Home » საზოგადოება » „ჩვენი ამოცანაა, რომ ყოველწლიურად 50-60 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა შევძლოთ“
„ჩვენი ამოცანაა, რომ ყოველწლიურად 50-60 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა შევძლოთ“

„ჩვენი ამოცანაა, რომ ყოველწლიურად 50-60 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა შევძლოთ“

ჩვენი ამოცანაა, რომ ყოველწლიურად 50-60 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა შევძლოთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბიზნესთან ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია. სწორედ ბიზნესმა უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, რაც საბოლოო ჯამში დაგვეხმარება სიღარიბე ნაბიჯ-ნაბიჯ შევამციროთ და დავძლიოთ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, ბიზნესმა იცის ამის შესახებ. ინიციატივების დიდი ნაწილი შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესს. საქართველოში ჩვენ გვაქვს სიღარიბის პრობლემა, რომლის გამომწვევი წყარო არის რამდენიმე და მათ შორის ის, რომ ჩვენს ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი არის მცირე. ეს უკავშირდებოდა იმას, რომ ის ეკონომიკური მოდელი, რომელიც იყო საქართველოში და ის შიდა წესები, რომლებიც მაშინ მოქმედებდა, ზღუდავდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საშუალებას. შესაბამისად, ის ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც ამოქმედდება 2018 წელს, ის სასტარტო კაპიტალის რეფორმა, ის დაზღვევის ინსტრუმენტები, რომლებიც ჩვენ ევროკავშირთან ერთად შევიმუშავეთ, ის ექსპორტის წამახალისებელი პროგრამები, ორიენტირებული იქნება სწორედ იმაზე, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმა უფრო მეტი სამუშაო ადგილის გენერირება შეძლოს. ჩვენი ამოცანაა, რომ ყოველწლიურად 50-60 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა შევძლოთ. მე ვისურვებდი, რომ ამ სამუშაო ადგილების დიდი ნაწილი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდიოდეს“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, მთავრობა გააგრძელებს ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომ საქართველო იყოს უფრო ეფექტურად ინტეგრირებული გლობალურ პოლიტიკაში.

„ჩვენი ბაზარი საკმაოდ მცირეა იმისთვის, რომ ბიზნესმა აქტიური განვითარება შეძლოს, ამიტომ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები, რომ გავხადოთ ჩვენი კომპანიები უფრო კონკურენტუნარიანი. მაგალითისთვის შემიძლია დაგისახელოთ ლოგისტიკა, რომელიც საქართველოში მეწარმეებისთვის ჯერ კიდევ საკმაოდ მსხვილ ხარჯად რჩება. თუ გადახედავთ საერთაშორისო რეიტინგებს, სწორედ ამ პოზიციაში გვაქვს ჩვენ დიდი პოტენციალი. საგადასახადო პოლიტიკა იქნება მაქსიმალურად ლიბერალური. ჩვენ წარვადგინეთ ინიციატივები, რომ ე.წ. დრაკონული წესები ჯარიმებისა და საურავების დაწესების მიმართულებით, შეიცვალოს. დღგ-ს დაბრუნების რეფორმის ფარგლებში წელს ქართველ მეწარმეებს ნახევარ მილიარდზე მეტი დაუბრუნდათ. ამ პროგრამას მომავალ წელსაც გავაგრძელებთ, ჩვენი ამოცანაა, რომ 2018-2020 წლების განმავლობაში ჩვენმა მეწარმეებმა 1,5 მილიარდი ლარი დაიბრუნონ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Share