Home » ბიზნესი » ბიზნესომბუდსმენი პარლამენტს თამბაქოს ნაწარმის ობიექტის გარედან ხილვადად რეალიზაციისთვის სანქციების შემსუბუქების თხოვნით მიმართავს
ბიზნესომბუდსმენი პარლამენტს თამბაქოს ნაწარმის ობიექტის გარედან ხილვადად რეალიზაციისთვის სანქციების შემსუბუქების თხოვნით მიმართავს

ბიზნესომბუდსმენი პარლამენტს თამბაქოს ნაწარმის ობიექტის გარედან ხილვადად რეალიზაციისთვის სანქციების შემსუბუქების თხოვნით მიმართავს

ბიზნესომბუდსმენი საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს თამბაქოს ნაწარმის ობიექტის გარედან ხილვადად რეალიზაციისთვის სანქციების შემსუბუქების თხოვნით მიმართავს. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართა ა(ა)იპ ქართულ მაღაზიათა ასოციაციამ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლით გათვალისწინებულ ზოგიერთ სანქციასთან დაკავშირებით.

კერძოდ, ა(ა)იპ ქართულ მაღაზიათა ასოციაციის განცხადებაში მითითებულია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის მე-17 – მე-18 ნაწილებით განსაზღვრულია შეუსაბამოდ მაღალი სანქცია, რაც არაპროპორციული ზემოქმედებაა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის.

კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად რეალიზაცია, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან, – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში 4 000 ლარის ოდენობით.

საგულისხმოა, რომ ობიექტის გარედან ხილვადად განლაგების ამკრძალავი რეგულაცია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ახალია და შესაძლებელია აღნიშნული სამართალდარღვევა მცირე მაღაზიების მიერ ჩადენილი იქნეს რაიმე განზრახვის გარეშე, შეცდომით/არცოდნით, რის გამოც, მათ მაინც დაეკისრებათ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის მე-17 ნაწილით დადგენილი სანქცია – 2000 ლარის ოდენობით.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ როგორც ქართულ მაღაზიათა ასოციაცია აღნიშნავს, ქართულ ბაზარზე მოქმედი 12 000 მაღაზიიდან 7 500-მდე მცირე მაღაზიაა, რომელთა წლიური წმინდა მოგება არ აღემატება რამოდენიმე ათას ლარს. შესაბამისად, მათთვის სანქციის სახით 2000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ სანქციას და მისი პრაქტიკაში გამოყენება გამოიწვევს მაღაზიების პარალიზებას, ვინაიდან ისინი არსებული შემოსავლის პირობებში ვერ შეძლებენ ამ ოდენობის ჯარიმის გადახდას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა(ა)იპ საქართველოს მაღაზიათა ასოციაციის მიერ, მოქმედი სანქციების შემსუბუქების მიზნით, შემოთავაზებულია წინადადება, რომლის მიხედვით, მიზანშეწონილია, ცვლილება შევიდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის მე-17 – მე-18 ნაწილებში და თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად რეალიზაცია, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან, – პირველ ჯერზე სანქციის სახით იწვევდეს გაფრთხილებას, ხოლო განმეორების შემთხვევაში – ჯარიმას 500 ლარის ოდენობით.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი იზიარებს ა(ა)იპ ქართულ მაღაზიათა ასოციაციის განცხადებაში დასმული საკითხის მნიშვნელობას და მისი მხარდაჭერის საჭიროებას. შესაბამისად, „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, გთხოვთ, კომიტეტის სხდომაზე განიხილოთ აღნიშნული საკითხი და 2018 წლის 9 აგვისტოს N07-3/214 საკანონმდებლო ინიციატივაში მისი ასახვის შესაძლებლობა.

Share