Home » მსოფლიო » ჩინეთის ეკონომიკა მდგრადობის ნიშნებს ავლენს
ჩინეთის ეკონომიკა მდგრადობის ნიშნებს ავლენს

ჩინეთის ეკონომიკა მდგრადობის ნიშნებს ავლენს

 

ჩინეთის ეკონომიკამ ნოემბერში მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები დააფიქსირა, რასაც ადასტურებს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, წარმოება ბოლო ხუთ თვეშ ყველაზე მაღალი ტემპით გაიზარდა. ეს კი ნიშნავს, რომ პეკინის მიერ ინტენსიურად განხორციელებულმა სტიმულირებამ, თავისი შედეგი გამოიღო.

და მაინც, ანალიტიკოსები თვლიან, რომ პოლიტიკოსების მხრიდან, ცისქვეშეთის ეკონომიკას გაცილებით მეტი მხარდაჭერა ესაჭიროება, რათა აღმავლობის გზაზე არსებული წინააღმდეგობები გადაილახოს და ზრდა სტაბილური გახდეს. ამ ეტაპზე, ჩინური ეკონომიკის მთავარი პრობლემებია მაღალი შიდა დავალიანებები და მსოფლიოში ჩინურ (და არამარტო ჩინურ) ნაწარმზე მოთხოვნილების შემცირება. რაც მთავარია, ფინანსური ბაზრები, შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ, დოლარზე განაკვეთის გაზრდას მოელიან.

პეკინში ბაზირებულ, ჩინეთის საერთაშრისო ეკონომიკური გაცვლების ცენტრის წამყვანი ეკონომისტი ვან ჟუნი ამბობს, რომ მწარმოებელთა ფასების შემცირების გამო, რეალური საპროცენტო განაკვეთები კვლავ მაღალ დონეზეა. ეკონომიკის სტაბილური ზრდის მხარდასაჭერად და დეფლაციასთან საბრძოლველად კი ამ განაკვეთების შემცირებაა აუცილებელი.

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ნოემბერში ჩინეთის წარმოება 6.2 პროცენტით გაიზარდა. შედარებისთვის, ოქტომბრის ანალოგიური მაჩვენებელი 5.6 პროცენტი იყო და სტატისტიკოსები ნოემბერშიც 5.6 პროცენტს ელოდნენ. ჩინურ ძირითად ფონდებში ინვესტიცია, რაც ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელია, პირველ 11 თვეში 10.2 პროცენტით არის გაზრდილი, რაც პროგნოზზე 0.1 პროცენტით მეტია.

ნოემბერში საცალო გაყიდვების მოცულობა 11.2 პროცენტით არის გაზრდილი, რაც ამ წლის საუკეთესო მაჩვენებელია. ოქტომბერში საცალო გაყიდვები 11.0 პროცენტით გაიზარდა, ნოემბრის პროგნოზი კი 11.1 პროცენტით ზრდა იყო. „კომერცბანკის“ სინგაპურის ოფისის წამყვანი ეკონომისტი ჟაო ჰაო ამბობს, რომ მართალია, ჩინეთის ეკონომიკის სტატისტიკა სტაბილიზაციის ნიშნებს ავლენს, მაგრამ ზრდას დაბალი ტემპი აქვს.

მსოფლიოს მეორე უდიდეს ეკონომიკას საშინაო ბაზარსა და მსოფლიოში, მოთხოვნის შემცირება აზარალებს. ამის გამო, ქარხნები არასრულადაა დატვირთული. ამასთან, ჩინური ეკონომიკა სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება სამომხმარებლო ბაზრის განვითარებაზე და ნაკლებად ინვესტიციებზე, რასაც თან ახალი პრობლემები სდევს. გარდა ამისა, ამერიკის ფედრეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის შესაძლო გაზრდამ, შესაძლოა ჩინეთიდან კაპიტალის გადინება გამოიწვიოს, რისი დაძლევაც ჩინეთისთვის დიდი გამოწვევა იქნება.

პრემიერ ლი კეციანის კაბინტს გადაწყვეტილი აქვს, გაატაროს ახალი რეფორმა, რაც წარმოება-გასაღების ოპტიმიზაციას გამოიწვევს და ეკონომიკას ახალ ბიძგს მისცემს. ეს კი ძირითადად, საწარმოების სრულად დატვირთვით იქნება შესაძლებელი. მთავრობის მიზანს, ასევე ეგრეთ წოდებული „ზომბი ფირების“ რიცხვის შემცირება წარმოადგენს, რომელთა გაკოტრებისგან გადარჩენაზეც უზარმაზარი თანხები იხარჯება.

იმ დროს, როცა სავაჭრო სექტორი ჯერაც სუსტია, ჩინეთის მთავრობა ცდილობს, რომ ჭარბი წარმოების ნაწილმა საზღვარგარეთ გადაინაცვლოს და იმავდროულად, ექსპორტზე გადასახადებს ამცირებს. პარალელურად, იმ დროს, როცა სამშენებლო ბიზნესი შემცირებულია, შესაბამისად დაიკლო მოთხოვნამ ფოლადსა და ნახშრზე, რაც ცისქვეშეთის ძირითადი სამრეწველო საქონელია. სწორედ ამ ორზე ფიქსირდება ყველაზე დიდი ჭარბწარმოება.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ წარმოება-გასაღების ოპტიმიზაციის პროცესში, ძირითადი გამოწვევებია „გაგრილებული“ უძრავი ქონების ბაზარი, ჭარბწარმოება, მაღალი დავალიანებები და პეკინის ანტი კორუპციული კამპანია. მათი აზრით, შემდგომ 12 თვეში მოსალოდნელია იუანზე საპროცენტო განაკვეთის 50 საბაზო პუნქტით შემცირება. ცნობისათვის, ბოლო წლის განმავლობაში, ჩინეთის ბანკმა ექვსჯერ (!) შეამცირა საპროცენტო განაკვეთი, რაც 2008/09 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, სტიმულირების ყველაზე აგრესიული ქმედებაა.

მაგრამ ყოველივეს მიუხედავად, პეკინს უჭირს ეკონომიკის ზრდის დასახული ტემპის (7.0%) მიღწევა. არადა, ესეც ბოლო მეოთხედ საუკუნეში, ზრდის ყველაზე დაბალი ტემპია. უფრო მეტიც, ბევრი ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ ზრდის ტემპის ოფიციალური მაჩვენებელი, რეალურზე დაბალია.

ამ წლის განმავლობაში, უძრავი ქონების ბაზრის გაგრილებამ, ჩინეთის ეკონომიკა ყველაზე ძლიერ აზარალა. მაგრამ მთავრობის მიერ განხორციელებული სტიმულირების წყალობით, დიდ ქალაქებში სახლების გაყიდვის დონემ მაღლა აიწია. ასევე გაიზარდა ფასები, რამაც მშენებლობის სექტორის გამოცოცხლება უნდა გამოიწვიოს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, უძრავ ქონებაში ინვესტიციების მოცულობა, პირველ 11 თვეში მხოლოდ 1.3 პროცენტით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ, ზრდის ყველაზე დაბალი ტემპია.

ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპენის თქმით, შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის საშუალო ტემპი არ უნდა იყოს 6.5 პროცენტზე ნაკლები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის მიზანი, რომელიც 2020 წლამდე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის გაორმაგებას ითვალისწინებს, მიუღწეველი დარჩება.

მერაბ ლორთქიფანიძე

Share