Home » ეკონომიკა » ჩრდილოვანი ეკონომიკის შუქ-ჩრდილები
ჩრდილოვანი ეკონომიკის შუქ-ჩრდილები

ჩრდილოვანი ეკონომიკის შუქ-ჩრდილები

ალისა სულამანიძე
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა, მათ შორისაა ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომელიც მიიჩნევა, როგორც ეროვნული ეკონომიკის ფარული, არაფორმალური ნაწილი და წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო საქმიანობათა ერთობლიობას. ქართულ ლიტერატურაში ჩრდილოვანი ეკონომიკის არაერთი შესატყვისი მოიძებნება: შავი ეკონომიკა, ფარული ეკონომიკა, ნაღდ ფულზე დაფუძნებული ეკონომიკა, არაფორმალური ეკონომიკა, ნაცრისფერი ეკონომიკა, ნაკლოვანი ეკონომიკა. თითოეული მათგანი ეკონომიკური სისტემის კანონიერად მუშაობის ხარისხს უკავშირდება.
საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ არ არსებობს სახელმწიფო, სადაც ჩრდილოვანი ეკონომიკა რაიმე ფორმით მაინც არ ვლინდება. საბაზრო ეკონომიკის მქონე უდიდეს სახელმწიფოებსაც უწევთ ეკონომიკის არალეგალურ ნაწილებთან ბრძოლა. ამ ფენომენის შესწავლა და მის წინააღმდეგ ეფექტური ზომების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რათა ქვეყნის ინსტიტუციური, ეკონომიკური თუ სოციალური სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.
ჩრდილოვანი ელემენტები საბჭოთა საქართველოში

ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბებისა და ხარისხის თვალსაზრისით, მსოფლიო ისტორიაში საბჭოთა კავშირი უალტერნატივოა. სსრკ-ში ჩრდილოვანი ეკონომიკის მომწიფებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ბიუროკრატიის მაღალი დონე და არაეფექტური დაგეგმარება ქმნიდა. საქონლისა და მომსახურების დაუსრულებელი ძიებით იმედგაცრუებულმა მომხმარებელმა ისწავლა არაფორმალურად სასურველი პროდუქციის მოპოვება. დეფიციტური საქონლით ვაჭრობის, სპეკულიანტობის და კორუფციის მრავალწლიანი გამოცდილების დამანგრეველ შედეგებს პოსტსაბჭოთა სივრცე დღესაც იმკის.

დაგეგმილი ეკონომიკის მიერ მოტანილ პრობლემათა აღმოფხვრის დანაშაულებრივი გზები საბჭოთა კავშირის ყველა სახელმწიფოში იყო წარმოდგენილი, თუმცა საქართველო არაფორმალურობის მაღალი დონით განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენდა. ყველაზე მეტად გავრცელებული ჩრდილოვანი ელემენტები იყო: ორგანიზებული სამეურნეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, უკანონო მეწარმეობა, დაქირავებული სამუშაო ძალის დაფარვა.

იმ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ ფაქტორთაგან, რომელთა არსებობა ასაზრდოებდა ჩრდილოვან ეკონომიკას, მოწინავეა ეკონომიკური და სტრუქტურული კრიზისი შრომით ბაზარზე, რაც ზრდიდა მცირე მეწარმეობას და დამოუკიდებლად დასაქმებულთა რაოდენობას. ასევე ყურადსაღებია ცხელი წერტილებიდან მიგრირებული მოსახლეობა, კორუფციის მაღალი მაჩვენებელი, სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევის ხასიათი, გადასახადების დონე.

ქართველთა ამ ,,გადახრითი’’ ქცევის უკან მდგომ ფაქტორთა შორის ეკონომისტთა განსაკუთრებულ ყურადღებას კულტურული თავისებურებები იქცევს. მარსმა და ალტმანმა იკვლიეს საბჭოთა საქართველოს კულტურულ საფუძვლებსა და არაფორმალურ ეკონომიკას შორის კავშირი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ავტორთა მიერ შემოთავაზებულ დასკვნაში წერია, რომ საბჭოთა საქართველოში ,,ჩრდილოვანი ეკონომიკის’’ განვითარების საფუძვლებები ქართველი საზოგადოების უმთავრეს ფასეულობებში, ღირსებასა და ნდობაშია. უნდა ენდობოდე ადამიანს, რომ მზად იყო მასთან ერთად აკრძალული საქმიანობა დაიწყო. კვლევაში ნათქვამია, რომ ქართველებს, სწორედ ღირსების გრძნობისა და ნდობის სახით ჰქონდათ ის, რაც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საბჭოთა პერიოდში ჩრდილოვანი ეკონომიკის შესაძლებლობებით სარგებლობისათვის.

