Home » საზოგადოება » „ჩნდება ახალ პროფესიებზე მოთხოვნაც, ისეთ პროფესიებზე, რომლებიც არის დეფიციტური ჩვენს ქვეყანაში და რომლებიც არ ისწავლება“
„ჩნდება ახალ პროფესიებზე მოთხოვნაც, ისეთ პროფესიებზე, რომლებიც არის დეფიციტური ჩვენს ქვეყანაში და რომლებიც არ ისწავლება“

„ჩნდება ახალ პროფესიებზე მოთხოვნაც, ისეთ პროფესიებზე, რომლებიც არის დეფიციტური ჩვენს ქვეყანაში და რომლებიც არ ისწავლება“

„დღეს, დაახლოებით 75% მიდის უმაღლეს განათლებაში, ხოლო დანარჩენი 25% პროფესიულში, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი პირიქითაა“

საქართველოს მთავრობა პროფესიული განათლების მიმართულებას პრიორიტეტულად აცხადებს. როგორც დაანონსდა, კარიერის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა პროფესიული განათლება უნდა გახდეს. გარდა ამისა, როგორც ინვესტორების, ასევე ხელისუფლების მხრიდან მუდმივად მიმდინარეობს საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობაა, არსებობს დეფიციტური პროფესიებიც, რაც ინვესტიციების შემოდინების ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია.

რა მნიშვნელობის მატარებელია ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარება, რა პრობლემები და გამოწვევებია ამ მიმართულებით, ასევე რა ბენეფიტების მოტანა შეუძლია პროფესიული განათლების განვითარებას ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის, თემაზე „ბანკები და ფინანსები“ კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორს, მათე ტაკიძეს ესაუბრა.

– როგორ დაახასიათებთ საქართველოში დასაქმების ბაზარს, ვგულისხმობ – რამდენად შეესაბამება დასაქმების ბაზარზე დამსაქმებლების მოთხოვნას ადგილობრივი მოსახლეობის პროფესიული უნარ-ჩვევები თუ უმაღლესი განათლება და რამდენად აკმაყოფილებს არსებული პროფესიული სასწავლებლები თანამედროვე სტანდარტებს და ბაზრის მოთხოვნებს?

– მოთხოვნა დასაქმებაზე საქართველოში არის ძალიან მაღალი. საკმაოდ ბევრი ბიზნესია, რომელსაც ბევრი ვაკანსია აქვს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ბიზნესთან და გვაქვს მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია. ჩვენ ვუგზავნით კომპანიებს კითხვარებს და ზუსტად ვიცით რომელ კომპანიას რამდენი სპეციალისტი და რა მიმართულებით შეიძლება დასჭირდეს. შესაბამისად, ინჟინერია, მშენებლობები, ტექნოლოგიები, ინოვაციური მიმართულებები – ზოგადად ამ სეგმენტში არის საკმაოდ დიდი მოთხოვნა, უფრო მეტიც, მოთხოვნა-მიწოდებას შორის არის საკმაოდ დიდი დისბალანსი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ რამეს ვამზადებთ და ვაწვდით ბიზნესს, მათ გაცილებით მეტი კადრი სჭირდებათ. რაც შეეხება კმაყოფილების ფაქტორს, ჩვენ ძალიან ბევრ მსხვილმასშტაბიან კომპანიას ვემსახურებით ქვეყნის მასშტაბით და ვამზადებთ მათთვის სპეციალისტებს, როცა ვიწყებთ გადამზადების ეტაპებს, ყოველტვის გამოვდივართ ბიზნესის ინტერესებიდან, ანუ რა უნარების მქონე სპეცილისტები სჭირდება ბიზნესს, იმიტომ რომ მთავარი ინდიკატორი და შემფასებელი პროფესიული განათლების, ქვეყანაში უნდა იყოს ბიზნესი, დამსაქმებელი, კერძო სექტორი. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ხარისხზე გასვლა იქნება ძალიან მარტივი. როცა მსგავსი მიდგომები გვაქვს, ვფიქრობთ, რომ პროფესიული განათლების კუთხით ბიზნესის მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ. არის მიმართულებები, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, რომ ჩამოვიყვანოთ უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც ადგილობრივებ ტრენერებს გადაამზადებენ.

