი ფაქტი შეიძლება გამოვავლინოთ.

თუმცა, მე არ მიმაჩნია ეს თეორია მართებულად და არ შეიძლება პროფესიონალურ დონეზე ეს ყველა ფაქტი ერთმანეთთან დავაკავშიროთ.

ყველა ამ მოვლენას ჰქონდა თავისი პოლიტიკური საფუძველი. სოციალური პრობლემა გვქონდა პანკისში, გავრილოვის და ბათუმის მოვლენების შემთხვევაში აშკარად იკვეთება რუსეთის სპეცსამსახურის ძალიან კარგად დაგეგმილი, მრავალკომბინირებული ოპერაცია.

რაც შეეხება დავით გარეჯს, ეს საკითხი აგორებული იქნა ორი სახელმწიფოს პოლიტიკური ფიგურების მიერ. არ მიმაჩნია, რომ ეს პირდაპირ დაკავშირებულია სპეცსამსახურებთან, მე ეჭვი მეპარება, რომ აზერბაიჯანი პირდაპირ რუსეთის სპეცსამსახურის დავალებებით მოქმედებს. აზერბაიჯანს საკმაოდ ეფექტური სპეცსამსახურები ჰყავს და მათ არაერთი ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის რუსეთის სპეცსამსახურების მუშაობის მიმართულებითაც. უბრალოდ აქ მოხდა ამ თემის გენერირება გარკვეული მოვლენების შემდეგ. ანუ,
როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა დააყენა საკმაოდ სამართლიანი მოთხოვნა, რომ საკითხი გადასულიყო პოლიტიკური მსჯელობის დონეზე. ეს იყო აბსოლუტურად კანონიერი მოთხოვნა და მე ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ, უბრალოდ აზერბაიჯანულმა მხარემ ამ საკითხის წინ წამოწევა სხვაგვარად გადაწყვიტა, თუმცა ეს უკვე სხვა მომენტია.

ერთი ის თუ რა როლი უკავია აზერბაიჯანს ოფიციალურ დონეზე და მეორე ის თუ რას ახორციელებს ის დე–ფაქტოდ. ამ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა ორ სახელმწიფოს შორის არსებული ძველი დილემური პრობლემის გამოტანას პოლიტიკურ დონეზე. ადრე ეს პოლიტიკური მხარე არ ჩანდა, ვინაიდან ითვლება, რომ ჩვენ და აზერბაიჯანი სტრატეგიული მოკავშირეები ვართ, მაგრამ მეგობრული სახელმწიფოების ეროვნული ინტერესებიც ზოგჯერ ერთმანეთის თანხვედრაში არ არის.

– ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე მოდის. ახალი ბაზრების ათვისება, შესაბამისად, მთელ რიგ ქვეყნებთან ღია და ეფექტიანი ეკონომიკური თანამშრომლობის დამყარება, ბუნებრივია მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. რას იტყვით ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, როგორც ეროვნული უსაფრთხოების ნაწილზე, რამდენად გონივრული იქნება უარის თქმა რუსეთთან სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რადგან იგი ამ საკითხს პერიოდულად საქართველოს დასაშანტაჟებლად იყენებს?

– რაც შეეხება ეკონომიკურ უსაფრთხოებას – თუ შენ გაქვს მტერ სახელმწიფოსთან 25%–ზე მეტი ეკონომიკური დამოკიდებულების კოეფიციენტი, რაც უკავშირდება სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობებს ეს უკვე არასწორია. არავითარ შემთხვევაში დამოკიდებულება 25%–ზე მეტი არ უნდა იყოს, ვინაიდან შემდეგ ხდები დამოკიდებული ამ ქვეყნის ნება–სურვილზე.

საქართველომ – რუსეთი ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ასეთი მაღალი მოწყვლადობა ეკონომიკური დამოკიდებულებისა არ მიმაჩნია მართებულად.

მაგალითად, ღვინის ექსპორტის მიმართულებითაც ეს კოეფიციენტი 25%–ს გაცილებით ცდება, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, საბანკო საქმიანობის მიმართულებით და ა.შ. ეს ყველა კოეფიციენტი რომ შევკრიბოთ, საერთო ჯამში რამდენიმე ინდიკატორი რომ დავაჯამოთ, გამოჩნდება, რომ საქართველოს დამოკიდებულება რუსეთისთთან ეკონომიკურ ურთიერთობებში 25%–ს ნამდვილად აჭარბებს.
სწორედ ამ მაღალმა ეკონომიკურმა დამოკიდებულებამ ჩვენ მიგვიყვანა საკმაოდ სავალალო მდგომარეობამდე. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახა ლარის კურსზე და ჩვენ საფინანსო რყევის რეჟიმში მოვხვდით.

