Home » საზოგადოება » “ბოსების” სამართალი და კორუფციული სასამართლო – ვინ იცავს საქართველოში სიმართლეს
"ბოსების" სამართალი და კორუფციული სასამართლო - ვინ იცავს საქართველოში სიმართლეს

“ბოსების” სამართალი და კორუფციული სასამართლო – ვინ იცავს საქართველოში სიმართლეს

საერთაშორისო რეიტინგებით სასამართლოს დამოუკიდებლობა უარესდება

სასამართლო სისტემა მმართველ პარტიაში – “ქართულ ოცნება”, განხეთქილების საგნად იქცა. პროცესები იქამდე მივიდა, რომ პარტიის რიგები რამდენიმე წევრმა დატოვა, მათ შორის ეკა ბესელიამ, რომელიც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

სასამართლო სისტემას და ამ სისტემაში არსებულ ამა თუ იმ მოსამართლეებს, სხვადასხვა გახმაურებული “ქეისების” გამო, საზოგადეობაში ნდობის დაბალი დონე აქვთ. ხშირია საუბრები სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანური დაჯგუფების მოსამართლეების თაობაზე.

ბოლო პერიოდში, როგორც სასამართლო, ასევე პოლიტიკური ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევებით აპელირებენ და სასამართლოში მიმდინარე პროგრესზე საუბრობენ.

როგორც წესი, სამწუხაროდ, ხდება მანიპულაცია ამა თუ იმ რეიტინგის მეშვეობით. იგივე ინფორმაციის არასრულყოფილად და დამახინჯებული ფორმით წარმოადგენს საშუალებით. განსაკუთრებით ხშირია The Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით მანიპულაცია.

სასამართლოში არსებულ კორუფციულ საკითხებთან და არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით როგორც საზოგადოებრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ არასამთავრობო სექტორში აქტიურად საუბრობენ. ბოლო პერიოდში, როგორც სასამართლო, ასევე პოლიტიკური ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევებით აპელირებენ და სასამართლოში მიმდინარე პროგრესზე საუბრობენ.

როგორც წესი, სამწუხაროდ, ხდება მანიპულაცია ამა თუ იმ რეიტინგის მეშვეობით. იგივე ინფორმაციის არასრულყოფილად და დამახინჯებული ფორმით წარმოდგენის საშუალებით. განსაკუთრებით ხშირია The Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით მანიპულაცია.

მოდით, უშუალოდ გადავხედოთ იმ რამდენიმე ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პოზიტიურ ტენდენციებს, სადაც საქართველოს რეიტინგში წინსვლა აქვს, თუმცა ამავე რეიტინგში, სასამართლოს სისტემის გაუარესებულ მდგომარეობაზეც არის პასაჟები.

მაგალითად, The Heritage Foundation-მა 2019 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც წინა წელთან შედარებით საქართველოში სასამართლოს ეფექტიანობის მდგომარეობა 9.6%-ით შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაცია სასამართლოს ეფექტიანობის ხარისხს 2017 წლიდან ზომავს. ამ მაჩვენებლით 2019 წელს საქართველომ მეტწილად არათავისუფალი ქვეყნების რიგში გადაინაცვლა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ჯამური ქულა 0.3 პუნქტით შემცირდა, რაც, ძირითადად, გამოწვეული იყო “მართლმსაჯულების ეფექტიანობის მკვეთრი ვარდნით”. კვლევაში ასევე მითითებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონმდებლობა უზრუნველყოფენ დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, პოლიტიკური ზეწოლა საფრთხეს უქმნის მიუკერძოებლობას.

ასევე, Freedom House-ის კვლევაში, 2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ერთი და იგივე სკალარული ქულით იყო შეფასებული. ანუ, მდგომარეობა არც უმჯობესდებოდა და არც უარესდებოდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2016-2017 წლებში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი საქართველოში 0.25 პუნქტით გაუმჯობესდა, მაგრამ 2018 წელს, იმავე 0.25 პუნქტით გაუარესდა და 5 ქულას გაუტოლდა. ინფორმაციისთვის, შეფასება 1-დან 7 ქულამდე სისტემით ხდება, სადაც 1 “ყველაზე დამოუკიდებელს”, ხოლო 7 “ყველაზე ნაკლებად დამოუკიდებელს” ნიშნავს.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში ქულების კლება, მათ შორის, “ფილიპ მორისისა” და “ბრითიშ ამერიქან თობაქოს” საქმეებით იყო განპირობებული. შეგახსენებთ, რომ დასახელებულ საქმეებზე სასამართლომ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, აღნიშნული კომპანიები შესაბამისად – 93 და 270 მილიონამდე ლარით დააჯარიმა.