– გარდა ამისა, არსებული პროფესიების გარდა, რომლებზეც არის საკმაოდ დიდი მოთხოვნა ქვეყანაში, ჩნდება ახალ პროფესიებზე მოთხოვნაც, ისეთ პროფესიებზე, რომლებიც არის დეფიციტური ჩვენს ქვეყანაში, პროფესიები, რომლებიც არ ისწავლება. ამიტომ, ჩვენ ბიზნესთან ერთად ვახდენთ გარე ინიცირებას შევიდეთ ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში და ახალი პროფესიების დანერგვა მოვახდინოთ, რადგან მოთხოვნა უკვე გაჩნდა ამ მიმართულებითაც, კომპანიებს გაუჩნდათ ახალი ვაკანსიები, მაგრამ არ არის სასურველი კადრები. შესაბამისად, ეს ახალი პროფესიები დასანერგია. ასევე, თუ ავიღებთ ვალიდურობას ჩვენი სერტიფიკატებისა თუ დიპლომებისა, ჩვენი დიპლომები და სერტიფიკატები ვალიდურია. ძალიან ბევრი სტუდენტი საქმდება არამხოლოდ ქართულ ეროვნულ სივრცეში, არამედ უცხოეთშიც. მაგალითად, ჩეხეთი, პოლონეთი. ისინი იქ ლეგალურად, ღირსეული სამუშაო პირობებითა და კონტრაქტებით საქმდებიან. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს გერმანიასთან. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან სჭირდებათ კადრები და ჩვენი დიპლომები მალე გერმანიაშიც ვალიდური იქნება. გერმანია კი მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა პროფესიული განათლების კუთხით.

– ბოლო პერიოდში, სამთავრობო დონეზეც გააქტიურდა საუბრები იმის თაობაზე, რომ პროფესიული განათლება უნდა გახდეს იმაზე გაცილებით პრიორიტეტული მიმართულება, ვიდრე ეს დღესაა. თქვენ როგორ აფასებთ ამ მიდგომას და რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში პროფესიული განათლების განვითარება?

– უპირველესად, მნიშვნელოვანია, როდესაც სახელმწიფო ხდება მთავარი ინვესტორი განათლებაში. ის რომ დაფინანსება მშპ-ს 6% ხდება, განვითარების მდგრადობაზე მიუთითებს. ეს არის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კიდევ უფრო მეტად ჩართულობა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ პროფესიული განათლების პოპულარობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ამას სჭირდება პრომოუშენი, ძალიან ბევრი შეხვედრა ადამიანებთან და მათთან სწორი კომუნიკაცია. ჩვენ დაახლოებით 70 შეხვედრა ჩავატარეთ და მათ შორის რეგიონულ ჭრილშიც ვიწყებთ უფრო აქტიურ შეხვედრებს.

– ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტად დაინტერესდება მოსახლეობა პროფესიული განათლებით, რადგან ბიზნესის მხრიდან ხდება სხვადასხვა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, მათ შორის ტურიზმის, მშენებლობის, ინჟინერიის, საპორტო, სამთო ტურიზმის და სხვა მიმართულებით. ძალიან ბევრი სეგმენტია, სადაც გვჭირდება ძალიან ბევრი კადრი, გადამზადებული სპეციალისტი. ჩვენ უნდა დავფაროთ საქართველოს ყველა კუთხე გეოგრაფიულად. „სპექტრში“ მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცესი, რომელიც 8-დან 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოსვლა და დარეგისტრირება. მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ თუ კი ჩვენთან მოტივირებული ადამიანი მოვა, ექნება სურვილი დაეუფლოს პროფესიას, გადამზადდეს, მას გარანტირებულად ექნება სამუშაო ადგილი, ნორმალური, სოლიდური ანაზღაურებით როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. მინდა უპირველესად ქართული ბიზნესისთვის მოვამზადოთ კადრები, რომ საქართველოშივე ჰქონდეთ კეთილდღეობა, წარმატება და კარიერული წინ სვლა.

– ინვესტორები ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველოში მაღალკვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. რამდენად სწრაფად და რაც მთავარია, რამდენად ხარისხიანად მოაგვარებს პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა ამ მიმართულებით არსებულ პრობლემას?