ჩრდილოვანი ეკონომიკა პოსტსაბჭოთა საქართველოში

1990-იანი წლები ურთულესი გამოწვევა იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. პოლიტიკური დაპირისპირებები, ეთნოპოლიტიკური ომები ჩრდილოვანი სფეროების გაფართოებისთვის უმნიშვნელოვანეს სტიმულად იქცა. 1995 წლისათვის ქვეყანაში წარმოება, 1990 წელთან შედარებით, 78%-ით შემცირდა, რაც სამჯერ აღემატებოდა ,,დიდი დეპრესიის’’ დროს აშშ-ში წარმოების დაცემის დონეს. 1994-1995 წლებში IMF-ის კვლევის შედეგად დასტურდება, რომ საქართველოში ,,ჩრდილოვან ეკონომიკას’’ ქვეყნის მშპ-ის 63% ეჭირა.
2000-იანი წლების საქართველოში არაფორმალური ეკონომიკის მასშტაბები გაიზარდა, რის საფუძველსაც მონეტარიზაციის დაბალი დონე, სუსტი საბანკო სისტემა, ჭარბვალიანობა, სტრუქტურულ რეფორმებში რეგრესი, დაბალი ინვესტირება წარმოადგენდა. დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასებით საქართველოში არსებულ ყველა ფირმასა და კომპანიაში არსებობდა ,,თეთრი’’ და ,,შავი’’ ბუღალტერია. ,,ჩრდილოვანი ეკონომიკის’’ ხვედრითი წილი განსაკუთებით მაღალი იყო ისეთ სფეროებში, როგორიცაა სასტუმრო/სარესტორნე, სამედიცინო ბიზნესი და ვაჭრობა.

,,ვარდების რევოლუციის’’ შემდეგ ახალი მთავრობის პრიორიტეტი სისტემური რეფორმების გზით ,,ჩრდილოვანი ეკონომიკის’’ დამარცხება გახდა. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა კვლავ არასტაბილური რჩებოდა. 2003 წლის მონაცემებით გადასახადების საშუალოდ 67,5% წლიურ მშპ-ში არ აისახა. 2004 წლის მონაცემებით დაუკვირვებადი ეკონომიკის ხვედრითი წილი მთლიანი გამოშვების 45,6%-ს შეადგენდა. 2008 წელს საქართველოს ეკონომიკის 36% არ იხდიდა გადასახადებს ბიუჯეტის სასარგებლოდ. 2011 წლისათვის ჩრდილოვანი ეკონომიკა მაღალი ხვედრითი წილით ხასიათდება კომუნალურ, სოციალურ და პერსონალური მომსახურების სფეროში, კერძოდ – 56,3%; ვაჭრობაში – 47,4%; განათლებაში – 41,7%; სასტუმროებსა და რესტორნებში – 37,9% და ტრანსპორტში – 32,8%.

2016 წელს ქვეყანაში დასაქმებულთა 57% თვითდასაქმებულია. 2017 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით საქართველოს მშპ-ში არაფორმალური ეკონომიკის დონე 53%-ით განისაზღვრა. ამ მაჩვენებლით საქართველოს არა მხოლოდ მსოფლიოში, არამედ რეგიონში ბოლო პოზიციები ეჭირა. იმ დროისთვის აზერბაიჯანში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 52,19% დაფიქსირდა, სომხეთში – 42,59%, თურქეთში – 31,8% და რუსეთში – 39,73%. ადგილობრივი სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით 2017 წლისათვის ,,ჩრდილოვანი ეკონომიკის’’ მაჩვენებელი ქვეყანაში 10%-ს არ აღემატებოდა. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა მარტინის განმარტებით, ორ კვლევის შედეგებს შორის განსხვავება იმით აიხსნება, რომ IMF-ის კვლევაში არაფორმალური ეკონომიკის წილიც შედის, ანუ სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულები, რომლებიც გადასახადებს არ იხდიან.

