Home » ეკონომიკა » C ჰეპატიტის ელიმინაცია – წარმატებული პროექტის გვერდითი მოვლენები

C ჰეპატიტის ელიმინაცია – წარმატებული პროექტის გვერდითი მოვლენები

უსასყიდლოდ მიღებული 560 მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა

2015 წლის 28 აპრილს საქართველოში “C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა” ამოქმედდა. აღნიშნული პროგრამა თავისი მნიშვნელობით უპრეცედენტოა, ვინაიდან C ჰეპატიტის სრული მკურნალობის კურსი დაახლოებით 80 ათასი აშშ დოლარი ჯდება.

ელიმინაციის პროგრამის ამოქმედება საქართველოში განაპირობა იმან, რომ 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში 150 ათასამდე ადამიანი, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 5, 4 პროცენტი C ჰეპატიტის მატარებელი იყო. და ეს მაშინ, როცა ევროპულ ქვეყნებში ქვეყნებში ქრონიკული C ჰეპატიტი, როგორც წესი, მოსახლეობის 0,5-1%-ს აქვს. დაავადების დიდი გავრცელების შემთხვევაში კი, ეს ციფრი 1,5-2,3%-ს არ აღემატება.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარტნიორები არიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი. პროგრამა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-ის ხელშეწყობით ხორციელდება. ელიმინაციის პროგრამა მოიცავს უფასო სკრინინგს, დაავადების დიაგნოსტიკას და C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების უფასო მკურნალობას, უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამით შეუძლია, ისარგებლოს აქტიური ჩ ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს. პროგრამის ფარგლებში “გილეადი” საქართველოს უფასოდ აწვდის ანტივირუსულ პრეპარატებს – ეპკლუსას და ჰარვონს. დამხმარე პრეპარატის – რიბავირინის შეძენას კი სახელმწიფო უზრუნველყოფს.

კომპანია Gilead-ის ვიცე-პრეზიდენტმა, გრეგ ალტონმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ “ხუთ მილიონიანი საქართველო, თავისი ზომით, ვირუსის სკრინინგის სისტემით იდეალურია სამეცნიერო ტესტისთვის. საქართველოში მიღებული შედეგები მსოფლიო მასშტაბით იქნება გამოყენებული. ეს იქნება იმის მაგალითი, რომ ამ  მიმართულებით ჩადებულ ინვესტიციას ფუნდამენტური ცვლილებების მოტანა შეუძლია”.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან პროგრამაში ჩასართავად საჭირო გაღრმავებული დიაგნოსტიკური კვლევები უფასო გახდა (პაციენტის მხრიდან თანაგადახდა 140 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობდა).

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედებიდან (2015 წლის აპრილიდან) 2019 წლის 30 ივნისამდე ჩ ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდა 1.5 მლნ პირს, აქედან დადებითი აღმოჩნდა 7.8% (117 ათასი ადამიანი). სკრინინგული ტესტი არ არის საკმარისი C ჰეპატიტის საბოლოო დიაგნოზის დასასმელად. ტესტის დადებითი შედეგის შემთხვევაში, პაციენტს აქტიური ინფექციის გამოსავლენად უნდა ჩაუტარდეს დამატებითი ლაბორატორიული კვლევები – HCV RNM ან HCV CORE AG. დამატებითი ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა 89,914 პირს, აქედან აქტიური C ჰეპატიტი აღმოაჩნდა 74,307 ადამიანს. მკურნალობა დაიწყო 58,229 პირმა, აქედან მკურნალობა დაასრულა 53,908 პირმა. მკურნალობის დასრულებიდან პაციენტმა უნდა გაიაროს SVR ტესტირება, რათა განისაზღვროს განიკურნა თუ არა ვირუსისგან. SVR ტესტირება ჩაუტარდა 38,538 ბენეფიციარს, მათი 98.6% (38,006 ადამიანი) განიკურნა.

