Home » საზოგადოება » „ჩვენ დიდი ხანი ვიოცნებეთ მეფეზე, რომელიც არ მართავს და მეფობს და მივიღეთ მეფე, რომელიც მართავს და მეფობს”
„ჩვენ დიდი ხანი ვიოცნებეთ მეფეზე, რომელიც არ მართავს და მეფობს და მივიღეთ მეფე, რომელიც მართავს და მეფობს"

„ჩვენ დიდი ხანი ვიოცნებეთ მეფეზე, რომელიც არ მართავს და მეფობს და მივიღეთ მეფე, რომელიც მართავს და მეფობს”

“ჩვენ დიდი ხანი ვიოცნებეთ მეფეზე, რომელიც არ მართავს და მეფობს. ჩვენ მივიღეთ მეფე, რომელიც მართავს და მეფობს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვაჟა ბერიძემ არჩილ გამზარდიასთან გადეცამაში სტუმრობისას განაცხადა. გადაცემის სასაუბრო თემა ბიძინა ივანიშვილის “საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” მიცემული ინტერვიუ გახლდათ.

“ჩვენ დიდი ხანი ვიოცნებეთ მეფეზე, რომელიც არ მართავს და მეფობს. ჩვენ მივიღეთ მეფე, რომელიც მართავს და მეფობს. აი, ეს შთაბეჭდილება დამიტოვა მე როგორც ერთ მოქალაქეს ივანიშვილის ამ ინტერვიუმ, სადაც მან მოქმედი ხელისუფლების ხედვები და თავისი დამოკიდებულება ჩამოაყალიბა მიმდინარე პროცესების და პრობლემების მიმართ. ცალკე აღებული ეს ინტერვიუ და ეს გამოსვლა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, თუნდაც შეთანხმებული კითხვებით და თემატიკით, იყო პრეზიდენტის, მომავალი პრეზიდენტის სიტყვა, მომავალი პრეზიდენტის ხედვები გლობალურ და ლოკალურ საკითხებზე. მე პირადად ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. კარგი იქნება თუ ეს პრეზიდენტობის კანდიდატის საპროგრამო პრელუდია აღმოჩნდება და ეს იქნება მორიგი ნაბიჯი ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის დასრულების გზაზე, რასაც გვიწუნებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და რაც ჩვენთვისაც მიუღებელია.

მინდა აღვნიშნო, რომ ყველა თეზა, რაც ივანიშვილმა ჩამოაყალიბა ამ ინტერვიუში არის საკამათო. პირადად მე, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკოსი უფრო ვარ, ვიდრე მაქებარი და მეხოტბე, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ის არის უნიკალური მოვლენა ქართულ სინამდვილეში. ამ მასშტაბის მოღვაზე, მეცენატი, უახლეს ქართულ ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება. ამიტომ, ჩვენი ფუნქცია, მედიისაც მათ შორის, არის ის რომ დავეხმაროთ სწორი აქცენტები დასვას და თავისი დიდი ფინანსური თუ ინტელექტუალური შესაძლებლობები ამ ქვეყანას მოახმაროს, რასაც სამწუხაროდ, ის პოლიტიკაში ვერ ახერხებს. ეს არის დასანანი.

აქ გუნდზე იყო საუბარია. რომელ გუნდზეა საუბარი, სად ჰყავს “ქართულ ოცნებას” გუნდი? გუნდი ყველას და მათ შორის მეც წარმოგვიდგენია ადამიანების მსოფლმხედველობის საფუძველზე, ხედვების ნიადაგზე, მიზნების ერთობაზე დაფუძნებული გაერთიანება.  აბა, რომელ მსოფლმხედველობაზე და ერთიან მიზნებზე გაერთიანდა ეს გუნდი?

“ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის თვალსაწიერში მყოფი ადამიანების სათადარიგო სკამი არის უაღრესად მოკლე. აქედან გამომდინარე, ინტელექტუალური რესურსი მას რეზერვში არ ჰყავს. ამიტომ, ის ერთი და იმავე პიროვნებებს უვლის გარს და იყენებს მათ, განსაკუთრებით ყოფილ თანაშემწეებს, თანამშრომლებს ბიზნეს სტრუქტურიდან, ფონდიდან, ბანკიდან. არადა, ეს რეზერვიც ამოიწურა. მას არ აქვს საშუალება, რომ ახალი ადამიანები შემოიკრიბოს გარშემო. ამიტომ, ის თავისი ხელქვეითებისგან ცდილობს შექმნას გუნდი, ენდოს მათ მიერ შემოთავაზებულ კანდიდატებს, რაც ხშირად არის მცდარი როგორც საკადრო გადაწყვეტილება.

ერთი პერიოდი იყო, როდესაც ივანიშვილი კვირიკაშვილს აქებდა. დღეს მას სხვა ფავორიტები ჰყავს. ეს არის ბატონი კახა კალაძე, ბატონი ირაკლი კობახიძე და ამ ადამიანების გარშემო შემოკრებილი ადამიანებით ცდილობს ის მართოს ქვეყანა. რა თქმა უნდა, აქ როცა ადამიანები ერთიანდებიან არა პოლიტიკური ნიშნით, არა პოლიტიკოსების ერთობა ყალიბდება, არამედ ცალკეული მენეჯერები, განათლებული, განსწავლული, უკომპრომატო ადამიანები იკრიბებიან,  რაც კარგია, მაგრამ არასაკმარისი პოლიტიკური გუნდის წევრობისთვის. ამ ასე ვთქვათ გუნდში ისინი დამოკიდებულნი არიან არა თავიანთ საქმიანობაზე, არა ხალხზე, საზოგადოებაზე, არამედ იმ ერთზე, ვინც მართავს და მეფობს.

