Home » ბიზნესი » ,,ბოლო 5 წელიწადში სოკოს ბაზარი 6-ჯერ გაიზარდა”

,,ბოლო 5 წელიწადში სოკოს ბაზარი 6-ჯერ გაიზარდა”

ქართული ეკონომიკის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, ადგილობრივი წარმოების სიმცირე და განუვითარებლობაა. ქვეყნის ბაზარი დიდწილად იმპორტულ პროდუქციაზეა დამოკიდებული. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სურთ, ამ პრობლემის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. მათგან ერთ-ერთია ქართული სოკოს წარმოება, სახელწოდებით „თეთრი ქუდი“. „ბანკები და ფინანსები“ „თეთრი ქუდის“ დირექტორს, ივანე იოსელიანს ესაუბრა.

როდის და რა პირობებში შეიქმნა კომპანია „თეთრი ქუდი“ და რა სირთულეებს წააწყდით ბაზარზე შემოსვლისას?

– კომპანია დაფუძნდა 2010 წელს. დაფუძნების მიზეზი იყო ის, რომ საქართველოში ფიზიკურად არ არსებობდა და მოშლილი იყო სოკოს წარმოება. იყო რამოდენიმე წვრილი სათბური, თუმცა, არაინდუსტრიული სახის. ბაზრის 90%-ს განაგებდა იმპორტირებული პროდუქცია. აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის მთლიანი შიდა ბაზარი წარმოადგენდა, დაახლოებით, 300 ტონას წელიწადში, რაც არც თუ ისე ბევრია. თუმცა, ამ რისკზე მფლობელები წავიდნენ, შეიძინეს ტერიტორია და ჩადეს, დაახლოებით, 1.5 მილიონი დოლარი. იმ მომენტისთვის ამბიცია იყო, რომ კომპანიას თვეში დაახლოებით 40 ტონამდე ეწარმოებინა. თანმიმდევრული მუშაობისა და ბაზარზე დეფიციტის დაფარვის შემდეგ, დავამარცხეთ იმპორტი და გავაიაფეთ პროდუქცია დაახლოებით 4-ჯერ, რადგან სტაბილური ფასი არ არსებობდა და მერყეობდა 20-დან 30 ლარამდე, სეზონის მიხედვით. რეალურად დღეს ჩვენი საბითუმო ფასი საშუალოდ 5 ლარის ტოლფასია, ამის ხარჯზე ჩვენ ბოლო 5-6 წელიწადში დაახლოებით 6-ჯერ გავზარდეთ ადგილობრივი ბაზარი და  ჩვენი წარმოება 2015 წლის მაჩვენებლით, დაახლოოებით, 1 800 ტონაა.

როგორ გაიზარდა კომპანია, რამდენი ადამიანია მასში დასაქმებული და როგორია საშუალო ანაზღაურება?

– ამჟამად ჩვენი ძირითადი ფართობი შეადგენს 14 ჰექტარს რუსთავის გზატკეცილზე. გარდა ამისა ჩვენ გვაქვს სხვა დამხმარე ტერიტორიები იქვე მახლობლად. ლიცენზია მოვიპოვეთ ტორფის მოპოვებაზე დმანისის რაიონში და იქაც მიმდინარეობს სამუშაოები. ტორფის ქანები არის ერთ-ერთი ის პროექტი, რომელიც ჩვენ 2 თვის წინ დავიწყეთ, ეს არის ნედლეულის იმპორტის ჩანაცვლება. აქამდე, დაახლოებით, 3 მილიონი ტონა ნედლეულის იმპორტს ვახორციელებდით წელიწადში. გარდა ამისა, ახლა დამატებით ვაშენებთ მაღალ ტექნოლოგიურ საკომპოსტე სააამქროს ქამა სოკოსთვის, რომლითაც უკვე, ფაქტიურად, მინიმუმამდე იქნება იმპორტი დაყვანილი და 100%-ით ქართულ სოკოს შევთავაზებთ მომხმარებელს. რაც შეეხება საამქროებს, დღესდღეობით, 200 ადამიანამდეა დასაქმებული. ამ საინვესტიციო პროექტის შემდეგ კიდევ 40 ადამიანით გაიზრდება მათი რაოდენობა. შრომის საშუალო ანაზღაურება, დაახლოებით, 600 ლარამდეა, რაც რეგიონისთვის არც თუ ისე ცუდია.

პროდუქციის რა ასორტიმენტს სთავაზობთ მომხმარებლებს და რა სახის ხარისხის დამადასტურებელ სერტიფიკატებს ფლობთ?