აღსანიშნავია, რომ 27.5 ათასზე მეტ ადამიანის სწრაფი ტესტით C ჰეპატიტის ვირუსზე დადებითი აღმოჩნდა, მაგრამ არ ჩაუტარებია შემდგომი კვლევა, რათა განისაზღვროს, აქვს თუ არა აქტიური C ჰეპატიტი. 16 ათასს აჭარბებს იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც დაუდგინდათ აქტიური ჩ ჰეპატიტი, საჭიროებს მკურნალობას და არ მიუმართავს მკურნალობისთვის 12.4 ათასი ადამიანია ისეთი, ვინც გაიარა C ჰეპატიტის მკურნალობის კურსი, ექვემდებარებოდა SVR ტესტირებას (რომლითაც დგინდება განიკურნა თუ არა) და არ ჩაიტარა ტესტირება

C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სტრატეგიის თანახმად, 2020 წლისთვის საქართველო მიზნად ისახავს:

•           C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-ის (135 000 ადამიანის) დიაგნოზირებას

•           ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 95%-ის (128 250 ადამიანის) მკურნალობას

•           ნამკურნალებ პირთა 95%-ის (122 000 ადამიანის) განკურნებას

•           საბოლოოდ C ჰეპატიტის აქტიური დაავადების პრევალენტობა (გავრცელება) 0.5%-მდე უნდა შემცირდეს.

როგორც არსებული მონაცემებიდან ჩანს, 2020 წლისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა დიდი ალბათობით ვერ მოხერხდება. ამ ეტაპზე დიაგნოსტირებულია სამიზნე მაჩვენებლის მხოლოდ 55%, პროგრამაში ჩართულია სამიზნე მაჩვენებლის მხოლოდ 45%. დასახული მიზნის მისაღწევად ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დამატებით მინიმუმ 70 ათასი ადამიანი უნდა ჩაერთოს.

ნახევარი მილიარდი ლარის ვადაგასული მედიკამენტი

ამ ყველაფრის ფონზე კი, აუდიტის სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ  სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა მატერიალურ ანგარიშზე ასახული აქვს ჩ ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560 645 083 ლარის ღირებულების ვადაგასული მედიკამენტი. პლუს, სამინისტროს ცენტრალურ აპარატს ასევე აღრიცხული აქვს იგივე დანიშნულების 121 285 ლარის ღირებულების მედიკამენტი, რომელიც შემდგომი გამოყენებისთვის გამოუსადეგარია.

როგორც აუდიტის სამსახურის 2020 წლის 10 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, ეს მონაცემები 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ ვითარებას ასახავს.

აუდიტის მიხედვით, ვადაგასულ მედიკამენტებს შორისაა ჩ ჰეპატიტის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტები, რომელსაც საქართველო უსასყიდლოდ იღებს მწარმოებელი ამერიკული კომპანიისგან. ეს მედიკამენტებია ჰარვონი, სოვალდი, ზეპატიერი და ინტერფერონი.

როგორც აუდიტის სამსახური წერს, სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ 2017 წლის ივლისიდან მკვეთრად შემცირდა ბენეფიციართა მიმართვიანობა. ასევე, პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წელი) ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო სოფოსბუვირი (სოვალდი), რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან (ინტერფერონი და რიბავირინი) კომბინაციით. 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით? ჰარვონით, რომლის მიხედვით შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები და აღნიშნულმა მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების (სოფოსბუვირი, ინტერფერონი და რიბავირინი) მოხმარება. ასევე, სააგენტოს განმარტებით, არსებობს მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის ან გარდაცვალების ფაქტები.

აუდიტის ანგარიშში ასევე ასახულია, თუ რამდენი პაციენტის მკურნალობა იყო დაგეგმილი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში და რეალურად, რამდენმა იმკურნალა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ჩამოიწერა არა ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების მედიკამენტი, არამედ 2000 ადამიანის სამყოფი მედიკამენტი.