ჩვენ, შესაძლოა, დავკარგოთ 1 მილიარდიდან 1.5 მილიარდამდე შემოსავალი რაც სერიოზული დარტყმაა ჩვენი ეკონომიკისთვის. ასევე მივიღეთ პოლიტიკური რყევები, რაც პირდაპირ კავშირშია საინვესტიციო გარემოს გაუარესებასთან.

ისედაც პირველ–მეორე კვარტალში გვქონდა ინვესტიციების მნიშვნელოვანი შემცირება და მაჩვენებელი, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად დაეცეს მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი კი ეკონომიკური უსაფრთხოების მიმართულებით არასწორმა გათვლებმა და არასტრატეგიულმა ხედვამ მოიტანა.

– გლობალური პოლიტიკა, ცხადია, გარკვეულ გავლენას ახდენს საქართველოზეც. ერთი მხრივ, ჩვენ დეკლარირებული გვაქვს, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, მეორე მხრივ რუსეთი ჩვენი მეზობელია, რაც ბუნებრივი მოცემულობაა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე რუსული და ამერიკული სპეცსამსახურების დაპირისპირების ეპიცენტრმა, უკრაინასთან ერთად საქართველოში გადმოინაცვლა?

– კი, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმებით. დღეს მსოფლიოს დგას ახალი ცივი ომის მიჯნაზე. დღეს ამერიკა და რუსეთი არიან დაუძინებელი მტრები. გაცილებით უფრო რთული მტრები არიან, ვიდრე ეს იყო კლასიკური ცივი ომის პერიოდში. დღეს, არანაირი წესები აღარ არის დაცული. ამას სულ სხვა მიზეზები აქვს და ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. აქ, არამარტო რუსეთისა და ამერიკის სპეცსამსახურების ჩართულობა, არამედ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ჩართულობაც ძალიან მაღალია.

უკიდურესად რთული სიტუაციაა ირანსა და აშშ-ის შორის და დღე-დღეზე შესაძლოა მართლა დაიწყოს საომარი მოქმედებები. ამან შესაძლოა ირანული სპეცსამსახურების ჩართულობა გაზარდოს საქართველოში, თანაც იმის ფონზე, რომ თურქული სპეცსამსახურები უკვე ჩართულნი არიან ჩვენთან.

მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ შავი ზღვის უნივერსიტეტის საკითხი, რომელიც მთლიანად მიანიშნებს თურქეთის სპეცსამსახურების მაღალ ჩართულობაზე. სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს შესაძლოა ჰქონდეთ აქ ინტერესები, მაგრამ ოთხი ქვეყნის სპეცსამსახურების ჩართვა უკვე დიდ რამეზე მეტყველებს.

– ბოლო დროს აქცენტი კეთდება ანაკლიის პორტის პროექტზე, როგორც საქართველოს უსაფრთხოების მნიშვნელოვან ელემენტზე. რას ნიშნავს ეს, ხომ არ გახდა ანაკლიის პორტის პროექტი არაეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების პროექტი?

– ეს გახდა გეოპოლიტიკური თამაშების თემა. პრემიერის აშშ-ში ვიზიტისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პირდაპირ განაცხადა, რომ ამერიკა არ დაუშვებს ჩინეთის მხრიდან ჩართულობას ამ პროექტში. მოგეხსენებათ, აშშ-სა და ჩინეთს შორის დღეს საკმაოდ რთული ვითარებაა. უკვე დადგა დრო, როცა არსებობს მულტიპოლარული ცივი ომი, ამერიკას უპირისპირდება ჩინეთი და რუსეთი. ფოთის პორტი და ანაკლიის პორტი გახდა დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი ამ სამ სახელმწიფოს შორის. ეს სამწუხარო რეალობაა და ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ უკვე ვართ გეოპოლიტიკურ მაღალ პროცესებში ჩართული და შემდგომში ეს პროცესები სადამდე მიგვიყვანს, ეს ცალკე საუბრის თემაა.

– რამდენად რეალურია მასშტაბური საომარი კონფლიქტის გაჩაღება ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და ამ კონფლიქტის კონტექსტში საქართველომ როგორ უნდა იმოქმედოს?