კანონმდებლობა ჩრდილოვანი ეკონომიკის წინააღმდეგ

პოსტსაბჭოთა ხელისუფლებას არ უჭირდა იმის აღიარება, რომ ,,ჩრდილოვან ეკონომიკასთან’’ ბრძოლაში პოზიტიური ძვრები არ შეინიშნებოდა და ეკონომიკის ზოგიერთ სფეროში სიტუაცია გაუარესდა. პირველი დოკუმენტი, რომელიც არაფორმალური ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ იყო მიმართული 1998 წელს გამოიცა. პრეზიდენტის ბრძანებულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ,,ჩრდილოვანი ეკონომიკის’’ ლეგალიზების და ანტიკორუფციული პოლიტიკის დეპარტამენტს დაევალა. 2000 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ’’, დაინერგა ფიზიკურ პირთა შემოსავლების დეკლარირების სისტემა. 2003 წელს პრეზიდენტმა ,,ჩრდილოვანი ეკონომიკის’’ მასშტაბების შემცირების პროგრამა დაამტკიცა, რომელიც ხუთ ძირითად მიმართულებას განსაზღვრავდა. ესენია: სახელმწიფო მართვის ეფექტიანობის ამაღლება და კორუფციის შეზღუდვა, საბიუჯეტო ხარჯების რაციონალიზაცია, ეროვნული მეურნეობის დარგებსა და სფეროებში აღრიცხვიანობის მოწესრიგება, ფისკალური ადმინისტრირების გაუმჯობესება, ლეგალური მეწარმეობის განვითარების სტიმულირება და სამართლიანი კონკურენციის დამკვიდრება.

2002-2016 წლებში ოთხივე მოწვევის პარლამენტი დიდ ყურადღებას უთმობდა შრომით და საგადასახადო კოდექსებში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებასა და მათ ოპტიმიზაციას. 2011 წელს გამოიცა სამთავრობო პროგრამა ,,ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის’’, რომელშიც დიდი ყურადღება ეთმობოდა ქვეყანაში ,,ჩრდილოვანი ეკონომიკის’’ დაძლევის პოლიტიკას. 2015 წელს ,,შავი ეკონომიკის’’ წინააღმდეგ მიმართულ საკანონმდებლო ინიციატივათა შორის აღსანიშნავია კანონში განხორციელებული ცვლილება საცხოვრებელი ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის 5%-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით. 2014 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოსცა დადგენილება გარე ვაჭრობის დარეგულირების შესახებ. ,,ჩრდილოვანი ეკონომიკის’’ წინააღმდეგ არის მიმართული თბილისის მერიის ინიციატივა ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში 2018 წლის პირველი აგვისტოდან შევა.

გამოწვევები და პრობლემის გადაჭრის გზები

საქართველოში ,,ჩრდილოვან ეკონომიკას’’ არალეგალური და არაფორმალური სექტორი ასაზრდოებს. არაფორმალურ ეკონომიკაში კი, ძირითადად, საყოფაცხოვრებო და სატრანსპორტო მომსახურების სფეროში თვითდასაქმებულთა რაოდენობა დომინირებს. მაგალითად, ტაქსისტები, გარემოვაჭრეები, ხელოსნები, რეპეტიტორები, ძიძები და ა.შ. ფინანსთა სამინისტროს გათვლებით მსგავს ბიზნესებში ჯამურად წელიწადში 200-300 მლნ ლარი ბრუნავს. ქვეყანაში არ არსებობს თვითდასაქმებულთა ზუსტი აღრიცხვა, მათი სამუშაო განაკვეთი და სტანდარტული ტარიფები, მთავრობა ვერ აკონტროლებს ,,ჩრდილოვან ბიზნესს’’ და ბიუჯეტი ყოველწლიურად არაერთ მილიონს კარგავს. ეკონომიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პრობლემას მეორე მხარეც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ თვითდასაქმებულთა კონტინგენტი საკმაოდ არაორგანიზებულია და მათი წვლილი საზოგადოებრივი დოვლათის ფორმირებაში მინიმალურია, სოციალური სტაბილურობის თვალსაზრისით, ისინი დიდ საქმეს აკეთებენ. ათიათასობით უმუშევარი ქვეყანას გაცილებით ძვირად დაუჯდებოდა.

