Home » საზოგადოება » ჩუგოშვილი: ჩვენი პოლიტიკა და ამოცანაა ნატოს წევრი სრული ტერიტორიით გავხდეთ
ჩუგოშვილი: ჩვენი პოლიტიკა და ამოცანაა ნატოს წევრი სრული ტერიტორიით გავხდეთ

ჩუგოშვილი: ჩვენი პოლიტიკა და ამოცანაა ნატოს წევრი სრული ტერიტორიით გავხდეთ

პარლამენტის ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გუშინდელი კონფერენცია, სადაც ნატოში საქართველოს წევრობის შესაძლებლობებს განიხილავდნენ, არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს ნატოს პოლიტიკის ცვლილებას საქართველოს მიმართ ან საქართველოს პოლიტიკის შეცვლას ნატოს მიმართ.

ამასთან დაკავშირებით თამარ ჩუგოშვილის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკა და ამოცანაა გახდეს ნატოს წევრი საერთაშორისოდ აღიარებულ ჩარჩოებში და ფარგლებში მთლიანად. “სრულად, მთლიანად ჩვენი ტერიტორიით და ეს ნატოს სურვილიც არის მას შემდეგ, რაც გარკვეული წინაღობები დაიძლევა. ეს წინაღობები როგორ დაიძლევა და რანაირად, ეს უკვე არის გლობალური პოლიტიკის, საქართველოს მუშაობის, ნატოს მუშაობისა და ასე შემდეგ საკითხი”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამასთან, პარლამენტის ვიცესპიკერმა განმარტა, რომ ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის გუშინდელი განცხადება ნატოს ოფიციალური შემოთავაზება არ არის.

“მან აზრი შესთავაზა საქართველოს სამსჯელოდ, მეტი არაფერი. დამშვიდდით, დაწყნარდით, საზოგადოებას არ სჭირდება ამაზე ღელვა და ნერვიულობა. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ნატოსთან თავსებადობა გვქონდეს მაღალი, ვიდრე ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც ჩვენზე წინ არის პოლიტიკურ მოლაპარაკებებში წასული და ამას აღიარებს ყველა, ნატოც და საერთაშორისო პარტნიორებიც. ჩვენთვის მისაღები არის, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს სრული ტერიტორიის ფარგლებში, ამიტომ სპეკულაციები და კუდის მობმები ამ თემაზე არის სრულიად ზედმეტი და ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

Share