Home » ბიზნესი » “ჩნდება საბანკო მომსახურებისა თუ ფინანსირების ალტერნატივები, რაც ჯანსაღი კონკურენციის სტიმულირებას ახდენს”
"ჩნდება საბანკო მომსახურებისა თუ ფინანსირების ალტერნატივები, რაც ჯანსაღი კონკურენციის სტიმულირებას ახდენს"

“ჩნდება საბანკო მომსახურებისა თუ ფინანსირების ალტერნატივები, რაც ჯანსაღი კონკურენციის სტიმულირებას ახდენს”

საქართველოში პირველი კრიპტოვალუტა შეიქმნა

საქართველოში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება სულ უფრო აქტუალური ხდება. ამ გარემოებაზე ისიც მეტყველებს, რომ ე.წ. მაინინგის (მოპოვების) მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ჩამორჩება მხოლოდ ჩინეთს და უსწრებს აშშ-ს და კანადას. მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში მრავალი კითხვა არსებობს ამ ტექნოლოგიის რაობასთან დაკავშირებით, ზოგი მას ფინანსურ პირამიდასთანაც კი აიგივებს. რეალურად რას წარმოადგენს ბლოკჩეინ ტექნოლოგია და აქვს თუ არა მომავალი კრიპტოვალუტებს საქართველოში, პირველი ქართული კრიპტოვალუტა АISI COIN-ის შემქმნელს, კომპანია LUNA GROUP-ის დამფუძნებელს გიორგი შერვაშიძეს ვესაუბრეთ:

– თქვენმა კომპანიამ პირველი ქართული კრიპტოვალუტა “აისი კოინი” შექმნა, მოგვიყევით ამის შესახებ, რა არის ამ კოინის განსაკუთრებული მახასიათებლები, რითაც ის სხვა ელექტრონული ვალუტებისგან გამოირჩევა?

– ჩვენი კომპანია, LUNA GROUP, გასულ წელს შეიქმნა. ბაზარზე არსებულმა მდგომარეობამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია ჩვენი კომპანიის მიზნებისა და ხედვების ჩამოყალიბებაზე. ყველასათვის ნათელია, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა უმეტესწილად სტრატეგიული დაგეგმარებისა და მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვების არ ქონის გამო, ყოველ ნაბიჯზე წარმოქმნის ახალ-ახალ დაბრკოლებას ერთმანეთთან მჭიდრო დაკავშირებული სექტორებისთვის.

მახსოვს, როდესაც კომპანიის ხედვების განსაზღვრის პირველ ეტაპზე ვიყავით, მუდმივად ვაანალიზებდით იმ გარდაუვალ მოცემულობებს, რომლებიც მჭიდროდ იკიდებდნენ ფეხს ქართულ ბაზარზე. ტექნოლოგიებისადმი ლტოლვა, შიდა თუ გარე ფინანსური სტატისტიკები, რომლებიც მკაფიოდ ასახავდნენ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, გვიბიძგებდნენ შეგვექმნა ციფრული ტექნოლოგიებისა და ფინანსირების სინთეზი.
AISI COIN-ი, კრიპტოვალუტა, რომელიც ჩვენმა კომპანიამ წარმოადგინა ბაზარზე, სრულად არის უზრუნველყოფილი ბლოკჩეინ ტექნოლოგიისა და კრიპტოვალუტის წამყვანი მახასიათებლებით. ზოგადად, კრიპტოვალუტის ღირებულებას მის უკან არსებული ეკონომიკური თუ ტექნოლოგიური მოდელი განსაზღვრავს. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ვიყოთ პირველი კომპანია ბაზარზე, რომელიც ამ ტექნოლოგიის საუკეთესო გამოყენებას უზრუნველყოფს საკუთარი პროდუქტით. გადარიცხვების სისწრაფე, დაცულობა და გამჭვირვალობა არის მცირე ჩამონათვალი იმ მახასიათებლებისა, რომელიც ჩვენს მიერ შექმნილ კრიპტოვალუტას გააჩნია. მნიშვნელოვანი აქცენტი დღეისათვის აღნიშნული კრიპტოვალუტის უკან მდგომ ბიზნეს მოდელზე კეთდება.

საინვესტიციო პლატფორმა, რომელიც კომპანია LUNA GROUP-ის წამყვანი პროექტია – უწყვეტ კავშირშია АISI ცოინ-თან. სწორედ ამ ორ კომპონენტში ყალიბდება ის სინთეზი, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა დაგვეკავშირებინა კრიპტოვალუტა ეკონომიკურ წარმოებასთან. ბაზარზე წარმოდგენილი კრიპტოვალუტების უმრავლესობა ძირითადად ორიენტირებულია ორ მაჩვენებელზე: ტექნოლოგიური ინოვაცია და მოკლევადიანი (ერთჯერადი) ფინანსური აქტივობა. ამ ფონზე, ჩვენი პროექტი ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ყალიბდება როგორც კრიპტო-ბაზრის ისევე ლოკალური კაპიტალის ბაზრისთვის. ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია სტაბილურობა და მუდმივი ზრდა. შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ მომხმარებელი სწორად გაიცნობს ჩვენს პროდუქტს.

ბლოკჩეინ ტექნოლოგიების შესახებ საქართველოში უკვე ყველა საუბრობს, თუმცა რამდენად გაცნობიერებულია საზოგადოება ამ ტექნოლოგიაში რეალურად? ე.წ. მაინინგის (მოპოვების) მიხედვით, მსოფლიოში მეორე ადგილზე ვართ, მაგრამ რას გვაძლევს ეს ჩვენ მოქალაქეებს და რას აძლევს ის ეკონომიკას?
თუ შეიძლება ამ საკითხებზე გვითხარით ცოტა მეტი, რომ მკითხველმა რეალური წარმოდგენა შეიქმნას ამ ტექნოლოგიის შესახებ.

