Home » ბიზნესი » ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა
ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა

ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა

საქართველოს ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა. ახალი ბიზნესომბუდსმენი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

მიხეილ დაუშვილი: ბიზნესომბუდსმენის მთავარი მანდატი და პასუხისმგებლობაა, იყოს მთავარი მხარდამჭერი ბიზნესის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის კუთხით. შესაბამისად, ბიზნესომბუდსმენის მთელი აპარატის მთავარი ფუნქცია იქნება ის, რომ უსწრაფესად წამოვწიოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც აქვს ბიზნესს. შევხვდეთ ყველა სახის ბიზნესს, მსხვილს, საშუალოსა და მათ შორის განსაკუთრებით მცირე ბიზნესს. გავიაზროთ და გავიგოთ ის პრობლემები, რაც მათ აქვთ სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციის პროცესში და დავეხმაროთ უსწრაფესად ამ პრობლემების გადაჭრაში.

ბიზნესომბუდსმენობამდე მიხეილ დაუშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო მანამდე ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.

სამართალმცოდნეობის მაგისტრი მიხეილ დაუშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, ასევე – სამართლებრივი მრჩეველი ეკონომიკური საბჭოს აპარატში.

2010-2015 წლებში მიხეილ დაუშვილი კერძო და არასამთავრობო სექტორში საქმიანობდა. ხოლო, 2015 წლიდან არის მიწვეული ლექტორი საჯარო და კერძო უნივერსიტეტებში.

2013 წლიდან მიხეილ დაუშვილი არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში

Share