Home » საზოგადოება » „ჩინეთი, ევროკავშირთან დაახლოების მიზნით, ფსონს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მარშრუტზე აკეთებს“
„ჩინეთი, ევროკავშირთან დაახლოების მიზნით, ფსონს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მარშრუტზე აკეთებს“

„ჩინეთი, ევროკავშირთან დაახლოების მიზნით, ფსონს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მარშრუტზე აკეთებს“

„ბაქო-თბილისი-ყარისის პროექტში რუსეთის ჩართვასთან დაკავშირებით არსებული გაუგებრობა, პოლიტიკური ისტერიკის ნაწილი იყო“

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა უკვე ამოქმედდა. თუმცა, ამ ეტაპზე რკინიგზა სრულად მაინც არ არის დატვირთული და სამუშაოების ნაწილი ჯერ კიდევ გრძელდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სპეციალისტების აზრი ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ რკინიგზის ამოქმედება გაზრდის საქართველოს მნიშვნელობას და როლს, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, აღნიშნული პროექტის ამოქმედება ხელს შეუშლის საქართველოს საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ეკონომისტი, ანდრია გვიდიანი გვესაუბრა.

– საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. თქვენი აზრით, რა სტრატეგიული და ეკონომიკური დატვირთვა აქვს აღნიშნულ პროექტს?

– ვფიქრობ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულება აქვს საქართველოს სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერების თვალსაზრისით. საქართველოს აქვს უმნიშვნელოვანესი და ამავე დროს ურთულესი ამოცანა, რომ გახდეს რეგიონის სატრანსპორტო ჰაბი. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების არსებობა, როგორც არის ბთყ რკინიგზის პროექტი თუ სხვა, ასევე, მნიშვნელოვანი სახმელეთო თუ საზღვაო პროექტები. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო ან რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს ასევე აქვს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის გაძლიერების კუთხით.

როგორც იცით, საქართველო ინტენსიურად ავითარებს სტრატეგიულ პარტნიორობას როგორც ევროპის, ისე აზიის მიმართულებით. შესაბამისად, ისეთი პროექტები როგორიც არის ბთყ (ბაქო-თბილისი-ყარსი) მნიშვნელოვნად ხელს უწყობს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას. შესაბამისად, სწორედ ასეთი პროექტების საფუძველზე, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა ღირსეული ადგილი დაიკავოს გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში.

რაც შეეხება ეკონომიკურ დივიდენდებს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტები მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას. შესაბამისად, როდესაც ქვეყანაში სატრანსპორტო და ლოჯისტიკური მიმართულებები კარგად არის განვითარებული ეს, ბუნებრივია, უფრო საინტერესოს ხდის ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს.

როგორც ვიცით, ბთყ იქნება ყველაზე მოხერხებული მარშრუტი როგორც აზიისკენ, ისე ევროპისკენ. მოგეხსენებათ, საქართველოს გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირთან და ჩინეთთან. შესაბამისად, უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველო საკმაოდ საინტერესო ქვეყანაა.

საქართველოში არსებობს ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობა და დაბალი გადასახადები, რაც ძირითადი ინტერესის სფეროა უცხოელი ინვესტორებისთვის. თუმცა, მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანაში მასშტაბური ინვესტორები მოვიდნენ. ისინი ითხოვენ თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებს დანარჩენ მსოფლიოსთან და განვითარებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. ამ თვალსაზრისით ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები ხელშესახებია. საქართველომ შეძლო ამბიციური მიზნების შესრულება და ყველაზე საინტერესო ბაზრებთან (ჩინეთი, ევროკავშირი) გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები. შესაბამისად, უკვე გაჩნდნენ უცხოელი ინვესტორები, რომლებსაც საკუთარი ბიზნესები რელოკაციის მოდელით საქართველოში გადმოაქვთ. გარდა ამისა, მიმდინარეობს აშშ-სთან ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობა და უახლოეს მომავალში უცხოელ ინვესტორებს ეს შესაძლებლობაც მიეცემათ.

როგორც უკვე აღვნიშნე, სატრანსპორტო პოტენციალის განვითარების შემთხვევაში, საქართველოში ინვესტირება უფრო საინტერესო გახდება, რაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დატვირთვა სწორედ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას ექნება.