– ამერიკას საქართველოში ბაზების განლაგება ირანთან მიმართებაში საერთოდ არ სჭირდება იმიტომ, რომ საკმაო ბაზები გააჩნია მას ირანთან მიმართებით, იგივე აღმოსავლეთში, თუნდაც სირიასა და ირანში. უფრო მეტსაც გეტყვით. ფაქტიურად ერაყში ამერიკელები ცდილობენ დახურონ თავიანთი სამხედრო ბაზები, დაიწყონ მასობრივი ევაკუაცია, მათ შორის ამერიკული ნავთობკორპორაციის სტაფის. ასევე, ყატარში უკვე ჩაფრინდა ცხრა F22-ის სტრატეგიული ბომბდამშენები, რომლებიც როგორც ჩანს მონაწილეობას მიიღებენ ირანის დაბომბვის ოპერაციაში. უნდა ითქვას, რომ ირანისა და აშშ-ის კონფლიქტი არ იქნება ფართომასშტაბიანი კონფლიქტი, ყოველშემთხვევაში პირველი ფაზა მაინც. ამერიკელები განახორციელებენ 13 სტრატეგიული ბირთვული ობიექტის დაბომბვას, რამდენად წარმატებით, ეს სხვა საკითხია.

ირანი არ არის ერაყი, არც სირია, არც ავღანეთი და არც ლიბია. ის კერკეტი კაკალია დღევანდელი ამერიკისთვის. მეორე ფაზით ირანელები პასუხს გასცემენ ამერიკელებს და წავა ასიმეტრიული ოპერაციები მთელს აღმოსავლეთში, რამაც შესაძლოა სერიოზული ზარალი მიაყენოს ამერიკასაც. ამერიკას არ გააჩნია ირანში რეჟიმის ცვლილების რესურსი და ის იქ უბრალოდ სტრატეგიული ობიექტების დაბომბვით შემოიფარგლება. ამიტომ, საქართველოში ირანის წინააღმდეგ ბაზების განთავსება ამერიკელების ინტერესში არ უნდა იყოს,
რადგან თუ აქედან აფრინდა თვითმფრინავი, ის ავტომატურად მოექცევა რუსული სამხედრო საჰაერო ძალების არეალის ქვეშ. რუსეთს სამხრეთ კავკასიაში გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვთ – ამერიკელებს ეს ესმით. ამიტომ საქართველოს ირანის პლაცდარმად გამოყენების მცდელობას აზრი არ აქვს. აქედან გასულმა საჰაერო ხომალდმა სომხეთი უნდა გადაიფრინოს, სადაც რუსები აკონტროლებენ სიტუაციას, ან აზერბაიჯანი, სადაც იგივე სიტუაციაა. თუმცა, აზერბაიჯანი ამას თვითონაც არ დაუშვებს. საქართველო არის რეგიონში ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ამერიკისთვის.

– რამდენად რეალურია საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა და თქვენ რას იტყოდით, მეხუთე პუნქტის შეჩერების გათვალისწინებით საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე?

– ჯერ საუბარია მაპის მინიჭებაზე და ამის შემდგომ უნდა გავითვალისწინოთ სხვა მოვლენები. ამ ეტაპზე მაპის მინიჭებას საქართველოსთვის არაფერი არ უდგას. საქართველო ასრულებს იმ საშინაო დავალებებს, რასაც ნატო მას აძლევს. არ ვიცი ბოლო პერიოდის ეკონომიკური მდგომარეობა და პოლიტიკურად არასტაბილური სიტუაცია რამდენად ხელს უწყობს ამ პროცესს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ვინ იდგა ამ არეულობების უკან, ვის ინტერესებში შედიოდა რეალურად ასეთი არეულობის მოწყობა, იმიტომ რომ პოლიტიკური დესტაბილიზაცია და კრიზისი ნამდვილად არ შეუწყობს ხელს ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ჩვენ, ფაქტობრივად მზად ვართ ნატოში გაწევრიანებისთვის სამხედრო პოლიტიკური კუთხით, მაგრამ ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული. ეს ნატოს ქვეყნების გადასაწყვეტია, თუმცა აქაც გარკვეული დაპირისპირებები არსებობს. პომპეომ ჩვენს გაწევრიანებას ღიად დაუჭირა მხარი, მაგრამ როგორც წინა გამოსვლებმაც აჩვენა, ამერიკელებისთვის ეს მნიშვნელოვანია, თუმცა გადამწყვეტი სიტყვის თქმა მათი მაინც არ არის. მეოთხე პუნქტის საფუძველზე, გაწევრიანების გადაწყვეტილებას კონსესუსის საფუძველზე იღებენ, თუ ერთმა ქვეყანამაც კი შეიკავა თავი, გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ჩვენი ბედი უფრო წყდება ბერლინში, პარიზში, ბრიუსელში, ამსტერდამში, იგივე მადრიდსა და რომში, ვიდრე დავუშვათ იგივე ვაშინგტონში, ვილნიუსში, ვარშავასა თუ რიგაში.

ესაუბრა გიორგი კაპანაძე

Share