– ვეთანხმები ინვესტორების ამ მოსაზრებას, რადგან პირველ რიგში, როცა ისინი შემოდიან კაპიტალის დასაბანდებლად, ითხოვენ კვალიფიციურ კადრებს. ამიტომ, აუცილებელია მოსახლეობის დაინტერესება მოხდეს ჩვენი პროგრამებით, მათ შორის ლაბორატორიებით, სტანდარტებით. ჩვენ გვეხმარებიან სხვადასხვა დონორები პროფესიული განვითარების კუთხით, იგივე აშშ, ევროკავშირი. უკვე მზაობაა საიმიასოდ, რომ ნებისმიერი მიმართულებით კადრების ხარისხიანი მომზადება მოხდეს. საჭიროა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაცია სჭირდება საზოგადოებასთან, რომ უფრო მეტი ადამიანი მოვიდეს პროფესიულ განათლებაში. დღეს, დაახლოებით 75% მიდის უმაღლეს განათლებაში, ხოლო დანარჩენი 25% პროფესიულში. ნებისმიერ ევროპულ, განვითარებულ ქვეყანაში, მსოფლიოს მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ეს მაჩვენებელი არის პირიქით, 70% მიდის პროფესიული განათლების განვითარებით, 30% კი უმაღლესი განვითარების კუთხით. ჩვენ მიდგომები უნდა შევცვალოთ იმისათვის, რომ ძირითადი მოთხოვნა ეკონომიკაში გვაქვს სპეციალისტების მიმართ, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესებში არიან დასაქმებულნი და ქმნიან რეალურ ეკონომიკას. ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიური, გარდამტეხი პროცესები წავიდა პროფესიული განათლების კუთხით, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ დავაკმაყოფილოთ ბაზრის მოთხოვნები. მაისის თვიდან სახელმწიფოს მხრიდან იწყება მოკლევადიანი გადამზადების კურსები, რომელიც არის პირდაპირ ორიენტირებული ბიზნესის საჭიროებაზე.

– როგორია ბიზნესის მხრიდან პროფესიული განათლების მიმწოდებელი დაწესებულებების, ამ შემთხვევაში პროფესიული კოლეჯების მიმართ დამოკიდებულება. რამდენად ხარისხიანად თანამშრომლობს ბიზნესი თქვენს სექტორთან, კონკრეტულად თქვენს კოლეჯთან და კონკრეტულად რა მნიშვნელოვანი „ქეისების“ გამოყოფა შეგიძლიათ?

– ბიზნესიდან ის დამოკიდებულებები მართლაც არსებობს, რასაც სოციალურად მაღალი პასუხისმგებლობა და ჩართულობა ჰქვია. არამხოლოდ ინვესტირება, არამედ მოსახლეობის გადამზადა და მათი ჩართულობა, კვალიფიკაციის ამაღლება. ბიზნესთან ერთად გვაქვს იგივე საერთო მოსამზადებელი ბაზები ბენეფიციართათვის. მე შემიძლია ვთქვა, რომ „ნენსკრა ჰიდროსთან“ გვაქვს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა. კომპანიის მხრიდან კმაყოფილება არის დიდი. დამოკიდებულება ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალურად ღია და ჩვენი პედაგოგები არიან მაღალკვალიფიციურები და ამჯამად ძალიან კარგი მომზადების კურსები მიმდინარეობს. „ნენსკრა ჰიდროსთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, ამ ეტაპზე მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 80-მდე ადამიანს ვამზადებთ. ისინი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გადიან და ეუფლებიან თვითმცლელის, ექსკავატორის, გრეიდერისა და სატვირთველის გამოყენებას. გადამზადების კურსის ხანგრძლივობა 5 კვირაა. თეორიული ნაწილი ჭუბერსა და ნაკრაში ტარდება, პარალელურად კი ამ ეტაპზე თბილისში მიმდინარეობს პრაქტიკული სწავლება სიმულატორების გამოყენებით.

გარდა „ნენსკრა ჰიდროს“ მხრიდან კმაყოფილებისა, ადგილობრივი ბენეფიციარებიც ძალიან კმაყოფილები არიან. ვცდილობთ მორგებული და მოქნილი ვიყოთ ბიზნესთან მიმართებაში. თუ ბიზნესს სჭირდება რეგიონში ჩასვლა, რეგიონშიც ჩავდივართ, წინასწარ ვთანხმდებით პროგრამებთან, სილაბუსებთან დაკავშირებით და ამის შემდგომ ვიწყებთ გადამზადებასა და ტრენინგებს.

ბაჩო ჯინჭარაძე

Share