თუმცა, მეორე მხრივ, აღნიშნულ პროექტს თან ახლავს სხვა რისკებიც. კერძოდ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედება პირდაპირ კონკურენციას გაუწევს საქართველოში არსებულ პორტებს. შესაბამისად, ტვირთები, რომლებიც ჩვენი პორტების მეშვეობით მოძრაობდა გადაინაცვლებს რკინიგზაზე. ამ კონტექსტში ხაზგასასმელია ანაკლიის პორტის მშენებლობა. როგორც იცით, ანაკლია საქართველოსთვის გარდა ეკონომიკური დანიშნულებისა სტრატეგიულ ფუნქციას ატარებს. შესაბამისად, რკინიგზის ამოქმედების შემდეგ, ანაკლიის პროექტის მიმართ წმინდა ეკონომიკური და ფინანსური რისკები გაჩნდება, რაც, ერთმნიშვნელოვნად დასაფიქრებელი და სამსჯელო საკითხია.

მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ნებისმიერი მასშტაბური პროექტი, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება უნდა განხორციელდეს და ფინანსური მაჩვენებლები არ უნდა იყოს პირველი რიგის პრიორიტეტი.

– რეგიონში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე, რკინიგზის სრული დატვირთვით მუშაობის პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ბოლო პერიოდში დიდი გაუგებრობა მოჰყვა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში რუსული მხარის შესაძლო ჩართულობას. როგორი პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ რუსეთის ჩართულობასთან დაკავშირებით და, ზოგადად, პოლიტიკური არეულობის ფონზე ხომ არ დგას რისკის ქვეშ აღნიშნული პროექტი?

– ვფიქრობ, ის რეაქციები, რომელიც ქართული პოლიტიკური თუ სამოქალაქო ისტებლიშმენტიდან მოდიოდა, ბუნებრივი იყო. აქ საუბარია საქართველოს გვერდის ავლით არსებულ მოლაპარაკებებზე და, რა თქმა უნდა, ქართული მხარისთვის კატეგორიულად მიუღებელია რაიმე ტიპის დაფარული მოლაპარაკებები. მით უფრო, საქართველოს იგნორირება. ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე არსებობს სამმხრივი ხელშეკრულება, რაც ყველა მხარეს ავალდებულებს პარტნიორებთან მოლაპარაკების გზით მოხდეს პროექტის შესახებ ნებისმიერი მოქმედება (მათ შორის რაიმე ტიპის ხელშეკრულებების გაფორმება).

საქართველოს აზერბაიჯანს და თურქეთს აქვთ საკმაოდ ღრმა სტრატეგიული პარტნიორობა. შესაბამისად, მხოლოდ ამ კონტექსტში რომ ვიმსჯელოთ, იგნორირების ტონი კატეგორიულად მიუღებელია. ვფიქრობ, ეს არის ის ძირითადი საკითხი, რამაც საქართველოში სამართლიანი შეშფოთება გამოიწვია.

რაც შეეხება რუსეთის ჩართულობის წმინდა ეკონომიკურ ნაწილს, პირადად მე აქ რაიმე განსაკუთრებულ რისკს ვერ ვხედავ. ზოგადად, ამ პროექტის მთავარი ამოცანა არის მაქსიმალური დატვირთვა და ტვირთბრუნვის ზრდა. შესაბამისად, ჩემი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხედვებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ნებისმიერი ტვირთის მოძრაობა, წარმომავლობის მიუხედავად პრობლემას არ წარმოადგენს.