ბუნებრივია, როცა არჩევ კადრებს “ცდისა და შეცდომის” მეთოდით, აქ წარმატება ნაკლებად არის გარანტირებული, იმიტომ რომ  ივანიშვილის ყოველი მეორე საკადრო გადაწყვეტილება მნიშვნელოვან პოსტზე რეკომენდაციის გაწევის კუთხით აღმოჩნდა მცდარი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, როცა ერთხელ ის გზა არ გაამართლებს უნდა შეცვალო სხვა უფრო ეფექტური გზით. თუ ვერ მიდიხარ მიზნამდე, უნდა შეცვალო არა მიზანი, არამედ მიზნისკენ მისასვლელი გზა. ივანიშვილს ვურჩევდი, რომ მიზნისკენ მისასვლელი გზა შეცვალოს, არსებითად გადახედოს კადრების შერჩევის იმ სისტემას, რომლითაც ის სარგებლობს. მან კარგად შენიშნა, რომ “ქართული ოცნება” არსებობდა არჩევნებიდან არჩევნებამდე და რომ ეს არ იყო პარტია და ახლა სურს შექმნას რეალური პარტია. მისასალმებელია, რადგან ევროპული ტიპის სტრუქტურირებული, თავისი მკაფიო მსოფლმხედველობრივი და იდეოლოგიური ხედვების გარეშე, დემოკრატიული პარტიების გარეშე დემოკრატია საქართველოში არ მიიღწევა.

პარტიული მშენებლობა არის ურთულესი მეცნიერება. საქართველოში პარტიები ფაქტობრივად არ არსებობენ ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. ზურაბ ჟვანიას გარდა პარტიული მშენებლობის უნარი და ცოდნა ვერ გამოამჟღავნა ვერავინ ქარულ სინამდვილეში. ამიტომ არის, რომ ჩვენ გვაქვს ერთი პირის, ორი პირის პარტიები, ბელადების პარტიები, ლიდერების პარტიები. მარტივი ჭეშმარიტებაა – არადემოკრატიული პარტიები დემოკრატიულ საზოგადოებას ვერ ააშენებენ. მითუმეტეს, მე ეჭვქვეშ დავაყენებდი ბატონ ბიძინას თეზას, რომ ჩვენთან დემოკრატია გაცილებით წინ არის წასული და ეკონომიკა ჩამორჩა, რადგან ჩვენი დემოკრატია არსად შორს არ არის წასული. ის ეკონომიკას  მხოლოდ ერთი ნაბიჯით უსწრებს წინ.

აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას ვუსურვებ. ვუსურვებ, რომ მან შემოიკრიბოს თანამოაზრეები, შემოიკრიბოს მსოფლმხედველობის საფუძველზე გაერთიანებული ადამიანები და შექმნას ევროპული ტიპის ძლიერი პარტია. ისეთ პირობებში, როდესაც პარტიის დამფუძნებელი და ფაქტობრივი მმართველი ქვეყნის ამბობს, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატს შეიძლება არ დააყენებს და ამ ინსტიტუციას გადასცემს ოპოზიციას, ეს არის ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული და ყოველგვარ დემოკრატიულ პრინციპებზე ფუნქციონირებადი საზოგადოების მიღმა არსებული რეალობა.

ჩემი აზრით, თუ “ქართულ ოცნებას” საპრეზიდენტო კანდიდატს არ დაასახელებს, ეს იქნება კაპიტულაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი, “თეთრი პირსახოცის” რინგზე გადმოგდების მსგავსი რამ, რითაც ის აღიარებს, რომ მას არ შეუძლია ჭარბი ძალაუფლების ხალხის საკეთილდღეოდ გამოყენება. ხოლო თუ ის მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილს, მაშინ სალომე ზურაბიშვილი იქნება არა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, არამედ “ქართული ოცნების” კანდიდატი. ხოლო თუ ის არ დაუჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს და დაფარულად შეეცდება, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ან “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი გახდეს პრეზიდენტი და ამას ბიძინა ივანიშვილი აუნთებს მწვანე შუქს, ეს იქნება კატასტროფისკენ გადადგმული პირველი სერიოზული ნაბიჯი და იმის წინა პირობა, რომ ივანიშვილი უკვე ფიქრობს 2020 წლისთვის მშვიდობიანი გზით გადააბაროს სხვა რომელიმე ძალას ძალაუფლება. ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს “ნაციონალური მოძრაობა” ან “ევროპული საქართველო”, რაც ქართული საზოგადოების უმეტესობისთვის მიუღებელია.

“ქართულ ოცნებას” ჰყავს რამდენიმე ღირსეული კანდიდატი, ზურა აბაშიძე, სოზარ სუბარი, კახა კალაძე. ჯერჯერობით ის ტვირთი რაც კახა კალაძეს თბილისის მერობას ახლავს ზედმეტია მისთვის და მისი საპრეზიდენტო ამპლუაში გადასვლა იქნებოდა უკეთესი მისთვისაც და ქვეყნისთვისაც. თუ ამ კანდიდატებსაც გვერდს აუვლის და პირდაპირ კვოტას გადააბარებს ოპოზიციას, რომელსაც ხალხის ნახევრის მხარდაჭერაც არ აქვს, ეს იქნება სერიოზული შეცდომა”, – განაცხადა ანალიტიკოსმა ვაჟა ბერიძემ.

Share