– ჩვენ ამჟამად ვაწარმოებთ 3 სახის სოკოს. ესენია ქამა სოკო, კალმახა სოკო და პორტობელო. რაც შეეხება მის წარმოებას, იგი ჰოლანდიური ტექნოლოგიითაა ნაწარმოები, ამიტომ პროექტში ჩართულები არიან ექსპერტები. ასევე EBღD გვეხმარება, იმაში რომ ჩვენი წარმოება მაქსიმალურად მიახლოებული იყოს დასავლურ სტანდარტებთან. ჩვენ ამჟამად გავდივართ სერტიფიცირებას ორი საერთაშორისო აღიარებული სტანდარტისთვის, ესაა IშO 22000 და „გლობალ კიპი“, ვიმედოვნებთ, რომ უკვე აპრილის თვეში შესაბამის სერტიფიკატებსაც მოგვანიჭებენ. რაც იმის დასტური იქნება, რომ ჩვენი პროდუქცია სრულ თანხვედრაშია ევროპულ სტანდარტებთან და არაფრით ჩამოუვარდება მას.

ქვეყნის შიდა ბაზრის რამდენ პროცენტს იკავებს „თეთრი ქუდის“ პროდუქცია და გადის თუ არა ექსპორტზე?

– ქვეყნის ბაზრის კუთხით, ჩვენ გვიკავია ბაზრის დაახლოებით 80%, დანარჩენი არის წვრილ-წვრილი სათბურები. მიუხედავად ამისა, სეზონურად მაინც ხდება პროდუქციის იმპორტი თურქეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს მიერ ექსპორტზე გატანილი სოკოს რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება პიკურ პერიოდში უცხოეთიდან იმპორტირებულ რაოდენობას.

მაგალითად, მხოლოდ მარტის თვის დასაწყისიდან, დაახლოებით, ნახევარი მილიონის ღირებულების სოკო გვაქვს გატანილი. ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა ეს საექსპორტო ბაზრები კიდევ უფრო გავაფართოოთ და კიდევ უფრო მეტი სავალუტო შემოდინებები გვქონდეს. რამოდენიმე მეზობელი ქვეყნის გარდა, ვმუშაობთ დუბაის მიმართულებითაც. პერსპექტივაში ვფიქრობთ ყატარზეც, ამავდროულად გვაქვს სხვადასხვა შემოთავაზებები, რომლებიც დღითიდღე იზრდება. ყაზახეთიდან არის დიდი დაინტერესება. თუმცა, ზოგადად, ექსპორტთან დაკავშირებით ბევრი პრობლემებია. ერთ-ერთია ლოჯისტიკური პრობლემები, საქართველოში ძალიან მწირია ავიაგადაზიდვების ბაზარი და საკმაოდ მოუქნელი სატარიფო ბადეები არსებობს. ამის გამო ვთვლით, რომ დღესდღეობით საქართველოდან ავიაგადაზიდვები არაკონკურენტუნარიანია, თუნდაც მეზობელ ქვეყნებთან შედარებით და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძვირია მსოფლიოში.

ევროპის ბაზარზე ჩვენ არ ვფიქრობთ, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ გადაზიდვების სირთულეა. თანაც ევროპაში უკვე ძალზედ განვითარებულია სოკოს ინდუსტრია და ძალიან რთული იქნება მათთან კონკურენციაში ჩაბმა. ჩვენ ვუყურებთ იმ ქვეყნებს, სადაც ეს ინდუსტრია იმდენად განვითარებული არაა და ბაზარი იმპორტზეა დამოკიდებული. ამაში კი ვთვლით, რომ გვაქვს პოტენციალი და შევძლებთ, რომ ევროპელებსაც კი გავუწიოთ კონკურენცია.

როგორია კომპანიის განვითარების გეგმა?

– როგორც გითხარით, საქართველოს სოკოს ბაზარი სულ 5 წლის წინ იყო 300 ტონა, ჩვენ 6-ჯერ გავაფართოვეთ მარტო ადგილობრივ ბაზარზის მოხმარება. თუმცა, მაინც მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით თუნდაც იგივე საშუალო ევროპულ მაჩვენებელს და ვთვლით რომ პოტენციალი აქ უფრო დიდია. ასევე ვთვლით, რომ საექსპორტო პოტენციალის გაფართოების კუთხით, ჯერ პროგრამა მინიმუმიც არ გვაქვს შესრულებული იმ ამოცანებიდან გამომდინარე, რაც დავისახეთ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში რამდნიმეჯერ გავზარდოთ ექსპორტი.

ვაჩე ხრიკული

Share