– გულახდილად მინდა გითხრათ, მაინინგი – იგივე მოპოვება, არ არის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მთავარი პრიორიტეტი. თუ მთელ პროცესს იერარქიულად ჩამოვშლით, მთლიან პროცესში მაინინგის წილი საკმაოდ დაბალ საფეხურში ექცევა. ეს იმას გულისხმობს, რომ ჩვენი ქვეყანა, მიუხედავად იმისა რომ ამ ტექნოლოგიის სწორად გამოყენების პოტენციალის წინაშე დგას, მაინც ამჯობინებს იყოს პასიური და არ გამოიყენოს შექმნილი შესაძლებლობა. ცხადია აღნიშნული ტექნოლოგიის სწორი გამოყენება მნიშვნელოვნად შეცვლის იმ ხელოვნურ ფინანსურ ბალანსს, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, მაგრამ ამას ისევ და ისევ საზოგადოების მზადყოფნა და ცნობიერების ამაღლება სჭირდება.

წარმოიდგინეთ ხვალინდელი დღე. ჩათვალეთ, რომ ქვეყანაში წარმოების მნიშვნელოვანი წილი მაინინგზე (მოპოვებაზე) მოდის. რას გვაძლევს ეს ჩვენ? ალბათ ვიაზრებთ იმას, რომ ამ სურათში არ ჩნდება არც დასაქმების და არც რაიმე სახის განვითარების მნიშვნელოვანი სტიმულირების ნიშანი. ქვეყანას მსგავსი მიდგომა გარდაქმნის სხვა ქვეყნებისა თუ ინტერესთა ჯგუფების საქმიანობისათვის ხელის შემწყობ კომპონენტად. კომპონენტად, რომელიც არა თუ პროგრესულ, არამედ არა მზარდი და არასტრატეგიული ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებლად დარჩება.

მუდმივად სვამს ჩვენი კომპანია პროცესის ფარგლებში უმნიშვნელოვანეს კითხვას: რისთვის გვჭირდება ბლოკჩეინ ტექნოლოგია? ჩვენ ვიპოვეთ ამ ტექნოლოგიის ეფექტური და მომგებიანი გამოყენების გზა, როგორც ქვეყნისთვის, ისევე დაინტერესებული მხარეებისთვის. ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით სრულიად გამართული და გრძელვადიანი სტრატეგია.

– დღეს საქართველოში ბიზნესისთვის და ასევე მოქალაქეებისთვის ფინანსებზე წვდომა ნომერ პირველი პრობლემაა, საფინანსო სექტორი მონოპოლიზებულია ბანკების მიერ, საკრედიტო რესურსების მიწოდების მკვეთრი დეფიციტია, რის გამოც ის არის ძვირი და მიუღებელი ბიზნესისთვის. არსებობს მოსაზრებები რომ კომერციული ბანკები ხელოვნურად აფერხებენ მომიჯნავე დარგების განვითარებას. ამ ფონზე რამდენად რეალურად გესახებათ ამ ტექნოლოგიის პერსპექტივა საქართველოში, შეძლებს ის ბანკების ჩანაცვლებას? თუ კი, მაშინ როგორ მოხდება ეს?

– კაპიტალის ბაზარი – რგოლი, რომელიც უფუნქციოდ არის დარჩენილი ჩვენს ქვეყანაში. რგოლი, რომელიც მნიშვნელოვან განვითარებას საჭიროებს. სწორედ ამ ზღვარზე ყალიბდება ის პრობლემები, რომლებზედაც საფუძვლად ედება თქვენს მიერ ხსენებულ შიდა ეკონომიკურ პრობლემებს. იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის სტრატეგიული მზადყოფნა მნიშვნელოვან ცვლილებებზე და უკეთესი სურათის შექმნაზე უნდა იყოს ორიენტირებული, ვხედავთ მზადყოფნის არარსებობას. ცხადია ჩვენი კომპანია მუდმივად აკონტროლებს ბაზარს და ხდება ანალიზი მიმდინარე პროცესებისა. ბოლო პერიოდში აქტიურად გამოიკვეთა ის, რომ აღნიშნული ტექნოლოგია არასწორი ინტერპრეტაციით და გარე ავტორიტეტების ინტერესების გატარებით შემოდის ქვეყანაში. ეს ფაქტი მნიშვნელოვნად აფერხებს ტექნოლოგიის ეფექტურად დამკვიდრებას ქვეყანაში, მაგრამ ეს არ არის საბოლოო სურათი.

სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ კაპიტალის ბაზარზე ჩვენი კომპანიის გამოჩენის შემდეგ გამოჩდნენ ახალი მოთამაშეებიც. ჩნდება საბანკო მომსახურებისა თუ ფინანსირების ალტერნატივები, რაც ჯანსაღი კონკურენციის სტიმულირებას ახდენს და ქმნის თანაბარ შესაძლებლობებს მოქალაქეთათვის. ამავდროულად იქმნება ფულის ბრუნვა, რაც ერთმნიშვნელოვნად ზრდის ეკონომიკური წარმოებისა თუ განვითარების საფუძველს.
შეძლებს თუ არა ეს ტექნოლოგია ბანკების ჩანაცვლებას? გრძელვადიან პერიოდში, საბანკო მომსახურება აუცილებლად შეიცვლის სახესა და ფორმას. აღნიშნული ცვლილებები სულად დაეყრდნობა კონკურენციისა და აღნიშნული ტექნოლოგიით სტიმულირებულ ფაქტორებს. ცვლილებების ტალღას თითოეული ჩვენგანი შეამჩნევს.

ესაუბრა ნათია წიკლაური

Share