Home » ბიზნესი » ბიზნესში ხელისუფლებისადმი შიში ქრება
ბიზნესში ხელისუფლებისადმი შიში ქრება

ბიზნესში ხელისუფლებისადმი შიში ქრება

ბიზნესმენები აღიარებენ, რომ წინა ხელისუფლების დროს კერძო სექტორს მთავრობის შიში გაცილებით მეტად ჰქონდა, ვიდრე დღეს აქვს. ამას „კომერსანტთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანიც ადასტურებს.

მთავრობის მიმართ შიშის გაქრობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასულ კვირაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. როგორც პრემიერმა განაცხადა, ამჟამინდელი მთავრობა პირველია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომლისაც არ ეშინიათ.

”ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც ჯიბეში გიყოფს ხელს და გართმევს, რომელსაც ახლობლებზე მიაქვს იერიში. ჩვენ ვართ ქვეყანა და ისეთი ხალხი, რომელსაც ღრმად, გულში გვიდევს ქართველობა. საპროცესო გარიგება უკვე აღარ მუშაობს როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, ემსახურება სამართალს და არა ხელისუფლებას. პენიტენციური სისტემა არ გახლავთ მასობრივი ტერორისა და შურისძიების ნაწილი”, – აღნიშნა პრემიერმა.

„კომერსანტი“ დაინტერესდა აქვთ თუ არა იგივე განცდა ხელისუფლების მიმართ ბიზნესმენებს?

კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დირექტორის პაატა ტრაპაიძის განცხადებით, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში დასაქმების მინისტრი იყო, დასამალი არ არის, რომ დემოკრატიული პრინციპებისთვის დღევანდელი სისტემა უკეთესია, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო. მისივე თქმით, მაშინ სხვა პრინციპები მუშაობდა, ახლა კი სხვა პრინციპები მუშაობს.

რაც შეეხება უშუალოდ მას და მის ბიზნესს, პაატა ტრაპაიძე აცხადებს, რომ არც გასულ წლებში ეშინოდა და არც ახლა ეშინია  და ეს განცდა ყველასთვის ინდივიდუალურია.

„ყველაზე მეტად საზოგადოებაში უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება, რადგან ბიზნესი აღქმულია, როგორც ყაჩაღი, რომელიც ზედმეტ ფულს იღებს. არადა ბიზნესსაც აქვს ბევრი პრობლემა, პირადი ცხოვრება თითქმის არ არსებობს, თუ საქმეს ნორმალურად აკეთებ. ბიზნესი მაინც მეწველი ძროხაა, რომელსაც გაფრთხილება უნდა. ამას უნდა მიხვდეს მთავრობაც. რაც უფრო ადრე მივხვდებით ამას, მით უკეთესია“,- აცხადებს პაატა ტრაპაიძე.

სადისტრიბუციო კომპანია „გრანდის“ ხელმძღვანელი ივა ჭყონია ამბობს, რომ შიშის ფაქტორი მოქმედი ხელისუფლების პირობებში ნამდვილად არ არის, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისგან, როდესაც ბიზნესის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა იყო და მცირედ გადაცდომებზე ასტრონომიული ჯარიმები ინიშნებოდა.

„მე არც წინა ხელისუფლების დროს მქონია პრობლემა და არც იმის წინა ხელისუფლების დროს. სხვაობა ის არის, რომ შევარდნაძის დროს 90% კორუფცია იყო და ამის გარეშე არაფერი კეთდებოდა. ბიზნესი იძულებული იყო, გადასახადები დაემალა, რათა სახელმწიფო მოხელეებისთვის ფული ეხადა. მეორე პერიოდში, სააკაშვილის დროს, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ყველაზე ცუდი რაც იყო, იყო ნულოვანი ტოლერანტობა ბიზნესის მიმართ. დასჯა იყო ძალიან დიდი. ერთი მხრივ, ამას ვამართლებ, მაგრამ რაღაც დონეზე  გადაჭარბებული იყო ზოგიერთი სახელმწიფო მოხელის მხრიდან. იყვნენ ჩემს გარშემო ადამიანებიც, რომლებიც შეწუხებულები იყვნენ. მცირე გადაცდომებზე იმხელა ჯარიმებსა და საურავებს არიცხავდნენ, რომ ეს დამღუპველი იყო ბიზნესისთვის. ჩემს შემთხვევაში ამგვარი პრობლემა არ მქონია, რადგანაც 100%–ით თეთრ ბიზნესს ვემსახურები 2005 წლიდან, რაც კომპანია დავაარსე. ამ ხელისუფლების დროსაც არანაირი პრობლემა არ მქონია, გარდა იმისა, რომ რამდენჯერაც კომენტარი გავაკეთე ტელევიზიით, იმდენჯერ შემოვიდა საგადასახადო. მაგრამ ამის არ მეშინია, თუნდაც, დღესაც შემოვიდნენ“,- აცხადებს ივა ჭყონია.

მისი თქმით, სმენია, რომ წინა ხელისუფლების დროს გარკვეულ ბიზნესწრეებს ძალიან რთული პრობლემები ჰქონდათ. ბიზნესმენი ამბობს, რომ საწყის ეტაპზე ნულოვანი ტოლერანტობის გარეშე ბიზნესის „გათეთრება“ შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა, ბოლოს ხელისუფლებამ გადაამლაშა.

რაც შეეხება ახალ მთავრობას, ჭყონია ამბობს, რომ ამ მიმართულებით საკუთარი კოლეგებისგან საყვედური არ მოუსმენია, თუმცა, პრობლემებია საგადასახადო შემოწმებების ვადებთან დაკავშირებით.

„საგადასახადო შემოწმება დროში რომ იწელება, ეს დამანგრეველია ბიზნესისთვის. სწრაფად უნდა ხდეობოდეს კომპანიის შემოწმება. მაგალითად, ჩემთან აპრილში შემოვიდნენ და სექტემბერში გავიდნენ. ამ ხელისუფლების დროს ძირითადად საუბარია იმაზე, რომ ძალიან გააქტიურდა საგადასახადო შემოწმებები“,- აცხადებს ივა ჭყონია.

ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი კი მიიჩნევს, რომ საქართველოში ბიზნესს შიშის განცდა მუდმივად აქვს იმის მიუხედავად, რამდენად დემოკრატიულია გარემო.

ჩოჩელი ფიქრობს, რომ ეს განცდა ერთ და ორ დღეში არ მოდის და არც ასეთ მოკლე პერიოდში ქრება. ბიზნესმენის აზრით, გიორგი კვირიკაშვილის ფაქტორი საკმაოდ დადებითად მოქმედებს ამ პერიოდში და ამ განცდის შემცირებას ხელს უწყობს.

„ეს განცდა ზოგადად, ერთ დღეში არ მოდის და ერთ დღეში არ მიდის. ზოგადად, კვირიკაშვილის ფაქტორი საკმაოდ დადებითად განაწყობს ბიზნესს. მე მთელი ბიზნესის სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ იმ წრეების სახელით, რომელსაც ვხვდები, რომელთანაც შეხება მაქვს, ამის თქმა ნამდვილად შემიძლია. გიორგი კვირიკაშვილის ფაქტორში ვგულისხმობ იმას, რომ ის არის პიროვნება, რომელიც გაცილებით პოზიტიური განწყობით არის ბიზნესთან მიმართებით და ზოგადად ქვეყნის განვითარების ხედვებით“,- აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.

მისი თქმით, შიშის გაქრობას რამდენიმე წელი, მინიმუმ ერთი საარჩევნო ციკლი მაინც სჭირდება.

წყარო: commersant.ge

Share