Home » მსოფლიო » „ბლუმბერგი“: სამუშაო კვირის შემცირება ეკონომიკას წაახალისებს
„ბლუმბერგი“: სამუშაო კვირის შემცირება ეკონომიკას წაახალისებს

„ბლუმბერგი“: სამუშაო კვირის შემცირება ეკონომიკას წაახალისებს

სტაბილური მომავალის გასაღები არის სამუშაოს მოცულობის კოლექტიური შემცირება და არა მუშაობის გახანგრძლივება. ასეთ დასკვნამდე ცნობილი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია „აუტონომი“ ბოლო კვლევის შემდეგ მივიდა. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

„აუტონომის“ საქმიანობის მთავარი თემა სწორედ მუშაობა და მასთან დაკავშირებული პრობლემატიკაა.

კომპანიის კვლევის მიხედვით, სამუშაო კვირის შემცირებას შეუძლია ეკონომიკის წახალისება, რადგან ანალიზმა აჩვენა, რომ არ არსებობს პირდაპირი კავშირი ხანგრძლივ სამუშაო საათებსა და პროდუქტიულობას შორის.

მაგალითად, გერმანია უფრო პროდუქტიულია, ვიდრე დიდი ბრიტანეთი, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში სამუშაო საათების საშუალო მოცულობა უფრო მცირეა, ვიდრე ბრიტანეთში. მექსიკა და საბერძნეთი კი, სადაც სამუშაო საათები გაერთიანებულ სამეფოსთან შედარებით, ხანგრძლივია, ნაკლებად პროდუქტიულები არიან ვიდრე ბრიტანეთი.

შესაბამისად, ანალიტიკური ჯგუფი ბრიტანეთის მთავრობას ურჩევს, შეამციროს სამუშაო კვირა, რაც ეკონომიკასაც წაახალისებს და გარემოში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვსაც შეამცირებს.

„აუტონომიმ“ კვლევის შედეგად მთელი რიგი რეკომენდაციები შეიმუშავა. ერთ-ერთი რეკომენდაციით, კომპანია საჯარო სექტორს ურჩევს, გამოიჩინოს ინიციატივა და სამუშაო კვირა შეამციროს, ხოლო ხელფასების მოცულობა იგივე დატოვოს. ანალიტიკური კომპანია ბრიტანეთში შრომის სამინისტროს შექმნის ინიციატივითაც გამოდის, რომელმაც 2025 წლამდე ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღების პროექტის განხორციელებას უნდა ადევნოს თვალყური.

„აუტონომის“ ერთ-ერთი დირექტორის, კაილ ლიუსის აზრით, სპეციალისტებს შორის სულ უფრო მტკიცდება აზრი, რომ სამუშაო საათების შემცირება ხელფასის შემცირების გარეშე ბრიტანეთის ახალი ეკონომიკის ნაწილი უნდა იყოს.

„თუ გავითვალისწინებთ იმ ეფექტს, რასაც გადატვირთული სამუშაო გრაფიკი ჩვენს გონებრივ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ახდენს, ასევე იმ ეფექტს, რასაც შრომასთან დაკავშირებული ციკლი გარემოზე ახდენს, ხელისუფლების წარმომადგენელები უნდა მივიდნენ დასკვნამდე, რომ სტაბილური მომავლის გასაღები მეტი მუშაობა კი არ არის, არამედ მუშაობის კოლექტიური შემცირება“,- განმარტავს ლიუსი.

1tv.ge

Share