Home » საზოგადოება » ჭავჭავაძის გამზირზე კერძო ავტომანქანები გაჩერებას ვეღარ შეძლებენ
ჭავჭავაძის გამზირზე კერძო ავტომანქანები გაჩერებას ვეღარ შეძლებენ

ჭავჭავაძის გამზირზე კერძო ავტომანქანები გაჩერებას ვეღარ შეძლებენ

თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროს მამუკა მუმლაძის განცხადებით, ადამიანებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის არქონის გამო, ძალიან ბევრი ავტომობილი შეიძინეს.

ამის შესახებ მუმლაძემ გადაცემა “საქმის კურსში” განაცხადა და დასძინა, რომ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს აქვს ხედვა, შეიქმნას ახალი Bus Line-ბი, რათა ავტობუსები  გაცილებით სწრაფად გადაადგილდეს.

მისივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე კერძო ავტომობილის გაჩერება აღარ იქნება შესაძლებელი და ტაქსებიც მოქალაქეებს კონკრეტულ ადგილზე მიაკითხავენ.

„ჩვენი მიზანი და პოლიტიკაა, რომ მკვეთრად შემცირდეს კერძო მანქანების რაოდენობა და გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება. დედაქალაქში საზოგადოებრივი სისტემის არქონის გამო ადამიანებმა ძალიან ბევრი ავტომობილი შეიძინეს. ჩვენი მიდგომაა, რომ ავტობუსისთვის გამოყოფილი ზოლები შეიქმნას იმისთვის, რომ მოხდეს მათი სწრაფი გადაადგილება. ჩვენი ხედვით, ეს უნდა იყოს კომფორტზე ორიენტირებული და ტაქსმა მოქალაქეს კონკრეტულ ლოკაციაზე უნდა მიაკითხოს”, – განაცხადა მუმლაძემ.

მისივე თქმით, ქუჩების სარეაბილიტაციო პროექტები უკვე შემუშავებულია; ჭავჭავაძის გამზირზე Bus line ორივე ზოლზე იქნება დახაზული და ავტომობილებს მთავარ ქუჩაზე გაჩერება აეკრძალებათ.

„Busline-ები ყველგან არ იქნება, მხოლოდ ისეთ ძირითად ქუჩებზე, სადაც პრობლემებია გადაადგილების კუთხით. დამუშავებულია მელიქიშვილის გამზირი, სადაც რეაბილიტაციის დროს რუსთაველიდან მომავალ ავტობუსებს აღარ მოუწევთ ვარაზისხევის ამოსვლა და პირდაპირ გადაკვეთენ მელიქიშვილს საპირისპირო მიმართულებით. გარდა ამისა, ვაპირებთ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩაზე შევუშვათ ავტობუსები. ჭავჭავაძეზე კვეთა და შესასვლელი სადაცაა, ყველგან იქნება შესაძლებელი, რომ შევიდეს კერძო ავტომობილი”, – განაცხადა მან.

BM.GE

Share