საქართველოში ჩრიდილოვანმა ეკონომიკამ იმ მასშტაბებს მიაღწია, როცა სახელმწიფოს მხრიდან გადამჭრელი ზომების მიღება კრიტიკულად აუცილებელია. ,,შავი ბაზრის’’ წინააღმდეგ ბრძოლაში პირველი ნაბიჯი სტატისტიკური აღრიცხვის საქმეში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრით უნდა დაიწყოს, რადგან მიუხედავად უამრავი კვლევისა, არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც ზუსტ ინფორმაციას იძლევა ქვეყანაში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.

ქართველი ეკონომისტების დიდი ნაწილი ,,ჩრდილოვანი ეკონომიკის’’ დაძლევის საქმეში ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მეთოდებით ბრძოლას არაეფექტურად მიიჩნევს. ისინი მნიშვნელოვნად თვლიან საგადასახადო ტვირთის რეალურ შემსუბუქებას, საფინანსო კონტროლის ხარისხობრივ გაუმჯობესებას, ფარული წარმოების აღრიცხვას, სამეწარმეო სუბიექტების რეგისტრაციის უზრუნველყოფას სახელმწიფო ორგანოების დადგენილი წესებით, საბაჟო სისტემის ეფექტიანობის ამაღლებას, რათა შიდა ბაზარი დაცული იყოს ფიქტიური ტრანზიტისგან.

მეორე ნაწილი, აქცენტს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაზე აკეთებს. 1997 წელს მიღებულმა საგადასახადო კოდექსმა 700-ზე მეტი შესწორება განიცადა და გამარტივების ნაცვლად გაცილებით რთულად გასაგები და რთულად შესასრულებელი გახდა. ცვლილებების ასეთი მასშტაბები, ეკონომისტთა შეფასებით, ქვეყანაში ბიზნესის განვითარების მთავარი ბარიერია, ზღუდავს მეწარმის შესაძლებლობებს განავითაროს და განაახლოს წარმოება. გარდა ამისა, საგადასახადო წნეხი კორუფციისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ამზადებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა შეფასებით, საქართველოში ,,ჩრდილოვანი ეკონომიკის’’ დასაძლევად ეფექტური იქნება არა ცალკეული მიმართულებების, არამედ ერთიანი დაუბეგრავი მინიმუმის დაწესება, რომელიც შემოსავლისა და ოჯახის წევრთა რაოდენობით უნდა განისაზღვროს.

2018 წელს ეროვნულმა ბანკმა მიიღო რეგულაცია ჭარბვალიანობის შემცირებასთან დაკავშირებით. ეკონომიკური ინიციატივის ამოქმედების შემდეგ სესხის გაცემა შემოსავლის დადასტურებაზე იქნება დამოკიდებული და მცირეშემოსავლიან ოჯახებს კრედიტებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდებათ. ხელისუფლების ვარაუდით ხსენებული ინიციატივა ხელს შეუწყობს არაფორმალური ეკონომიკის შემცირებას, საბანკო ეკონომისტები კი მთავრობას ,,ჩრდილოვანი ეკონომიკის’’ ლობირებაში ადანაშაულებენ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ,,ჩრდილოვანი ეკონომიკა’’ საქართველოს ყველა ხელისუფლების წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. 1990-2003 წლებში ,,შავი ეკონომიკის’’ წინააღმდეგ ,,იბრძოდა’’ მთავრობა, რომელიც თავად იყო კორუმპირებული. ინსტიტუციური ჩამოშლის პირას მყოფ სახელმწიფოში ჩრდილოვანი ელემენტების განვითარება მოსახლეობის თვითგადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო. ვარდების რევოლუციიდან დღემდე, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა სტატისტიკური მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანთა ცნობიერებიდან ძველი ჩვევების, ფასეულობებისა და ფსიქოლოგიური ქცევების აღმოფხვრა რთული და კომპლექსური პროცესია. ,,ჩრდილოვანი ეკონომიკა’’ საუკუნეების განმავლობაში ღრმად იკიდებდა ფეხს ქართველთა ცნობიერებაში და მის დასაძლევად სახელმწიფომ უნდა მოძებნოს ოპტიმალური მექანიზმი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკისა და საზოგადოებისათვის უმტკივნეულო გზებით არაფორმალურ ეკონომიკას სახელმწიფო სამსახურში ჩააყენებს.

Share