Home » ბიზნესი » ცემენტის ადგილობრივმა მწარმოებლებმა ბაზრის დაცვის მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს მიმართეს
ცემენტის ადგილობრივმა მწარმოებლებმა ბაზრის დაცვის მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს მიმართეს

ცემენტის ადგილობრივმა მწარმოებლებმა ბაზრის დაცვის მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს მიმართეს

ცემენტის ადგილობრივმა მწარმოებლებმა დღეს პრემიერ-მინისტრის, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების სახელზე საგანგებო მიმართვა გაავრცელეს, სადაც ბაზარზე შექმნილ პრობლემურ ვითარებაზე და გამოსავლის გზებზე საუბრობენ.

15-მდე კომპანია აცხადებს, რომ ბაზარზე მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებული ცემენტის  მოძალების მასშტაბები იზრდება, რაც პერსპექტივაში უბრალოდ აზრს დაუკარგავს საქართველოში ცემენტის წარმოებას და შედეგად რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს მთელი თავისი ნეგატიური სოციალური და ფისკალური ეფექტების თანხლებით.

ადგილობრივ მწარმოებლებს გამოსავლის გზად ცემენტის იმპორტზე (მზა პროდუქცია) დღეს არსებული მოსაკრებელის მნიშვნელოვნად გაზრდა მიაჩნიათ. „ამ გზით დავიცავთ ბაზარს და შევინარჩუნებთ ადგილობრივ წარმოებას. ამასთან, ეს ნაბიჯი, მინიმუმ 600-700 ათასი ტონით მაინც გამოათავისუფლებს ბაზარს  იმპორტირებული პროდუქციისგან და ეს მოცულობაც ადგილობრივ წარმოებას დარჩება ასათვისებლად. სწორედ ამ მიდგომაში ვხედავთ გამოსავალს“, – აღნიშნულია მიმართვაში.

მიმართვაში ასევე ხაზგასმულია ბაზრის 80%-ზე მეტი წილის მქონე კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ შესაძლო ნეგატიური როლის თაობაზე, რაც მან შეიძლება ითამაშოს ცემენტის წარმოების ადგილობრივ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციისთვის პრობლემის შექმნის თვალსაზრისით. „ჰაიდელბერგცემენტი“ ასევე ერთადერთიკომპანიაა ქვეყანაში, რომელსაც გააჩნია ცემენტის წარმოებისთვის ძირითადი ნედლეულის – კლინკერის საკუთარი წარმოება.

„ბაზრის პრაქტიკულ მონოპოლისტს არ უნდა შეექმნას ისეთი პირობები, როცა ის საკუთარი სურვილით და ფასთა კონიუნქტურაზე ზეგავლენის ბერკეტებით შეძლებს მცირე მეწარმეების  შევიწროებას და ბაზრიდან განდევნას.

სამწუხაროდ, ამის საშიშროება არის და ეს საშიშროება დაგვანახა როგორც წინა პერიოდებში განვითარებულმა მოვლენებმა, ისე სულ ახლახანს, „ჰაიდელბერგცემენტის“ წარმომადგენელთა მიერ გამართულმა საგანგებო პრესკონფერენციამ, სადაც ბაზარზე არსებული და საკუთარი პრობლემები მათ იმას დააბრალეს, რომ საქართველოში აზერბაიჯანიდან და ირანიდან ხორციელდება კლინკერის იმპორტი. და თითქოს ეს უქმნის მათ ისეთ პრობლემას, რომ ღუმელების გაჩერება და 1300 მდე ადამიანის სამსახურიდან დათხოვნა მოუწევთ.

როგორც ჩანს, ამ განცხადების ტონი განპირობებულია მხოლოდ ერთი სურვილით – ფასთა კონიუნქტურაზე კონტროლის დამყარებით და კონკურენტების შევიწროების პოლიტიკით, სრულად განდევნოს ბაზრიდან საქართველოში ცემენტის სხვა მწარმოებლები და გახდეს აბსოლუტური მონოპოლისტი ამ ბაზარზე. არადა, ის დღესაც აკონტროლებს ბაზრის 80%-ზე მეტს და გულწრფელად გაუგებარია, დანარჩენმა 20-მა %-მა ჯამში განა რა დემპინგზე ან რამდენ ხანს უნდა შეძლოს დემპინგზე მუშაობა, რომ ბაზარზე 80%-ის მაკონტროლებელი კომპანია დაზარალოს?!. თუ დემპინგზეა საუბარი, ამის საშუალება და ბერკეტები სწორედ ბაზრის პრაქტიკულად მფლობელ კომპანიას აქვს და სწორედ ეს არ უნდა მოხდეს.  რაც შეეხება ღუმელების გაჩერებას, ჩვენს ხელთ არსებული, პრაქტიკულად უტყუარი ინფორმაციით, ეს მხოლოდ იმიტომაა დაგეგმილი, რომ „ჰაიდელბერგცემენტი“ წარმოების გადაიარაღებას აპირებს და საწარმო პროცესის დროებითი შეზღუდვა და რიგ შემთხვევაში გაჩერების აუცილებლობაც, სწორედ აქედან გამომდინარეობს“, – აღნიშნულია მიმართვაში.