“იქ ჩამოიწერა, როგორც მე ინფორმაცია მაქვს დაახლოებით 2000 ავადმყოფის სამკურნალო დოზა. ჩვენ ყოველთვიურად ვმკურნალობთ 1000-დან 1200 ადამიანს, ანუ სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გქონდეს გარკვეული რაოდენობა იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობთ ყოველთვიურად ჩართვის მაჩვენებელი ავწიოთ. 16 ათასი ადამიანი, რომელიც ვიცით, რომ არის ანტიგენ დადებითი და არ მოდის და  მკურნალობაში არ ერთვება, იმ ადამიანმა რომ გადაწყვიტოს მკურნალობაში ჩაერთოს, მისთვის მარაგი ხომ უნდა გვქონდეს. თქვენ ვერასდროს ვერ იანგარიშებთ ერთი ერთზე, ჯობია, რომ დაგრჩეს, ვიდრე დაგაკლდეს. არ არის ეს ნახევარი მილიარდის ღირებულების, ეს არის 2000 კოლოფი, რომელიც არის სულ 2 თვის სამკურნალო დღევანდელი მიმდინარეობით, რომლის დღევანდელი ღირებულება არის რამოდენიმე ასეულჯერ ნაკლები”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

“ევროპული საქართველოს” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის მთავარ მიზეზად ფინანსურ ბარიერს ასახელებს. კერძოდ, მისი თქმით, მკურნალობის დაწყებამდე ინფიცირებულ პაციენტს სრული დიაგნოსტიკური კვლევისათვის საკუთარი ჯიბიდან გარკვეული თანხის გაღება უწევდა, რაც პაციენტთა ნაწილისათვის ბარიერს ქმნიდა პროგრამაში ჩართვისთვის. მისივე თქმით, ეს ბარიერი მხოლოდ 2019 წლის აგვისტოში მოიხსნა, პროგრამის დაწყებიდან 4 წლის თავზე.

“თუ გავითვალისწინებთ, რომ 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ “C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე” 15 მლნ ლარის დახარჯვა დაგეგმა და მხოლოდ 6.4 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო 2019 წლისთვის დაგეგმილი 11 მლნ-დან პირველ 9 თვეში მხოლოდ 4.3 მლნ ჰქონდა ათვისებული, ნათელი გახდება, რომ სახელმწიფოს შეეძლო, ეს ფინანსური ბარიერი თავიდანვე მთლიანად მოეხსნა და პირველივე დღიდან მეტ ინფიცირებულს დაეწყო მკურნალობა. ახლა გამოდის, რომ ბიუჯეტში 5 ან 10 მლნ ლარის დაზოგვით თუ არდახარჯვით 500 მლნ ლარის წამალი უნდა გადაიყაროს”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის მეორე მიზეზი გაუმართავი მენეჯმენტია.

“2015 წლიდან ოჯახის ექიმს, ექიმ-სპეციალისტს, დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებს ყოველწლიურად ასიათასობით მოქალაქე აკითხავდა და მხოლოდ მენეჯმენტის აწყობა უნდოდა, რომ პოლიკლინიკასა თუ საავადმყოფოში მისულ ამბულატორიული პაციენტისთვის ჯანდაცვის სისტემას ავტომატურად, სავალდებულოდ და უფასოდ ჩაეტარებინა C ჰეპატიტზე პირველადი შემოწმება. ამისათვის საბიუჯეტო თანხების პრობლემა, როგორც რიცხვებიდანაც ჩანს, არ იდგა”.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში არაერთი ხარვეზია, რის გამოც დღემდე ვერ მოხერხდა პაციენტების სრულად ჩართვა აღნიშნულ პროგრამაში და სავარაუდოდ იგი 2–3 წელი კიდევ გაგრძელდება, რაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემაც დაადასტურა საკუთარ განცხადებაში.

გიორგი რანი

Share