გარდა ამისა, როგორც იცით, საქართველოს აქვს მკვეთრად გამოხატული პროდასავლური და პროევროპული გეზი. ჩვენ ევროკავშირთან გვაქვს ასოცირების შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული, რითაც მთელი რიგი ვალდებულებები გვაქვს აღებული მათ შორის სატრანსპორტო მიმართულებით. თუ უფრო ჩავუღრმავდებით, ევროკავშირის ქვეყნებში ძირითადი აქცენტი საერთო ურთიერთთავსებადი ქსელის (დერეფნები) შექმნაზეა გადატანილი, რომელზეც დადგენილი ევრორეგულაციების საფუძველზე ნებისმიერ უცხოურ ლიცენზირებულ კომპანიას სხვა ქვეყნის სარკინიგზო ქსელში თავისუფალი შეღწევის საშუალება ეძლევა. აქედან გამომდინარე, ევროპული ხედვაა თავისუფალი კონკურენციის გაძლიერება, დირექტივა 91/440 და მისი დამატება 95/18 ცალსახად კარნახობს საქართველოს რკინიგზას ფუნდამენტური რეფორმებისკენ, აყალიბებს ინფრასტრუქტურის გამოყოფის და დამოუკიდებელი კომპანიების თავისუფალ დაშვებას სარკინიგზო ქსელზე.
აქვე ხაზგასასმელია, რომ საქართველოს რუსეთთან საკმაოდ მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები აქვს. შესაბამისად, ვფიქრობ რუსეთის ჩართვასთან დაკავშირებით არსებული გაუგებრობა პოლიტიკური ისტერიკის ნაწილი იყო. დღეს საქართველოსთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, რომ რუსეთზე არ ვიყოთ რაიმე სახით დამოკიდებული. არსებული კონფლიქტიდან და, ზოგადად, რუსეთის, როგორც არასაიმედო პარტნიორის სტატუსიდან გამომდინარე, არსებით პრობლემას წარმოადგენს დამოკიდებულების არსებობა და არა ისეთი სახის თანამშრომლობა, რომელსაც არ გააჩნია არსებითი პოლიტიკური რისკები.

თუმცა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის ჩართვასთან დაკავშირებული გაუგებრობა, ძირითადად, გამოწვეული იყო საქართველოს იგნორირებით და არა რაიმე ეკონომიკური შინაარსის საკითხებით. მინდა ხაზი გავუსვა, რომ სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ზურგსუკან მოლაპარაკებების ტონი ქართველი ხალხისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

– დღესდღეობით სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ბაზარზე საკმაოდ მაღალი კონკურენციაა, ამავე დროს მუდმივად მზარდი. როგორ ფიქრობთ, ბთყ-ის პროექტში რუსული მხარის ჩართვა როგორ იმოქმედებს კონკურენტული გარემოს თვალსაზისით?

– ბუნებრივია, ნებისმიერ პროექტში ნებისმიერი ახალი მოთამაშის ჩართვა ხელს უწყობს კონკურენციას და, ვფიქრობ, ჯანსაღი კონკურენცია არის განვითარების ერთადერთი სწორი გზა. თუმცა, მინდა საკითხს უფრო მასშტაბურად შევხედო და მკითხველს სურათი უფრო გრძელვადიანი პერსპექტივიდან დავანახო.
დღეს აზერბაიჯანი და თურქეთი ინტენსიურად ავითარებენ საკუთარ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ლოგისტიკურ ცენტრებს და გადასატვირთ ტერმინალებს. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ეს ქვეყნები ჩამოყალიბდებიან სატრანსპორტო დერეფნის ჰაბებად. უფრო კონკრეტულად კი ამ ქვეყნებზე გაივლიან როგორც განედური, ისე მერიდიანული სატრანსპორტო არტერიები, რისი ნათელი დადასტურებაა აზერბაიჯანი, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის საშუალებით ცდილობს ინდოეთის და ირანის რუსეთთან დამაკავშირებელი ხიდის ფუნქცია შეასრულოს.

გარდა ამისა, საქართველოს ლოჯისტიკურ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, საკმაოდ საინტერესო დღის წესრიგი აქვს. ამის ნათელი დადასტურებაა როგორც სარკინიგზო, ისე საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაუგებრობები არსებობს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. ანაკლიის აშენება არის ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური ნება, შესაბამისად, აღნიშნული პროექტი იმხელა სტრატეგიულ დატვირთვას ატარებს, რომ ანაკლიის აშენება კონსტიტუციურ დონეზე გავამყარეთ. როგორც უკვე აღვნიშნე, ანაკლიის პორტის სახით, საქართველოს სატრანსპორტო ფუნქცია ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავა. შესაბამისად, კონკურენციის თვალსაზრისით, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთმნიშვნელოვნად ანგარიშგასაწევი ქვეყნები გახდებიან.

