Home » საზოგადოება » ცაში გასროლილი მილიონები – რას საქმიანობს სახელმწიფო კომპანია დელტა
ცაში გასროლილი მილიონები - რას საქმიანობს სახელმწიფო კომპანია დელტა

ცაში გასროლილი მილიონები – რას საქმიანობს სახელმწიფო კომპანია დელტა

„დელტა“, რომლის მუშაობის სფერო ძირითადად ორიენტირებულია თავდაცვითი და სამოქალაქო მრეწველობის მიმართულება, გენერალური ინსპექციის ყურადღების ქვეშ მოექცა. ინსპექციის საიდუმლო დასკვნა, რომელიც “თავისუფლების მონიტორმა” მოიპოვა, „დელტას” დირექტორს უკანონო ქმედებებში ამხელს.

საკუთრივ ცენტრი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ის წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას. მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. მარტივი ენით რომ ვთქვათ, ის სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციაა.

გენერალური ინსპექციის დასკვნა კი „დელტას“ მიმართ დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს. დასკვნა 2014-2016 წლებს ეხება, რომლის მიხედვითაც კომპანიამ კანონდარღვევით წარმართა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მრავალ მილიონიანი პროექტი. ამ პერიოდში „დელტამ“ სესტყვის საწინააღმდეგო სისტემისთვის 14 მილიონი დახარჯა.

პროექტის მიხედვით, „დელტას“ პირველ ეტაპზე უნდა დაემონტაჟებინა გამშვები სისტემა და ბულგარული წარმოების რაკეტები შეესყიდა. მეორე ეტაპზე თავად უნდა დაეწყო რაკეტების წარმოება და მოემზადებინა პერსონალი.

2015 წელს „დელტამ“ მაკედონიურმა კომპანიისგან აწყობილი და ასაწყობი რაკეტები შეიძინა. აწყობილი რაკეტები იმავე წელს ჩამოვიდა, ხოლო ასაწყობები კი ხელშეკრულების მიხედვით 2015 წლის დეკემბერში უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, რათა მოსწრებულიყო მისი აწყობა. შედეგად, 2016 წლის სეტყვის სეზონს ქვეყანა მომზადებული შეხვდებოდა. თუმცა, ასაწყობის რაკეტები გვიან ჩამოვიდა და „დელტამ“ მისი აწყობა ვერ მოასწრო, რასაც კახეთის დასეტყვა და მოსახლეობის დაზარალება მოჰყვა.

გენერალური ისნეპქციის დასკვნაში კი ვკითხულობთ: „თუ მოხდებოდა რაკეტების მარაგების დროული შემოტანა, დროულად ჩატარდებოდა შესაბამისი სასწავლო, მოსამზადებელი და საგამოცდო სამუშაოები და 2016 წლის მაისში სეტყვის შედეგად გამოწვეული პრობლემები თავს აღარ იჩენდა“.

აღსანიშნავია, რომ დაგვიანებით ჩამოსული რაკეტები ხარვეზიანი აღმოჩნდა. სეტყვასთან ბრძოლის პროექტის ფარგლებში, „დელტას“ რაკეტების წარმოება უნდა დაეწყო. ასაწყობი ნაწილები 2016 წელს შემოიტანს. გენერალური ინსპექციის დასკვნის მიხედვიტ ხაზი უკვე აწყობილი უნდა იყოს, თუმცა სერიული წარმოება დღემდე არ მოქმედებს და რაკეტების შესყიდვა ისევ მიმდინარეობს.

დასკვნაში არსებული ჩანაწერის მიუხედავად, „დელტას“ ხელძღვანელის, უჩა ძოძუაშვილის აღნიშნავს, რომ რაკეტების აწყობის პროექტი გრძელვადიანია და რაკეტების სერიული აწყობა 3-4 წელში დაიწყება.

დასკვნაში აღნიშნულია ასევე ის რომ „დელტამ“ რაკეტების შესაძენად ტენდერს არ მიმართა. კომპანიამ რაკეტების შესაძენად შუამავლად სახელმწიფოს კუთვნილი კომპანია „თბილავიამშენი“ გამოიყენა. „თბილავიამშენმა“ მაკედონიური კომპანია ICEMAK-ისგან რაკეტები იაფად იყიდა და „დელტას“ უფრო ძვირად მიჰყიდა. შესაბამისად, მოგებაც მიიღო. მსგავსი ტიპის ხელშეკრულებები „დელტამ“ სხვა კომპანიებთანაც გამოიყენა და ჯამში 7 მილიონი ლარის ხელშეკრულება გააფორმა. „თბილავიამშენმა“ კი 335 000 ლარის მოგება მიიღო. ამ პერიოდში უჩა ძოძუაშვილი „დელტას“ ხელმძღვანელის და „თბილავიამშენში“ სახელმწიფო წარმომადგენლის პოსტს ერთდროულად იკავებდა. „დელტასა“ და „თბილავიამშენს“ შორის დადებული ხელშეკრულებები კი გასაიდუმლოვდა, თუმცა სეტყვის გამფანტავი რაკეტების შესყიდვა კანონით საიდუმლოებას არ წარმოადგენს.

გენერალური ინსპექციის დასკვნა კი მიუთეთებს იმაზე, რომ „დელტას“ თავად შეეძლო აღნიშნული ოპერაციების განხორციელება, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად დაზოგავდა სეტყვის საწინააღმდეგო პროექტზე გამოყოფილ თანხებს. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს დასკვნა საგამოძიებო უწყებაში არ გადაუგზავნია.

როგორც გენერალური ინსპექციის დასკვნიდან ჩანს, სახელმწიფო კომპანიაში ფინანსები არაეფექტურად დაიხარჯა. არის თუ არა ეს კომპანიის სუსტი მართვა, თუ საბიუჯეტო სახსრების მიზანმიმართული გაფლანგვა, ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, გამოიძიონ და საზოგადოებაში არსებულ კითხვებს კომპტენტური პასუხი გასცენ. თუმცა, ამ მიმართულებით პროცესი არ დაძრულა, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშნებს აჩენს ამ კომპანიის და მისი მმართველებისა თუ ამ მმართველების შესაძლო ლობისტების თაობაზე.

სანდრო პირველი

Share