Home » საზოგადოება » „ჩვენ ვცდილობთ მედიკამენტების ბაზარზე ფასების ცვლილებების რეალური სურათი ავსახოთ“
„ჩვენ ვცდილობთ მედიკამენტების ბაზარზე ფასების ცვლილებების რეალური სურათი ავსახოთ“

„ჩვენ ვცდილობთ მედიკამენტების ბაზარზე ფასების ცვლილებების რეალური სურათი ავსახოთ“

„აფბა“ მედიკამენტების ბაზრის კვლევას განაგრძობს – რას გულისხმობს „ფანასკერტელის ინდექსი“

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ პროექტ „ფანასკერტელის ინდექსის“ ფარგლებში მედიკამენტების ბაზარზე ფასების მონიტორინგს აგრძელებს, რასთან დაკავშირებითაც „აფბას“ პრეზიდენტს შოთა გულბანს ვესაუბრეთ.

– რას გულისხმობს პროექტი „ფანასკერტელის ინდექსი“ და რატომ შეიძლება იყოს ინდექსზე დაკვირვება საინტერესო, რას გვიჩვენებს ის?

– პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტს ჩვენი ორგანიზაცია რამდენიმე წლის უკან ახორციელებდა, შემდეგ გარკვეული პერიოდი პაუზა გვქონდა და ახლა ისევ ვაგრძელებთ. მარტივად რომ გითხრათ, „ფანასკერტელის ინდექსი“ გულისხმობს მეტიკამენტების ბაზარზე ფასების გაზომვას მისი მუდმივი მონიტორინგის გზით და შედეგების აქტუალიზაციას საზოგადოების ფართო წრეებში. ის არის თვლადი, ციფრული მაჩვენებელი, რომელიც საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, ყოველთვიურ რეჟიმში გვაძლევს ინფორმაციას მედიკამენტების ფასთა ცვლილების შესახებ. დაკვირვების ობიექტად აღებული გვაქვს 200 დასახელების მედიკამენტი, რომელშიც შედის ყველაზე მოთხოვნადი და მოხმარებადი ჯგუფები, როგორც იმპორტული, ისე ადილობრივი წარმოების. ეს სია შედგენილია ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებთან კონსულტაციების გზით და მაქსიმალურად მოიცავს ყველა იმ პრეპარატს, რომლებზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა. შერჩეული მედიკამენტების ფასების დადგენას ვახორციელებთ 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში, ხოლო მისი გამოთვლა ხდება მარტივი არითმეტიკული ფორმულის საფუძველზე, რომლის უკანაც ძალიან დიდი შრომა იმალება, მოგეხსენებათ ფასების დადგენა მედიკამენტებზე ყოველ თვე, არცთუ ისე იოლი საქმეა.

ამ პროცესებით გვინდა, რომ მედიკამენტების ბაზარზე ფასების ცვლილებების რეალური სურათი ავსახოთ და თან გამოვიკვლიოთ ფასებზე მოქმედი ფაქტორები, რაც ნამდვილად საინტერესო იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ოდნავ მაინც აინტერესებს ეს საკითხი.

– რატომ ფანასკერტელი და არა რამე სხვა სახელი?

– ჩვენ როდესაც ინდექსის შექმნაზე ვმუშაობდით, ცხადია, მისი სახელწოდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. პირდაპირ გეტყვით, სახელის მთავარი ინსპირაცია დაკავშირებულია ზაზა ფანასკერტელთან, რომლის ღვაწლი და დამსახურება ქართული მედიცინის ისტორიაში საკმაოდ დიდია. ყველას მოგვეხსენება, რომ ზაზა ფანასკერტელი იყო მე-15 საუკუნის ცნობილი ქართველი მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც არის ავტორი ორიგინალური სამედიცინო ძეგლისა – სამკურნალო წიგნი-კარაბადინი. ის ძველი დროის ერთადერთი ქართველი ექიმი-მეცნიერია, რომლის ავტორობა სამკურნალო წიგნზე და მისი ბიოგრაფიული მონაცემები ეჭვს არ იწვევს. შესაბამისად, სწორედ მისმა ღვაწლმა მოგვცა მოტივაცია, რომ ფარმაცევტული ინდექსისთვის მისი სახელი დაგევრქმია.

– საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მაჩვენებელიც ზომავს ჯანდაცვაში არსებული ფასების დონეს და „ფანასკერტელის ინდექსი“ რით განსხვავდება მისგან?

– ნამდვილად საქსტატიც აწარმოებს მედიკამენტების ფასებზე დაკვირვებას, თუმცა მის მიერ გამოქვეყნებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსში, რომელშიც ჯამში სამასამდე დასახელების პროდუქტი და მომსახურება შედის, ჯანდაცვის კომპონენტი არის 12%, რაც მოიცავს როგორც სამედიცინო სერვისებს, ისე სამედიცინო აღჭურვილობას და აპარატურას და მხოლოდ 6 სამედიცინო ჯგუფის მედიკამენტებს. ხოლო ფასების დადგენა მედიკამენტებზე ხორციელდება შერჩევითი მეთოდით, რამდენიმე დასახელების მედიკამენტის შესყიდვით, რაც ობიექტურ სურათს არ გვაძლევს ბაზარზე ფასების რეალური ცვლილების შესახებ. რაც შეეხება „ფანასკერტელის ინდექსს“, მასში შემავალი მედიკამენტების ჯგუფები გაცილებით უფრო ფართოა და, შესაბამისად, უფრო ობიექტურად ასახავს ფასების საერთო დონის ცვლილებას მედიკამენტების ბაზარზე. სწორედ ამაშია მთავარი განსხვავება. ჩვენ გაცილებით უფრო ობიექტური და რეალური სურათის დანახვას ვცდილობთ.

– რამდენად რეალურია მედიკამენტების ის ფასები, რაც დღეს ბაზარზეა. ხშირია საუბრები ე.წ. კარტელზე და ხელოვნურად გაბერილ ფასებზე, თქვენ რას ფიქრობთ?

– დანამდვილებით ამის თქმა შეუძლებელია, ვინაიდან მტკიცებით ფორმაში ბრალდებით განცხადებას სერიოზული საგამოძიებო მოქმედებები უნდა უძღვოდეს წინ. როგორც ხედავთ კონკურენციის სააგენტომ წლების განმავლობაში ვერ მიიღო გადაწყვეტილება ბაზრის შესწავლასთან დაკავშირებით, ვინაიდან ურთულესი ბაზარია. მიმოქცევაში ათიათასობით დასახელების მედიკამენტია, ბაზარი თითქმის უკონტროლოა, ფასნამატები ცალკეულ მედიკამენტებზე საკმაოდ დიდია, რაც ურტყამს პენსიონერს, გადამხდელუუნარო მოქალაქეს. მე ვფიქრობ არსებული კომპანიები თავად უნდა მივიდნენ იმ ეტაპამდე, რომ კონკურენტული ფასების შეთავაზება იყოს მათი მთავარი კოზირი, რის საფუძველზეც ხდება მედიკამენტზე ფასის დაწევა. მსოფლიო პრაქტიკა სხვა მიდგომებსაც იცნობს, თუმცა იქ უფრო ჩაკეტილი ბაზრებია. ჩვენთან სხვა რეალობაა, შესაბამისად მთავრობა სხვა გზით უნდა წავიდეს, თუ მას უნდა, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს.

ესაუბრა ნათია წიკლაური

Share