მიმართვაში ადგილობრივი მწარმოებლები გაოცებას გამოხატავენ იმ ფაქტის გამო, რომ   „ჰაიდელბერცემენტს“ ბაზარზე დემპინგი აშფოთებს. მათთვის გაუგებარია! – მაშინ, ამ პირობებში, თავად „ჰაიდელბერგცემენტი“ რატომ და როგორ  ახორციელებს ლამის ერთი წელია (2017-ის ნოემბრიდან) იგივე ფასებით ნედლეულის ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებს მეზობელ ქვეყნებთან. კერძოდ, აზერბაიჯანიდან კლინკერის იმპორტს, ხოლო სომხეთში პროდუქციის ექსპორტს. გარდა ამისა, მიმართვის ავტორთა განცხადებით, მათ აქვთ დადასტურებული ნიშნები იმისა, რომ „ჰაიდელბერგცემენტი“ დასავლეთ საქართველოში თავად ოპერირებს დემპინგური ფასებით და ასე ცდილობს ბაზრიდან თუნდაც მცირე მასშტაბის კონკურენტების სრულად განდევნას.

ცემენტის ადგილობრივ მწარმოებელთა აზრით, „ჰაიდელბერგცემენტი“ ვერ მალავს სურვილს, რომ  აიკრძალოს ნედლეულის იმპორტი, გაჩერდეს ცემენტის ადგილობრივი წარმოება და მხოლოდ თავად დარჩეს ბაზარზე როგორც კლინკერის, ისე ცემენტის ერთადერთ მწარმოებლად. „ეს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რასაც გამოიწვევს ბაზარზე ფასების ზრდის თვალსაზრისით, კარგად მოგეხსენებათ. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი ხედვა,  სრულ თანხვედრაშია ადგილობრივი წარმოებისა და დასაქმების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკასთან. –  არ უნდა რჩებოდეს ხვრელები არაჯანსაღი კონკურენციისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამა თუ იმ ბაზარზე ერთი კომპანია სრულად აკონტროლებს სიტუაციას.

ჩვენი მიზანია, ჩვენი საქმის – ცემენტის ადგილობრივი წარმოების განვითარება და ვითხოვთ ბაზრის ყველა მოთამაშისთვის ერთნაირი პირობის შექმნას და ადგილობრივი ბაზრის დაცვას. „ჰაიდელბერგცემენტმა“ არ უნდა ისარგებლოს იმით, რომ არის კლინკერის ერთადერთი მწარმოებელი ქვეყანაში და არ უნდა მოითხოვოს კლინკერის იმპორტის შეზღუდვა. – ეს მისთვის სასათბურე პირობის შექმნის ტოლფასი გადაწყვეტილება იქნება და ჩვენს გაჩერებას გამოიწვევს. მან უნდა შეძლოს და საკუთარი წარმოება უნდა შეუთანადოს ნედლეულის საბაზრო ფასებს და სწორედ ამ ფონზე უნდა ვიმუშაოთ ბაზარზე, კონკურენტულ გარემოში და პოზიციები გავიმყაროთ არა ძალით არამედ ინოვაციებით, ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვით და ხარისხის კონტროლით და ასე გავაუმჯობესოთ ჩვენ-ჩვენი კონკურენტული უპირატესობები, დავიცვათ ადგილობრივი ბაზარი და შევქმნათ დოვლათი“.

ცემენტის მწარმოებლები მთავრობას მიმართავენ, რომ კლინკერის პროდუქციის იმპორტისას, პროდუქციის ხარისხის შემოწმება მოხდეს გონივრულ ვადებში (კანონი და ნორმატიული აქტი ამ ვადას არ ადგენს).

მათ ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ  შემოწმების პროცედურები, განსაკუთრებით ვადების ჭრილში, თანაბრად შეეხოს როგორც მათ, ისე „ჰაიდელბერგცემენტის“ მიერ იმპორტირებულ ნედლეულს თუ მზა პროდუქციას. თავად კი აცხადებენ, რომ იმპორტირებული კლინკერის დეკლარირებულ ხარისხთან შესაბამისობაზე სრულად აგებენ პასუხს.

„მარტივად რომ ვთქვათ, ვითხოვთ და გთხოვთ უზრუნველყოთ ბაზარზე თანაბარი წესების არსებობა ბაზრის ყველა ფიგურანტისთვის, იქნება ის პრაქტიკულად მონოპოლისტი კომპანია, თუ ბაზრის მცირე წილის მქონე“, – ნათქვამია საქართველოში ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

Share