რაც შეეხება რუსეთს, როგორც იცით, ტამანი და ახალი ნავსადგურები რაც ააშენა რუსეთმა ჩრდილოეთში და სამხრეთში, ძირითადად, იტვირთება მისი საკუთარი ექსპორტით, პლიუს ჩინური ტრანზიტებით, რომელსაც ობიექტური მიზეზების გამო ჩვენ ტარიფებით ვერაფერს ვერ ვუხერხებთ. ამიტომ რუსეთი თავის დღის წესრიგს ავითარებს და ტამანის პორტს მაქსიმალურად ტვირთავს. დღესდღეობით ჩინეთის და ევროპის ძირითადი ტრანზიტები გადის რუსეთზე. იმიტომ, რომ ჩინეთიდან ევროპაში რკინიგზით კონტეინერის ჩატანა 700-800 დოლარი ჯდება. თუმცა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კომპლექსურად განვითარების შემდგომ მოგვეცემა საშუალება, რომ სატარიფო პოლიტიკის სწორად შემუშავების ფონზე, კონკურენტუნარიანები გავხდეთ.

გარდა ამისა, ჩინეთი ევროკავშირთან დაახლოების მიზნით „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ინიციატივის სახით ფსონს აკეთებს სწორედ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მარშრუტზე. აქედან გამომდინარე, საშუალოვადიან პერსპექტივაში თუ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარდება მაღალი ტემპებით მოხდება ჩინეთის დაინტერესება ჩვენი რეგიონის მიმართ მაქსიმალურად გაიზრდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონკურენციის განვითარების კუთხით, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ხაზი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება.

– ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას ასევე მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს მგზავრების გადაყვანის ნაწილში. როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი გავლენა ექნება აღნიშნულ პროექტს საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე?

– საქართველოს ეკონომიკისთვის ტურიზმის განვითარება და, ზოგადად, ტურისტული შემოსავლები ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მაგალითად, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი ეკონომიკის (GDP) 7.9%-ს სწორედ ტურიზმის სექტორი შეადგენდა. შესაბამისად, ტურისტული მომსახურების განვითარება ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა.

ტურისტული ვიზიტების თვალსაზრისით, ბოლო რამდენიმე წელია აზერბაიჯანს პირველი ადგილი უჭირავს. 2018 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანიდან საქართველოში 1.424 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა. გარდა ამისა, როგორც იცით, საქართველოს საჰაერო სივრცე მუდმივად ვითარდება და იხვეწება. კერძოდ, დღეს რეგიონის მასშტაბით საქართველოში ოპერირებენ ყველაზე დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები. ახლახანს შემოვიდა მსოფლიო მასშტაბის კომპანია ღყანაირ, რომელიც ევროპის მიმართულებით ბიუჯეტური მგზავრობის შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, აზერბაიჯანელების და, ზოგადად, ჩვენი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველო ხდება ქვეყანა, რომელიც ევროპის მიმართულებით ხარჯთეფექტიანი მოგზაურობის შესაძლებლობას იძლევა. აქედან გამომდინარე, სარკინიგზო მიმოსვლა ერთი მხრივ გაზრდის უშუალოდ საქართველოში ვიზიტების რაოდენობას და, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ჩვენი აეროპორტების განვითარებას.

ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთი დეტალი, რომელიც ვფიქრობ იდეალურად ასახავს აზერბაიჯანელების დამოკიდებულებას საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ტურისტული ვიზიტორების გამოკითხვების შედეგად დასტურდება, რომ აზერბაიჯანიდან შემოსული ვიზიტორების 95.6% საქართველოში განმეორებითი ვიზით არის შემოსული. თავის მხრივ, ეს მაჩვენებელი ადასტურებს, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის ჩვენი საზღვაო თუ სამთო კურორტები საკმაოდ მიმზიდველია. ეს ბუნებრივიც არის, იმ თვალსაზრისიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ერებს საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა და ბევრი საერთო აქვთ. მოგეხსენებათ, საქართველო გამორჩეული ქვეყანაა თავისი სტუმართმოყვარეობით და, ბუნებრივია, გაზრდილი ტურისტული ნაკადები საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

ესაუბრა ლიკა მაისურაძე

Share