Home » ბიზნესი » ჩეხური კომპანიების საწარმოების საქართველოში გადმოტანა განიხილება
ჩეხური კომპანიების საწარმოების საქართველოში გადმოტანა განიხილება

ჩეხური კომპანიების საწარმოების საქართველოში გადმოტანა განიხილება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბათუმში, ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს მარტა ნოვაკოვას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობებისა და საქართველოში ცალკეული ჩეხური წარმოებების შესაძლო გადმოტანის საკითხები.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი კავშირები საგარეო ვაჭრობაში, რომელიც ბოლო წლებია ზრდის დინამიკით ხასიათდება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2018 წლის პირველ 7 თვეში საქართველოსა და ჩეხეთში სავაჭრო ბრუნვა 35 პროცენტით, ხოლო ექსპორტი საქართველოდან 9 პროცენტით გაიზარდა. ამავე დროს, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში.

2017 წელს ჩეხეთიდან განხორციელებულმა ინვესტიციებმა 142,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 64 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჩეხ კოლეგასთან შეხვედრა პროდუქტიულად შეაფასა.

„ჩეხეთი ჩვენი ერთ-ერთი დიდი პარტნიორია როგორც სავაჭრო, ისე ინვესტიციების თვალსაზრისით. ჩვენ განვსაზღვრეთ მთელი რიგი პროექტების, რომლებიც დაგვეხმარება ჩეხეთთან ურთიერთობების გაორმაგებაში. აქ ლაპარაკია არა მხოლოდ ვაჭრობაზე, არამედ ჩეხური ინვესტიცებისა და ტექნოლოგიების საქართველოში გადმოტანაზე. ჩეხეთი არის ერთ-ერთ ქვეყანა, რომელიც ძალიან ამაყობს თავისი ტექნოლოგიებით. შეხვედრაზე იყო ლაპარაკი, რომ არა მხოლოდ მოგვყიდონ პროდუქცია, არამედ გადმოიტანონ წარმოებები და გახსნან აქ“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

Share

About bachana jincharadze