Home » საზოგადოება » ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის
ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის

ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის

კიდევ ერთი მილიონერი ბიზნესმენი, ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის. როგორც “2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ვასაძე ახალ პარტიას ქმნის, რომლის პრეზენტაციასაც შემოდგომაზე გეგმავს. სააგენტოს ინფორმაციით, მან უკვე დაიწყო კონსულტაციები გუნდის მომავალ წევრებთან, რომელ გუნდთან ერთადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებას.

“2020NEWS” შეეცადა თავად ვასაძესთან გაერკვია, ვინ იქნებიან მისი გუნდის წევრები და რა მიზნები აქვს მილიონერ ბიზნესმენს სამომავლოდ. თუმცა, ვასაძე ამ ეტაპზე მედიასთან საუბარს თავს არიდებს. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნებიან ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში. ინფორმაციას, აპირებს თუ არა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი პოლიტიკაში შემოსვლას, არც უარყოფს და არც ადასტურებს მისი მეგობარი და თანამოაზრე, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე. მისი თქმით, გამორიცხული არაფერია, თუმცა ვისთან მართავს კონსულტაციებს და ვის მოაზრებს მომავალი პოლიტიკოსი ახალ გუნდში, ამ თემაზე ლორთქიფანიძეს საუბარი არ სურს.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, ლევან ვასაძემ ბიძინა ივანიშვილს “ქართულ ოცნებასთან” ერთად პოლიტიკაში შემოსვლაზე უარი უთხრა. მცდელობის მიუხედავად, მაშინ ივანიშვილმა ვასაძე ვერ დაითანხმა.

“2020NEWS”-ის ინფორმაციით, ამის გამო “ქართული ოცნების” ლიდერი, კოალიცია “ქართული ოცნების” ყოფილი ლიდერი, საქართველოს ყოფილი პრემიერი, მაგრამ ქვეყნის რეალური მმართველი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენ ლევან ვასაძეზე გაბრაზებულია.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლევან ვასაძეს პოლიტიკურ წარმატებას ფინანსურად რუსი მილიარდერი ვლადიმირ ევტუშენკო უზრუნველყოფს. ვლადიმირ ევტუშენკო ცნობილი რუსი მეწარმე, მილიარდერი, რუსული საინვესტიციო კომპანია “სისტემას“ მსხვილი აქციონერი და თავმჯდომარეა.

2005 წლიდან ევტუშენკო, “ფორბსის“ ვერსიით, რუსეთის უმდიდრეს ბიზნესმენთა ათეულში შედიოდა. მისი ქონება 2008 წელს 10,3 მილიარდი დოლარი იყო, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში მან კაპიტალის დიდი ნაწილი დაკარგა. “ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, ევტუშენკო მილიარდერთა სიაში 1511-ე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს “ბაშნეფტის“ აქციათა მითვისების ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელშიც ამ ნავთობკომპანიის ხელმძღვანელის სახელთან ერთად, ევტუშენკოს კომპანია “სისტემაც“ ფიგურირებდა. 2016 ოქტომბერში მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ “ბაშნეფტი“ და რამდენიმე სხვა საწარმო ბაშკირეთში უკანონოდ იყო პრივატიზებული. “სისტემას“ “ბაშნეფტის“ აქციათა 81,67% ჩამოართვეს და სახელმწიფოს დაუბრუნეს.

ცნობისათვის, ევტუშენკოს ოჯახი ფლობს საინვესტიციო ფონდ “Redline Capital Management“–ს, რომლის განვითარებით ლონდონში ბიზნესმენის ქალიშვილი ტატიანა ევტუშენკოა დაკავებული.

2020news.ge

Share