კიდევ ერთი ანგარიში, რომელშიც სასამართლო სისტემაში მდგომარეობის გაუარესებაზეა საუბარი “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” მიერ 2017 წელს  გამოქვეყნებული ანგარიშია. კონკრეტულად ეს არის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს დამოუკიდებლობა საქართველოში, 2016 წელთან შედარებით, 24 პოზიციით გაუარესდა. 2016 წელს საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით 63-ე ადგილს იკავებდა, ხოლო 2017 წლის მონაცემებით, ქვეყანამ 87-ე ადგილზე გადაინაცვლა. მართალია 2018 წელს საქართველომ პოზიცია 4 ადგილით გაიუმჯობესა და 83-ე ადგილზე გადავიდა, თუმცა ადგილის ცვლილება ქულის მატებას არ გამოუწვევია. 2018 წელს, ისევე როგორც 2017 წელს საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის მდგომარეობა 3.6 ქულით არის შეფასებული.

კიდევ ერთი ანგარიში, სადაც სასამართლო სისტემის გაუარესებულ მდგომარეობაზეა საუბარი “მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტია”. მათ მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის ანგარიშების მიხედვით, საქართველოს მდგომარეობა ბოლო წელს გაუარესებულია. 2016 წელს საქართველო 113 ქვეყნიდან 34-ე ადგილს იკავებდა, ხოლო 2017-2018 წლის ანგარიშის მიხედვით მისი მდგომარეობა 4 პოზიციით გაუარესდა და 38-ე ადგილზე გადავიდა. გაუარესებული მაჩვენებელია ასევე სისხლისა და სამოქალაქო საქმეთა მართლმსაჯულების კუთხითაც. 2016 წელს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით 38-ე ადგილს იკავებდა, ხოლო 2017-2018 წლების მონაცემებით, 47-ე ადგილზე გადაინაცვლა. 16 პოზიციით გაუარესდა ასევე სამოქალაქო სამართლის მართლმსაჯულების მაჩვენებელი და 39-ე ადგილიდან 55-ე ადგილზე ჩამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობით უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ბოსნია და ჰერცოგოვინა, მაკედონია, ყაზახეთი, ბელორუსია, ალბანეთი, სერბეთი, უკრაინა, მოლდოვა, ყირგიზეთი, რუსეთი, უზბეკეთი და თურქეთი. თუმცა, ამ შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები ის, რომ რეგიონში შედიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად დემოკრატიის მწვავე პრობლემებით ხასიათდებიან და ზოგიერთ მათგანს, ათწლეულებზე მეტია, ტოტალიტარული რეჟიმები მართავენ.

ასევე არსანიშნავია, საზოგადოებრივი აზრის კვლევა, თუ რამდენად გავრცელებულია, ან არ არის გავრცელებული კორუფცია სასამართლოში? – კვლევის ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში ეს კითხვა “ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” მკვლევარებმა (NDI) რესპონდენტებს დაუსვეს.

გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა თვლის, რომ სასამართლოში კორუფცია გავრცელებულია. შედეგები ასე გადანაწილდა: გავრცელებულია – 49%; საერთოდ არ არის კორუფცია – 14%; არ ვიცი 36 %; უარი პასუხზე – 1%.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი თავმჯდომარე, იანოშ ჰერმანი 2017 წელს აცხადებდა, რომ მისი ინფორმაციით, სასამართლოში შეინიშნება კორუფცია და არასასურველი ჩარევები, მისივე თქმით, ევროდელეგაციის მიერ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეინიშნება: დარღვევები მოსამართლეების არჩევის, დანიშვნისა და დაწინაურების პროცესში, წინასწარი გარიგებები საქმეებთან დაკავშირებით, პროცედურული ხარვეზები, ფავორიტიზმი, კორუფცია და არასასურველი ჩარევები.

ასე რომ, აღნიშნული დასკვნების საფუძველზე, რომელიც ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერაა გამოქვეყნებული, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა კითხვითი ნიშნის ქვეშ დგას. სასამართლოს დამოუკიდებლობა კი ევროპული, დემოკრატიული, განვითარებული ქვეყნის არსებობის ფუნდამენტური ფაქტორია. ამ ფაქტორის არარსებობის შემთხვევაში კი ქვეყნის განვითარების მომდევნო ეტაპზე გადასვლა სათუოა.

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share