Home » ბიზნესი » ბიზნესი სოციალურ ხათაბალაში ჩაითრიეს – საპენსიო რეფორმა იწყება
ბიზნესი სოციალურ ხათაბალაში ჩაითრიეს - საპენსიო რეფორმა იწყება

ბიზნესი სოციალურ ხათაბალაში ჩაითრიეს – საპენსიო რეფორმა იწყება

ბიზნესი სოციალურ ხათაბალაში ჩაითრიეს – საპენსიო რეფორმა იწყება

2019 წლიდან ქვეყანაში საპენსიო რეფორმა ამოქმედდება. დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო საპენსიო ფონდში ერთდროულად განახორციელებენ თანაბარ შენატანებს. უფრო კონკრეტულად კი დასაქმებული საპენსიო ფონდში ყოველთვიურად შეიტანს თანხას ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით. დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებული ხდებიან დასაქმებულს საპენსიო ანგარიშზე ასევე 2-2 პროცენტი გადაურიცხონ. ანუ, მთლიანი შენატანი 6 პროცენტი იქნება.

საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით როგორც საექსპერტო, ისე პროფესიულ წრეებში აზრთა სხვადასხვაობაა. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საპენსიო რეფორმის განხორციელება აუცილებელია და უფრო მეტიც ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაგვიანებულადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ასეთი ფორმით რეფორმის განხორციელება კატეგორიულად მიუღებელია.

ეკონომისტ ანდრია გვიდიანის აზრით, რეფორმის განხორციელების პროცესში აჩქარება არ შეიძლება და ყველა ნაბიჯი და ამ ნაბიჯების შედეგები კარგად უნდა იყოს გააზრებული.

,,ზოგადად, საპენსიო სისტემის რეფორმირება მნიშვნელოვანია და, შეუდარებელი თვალითაც ნათლად ჩანს. არსებული სახით დღეს ჩვენ რეალურად გავცემთ სოციალურ შემწეობებს და მოცემულ სქემას არანაირი კავშირი არ აქვს საპენსიო სისტემასთან. 2017 წლის მონაცემებით 732 ათასი პენსიონერი გვყავდა, რომელთა საპენსიო მომსახურებაზე დაახლოებით 1 მლრდ. 700 მლნ. ლარი დაიხარჯა. არსებობს სხვადასხვა გათვლები, რომელთა მიხედვით, ერის დაბერების პროცესი იმდენად დაჩქარებული ტემპებით წარიმართება, რომ 2030 წლისთვის პენსიონერების რაოდენობა ერთ მილიონს გადააჭარბებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გაიზრდება წნეხი ბიუჯეტზე და ეს პროცესი მნიშვნელოვან სისტემურ პრობლემად გარდაიქმნება. აქედან გამომდინარე, მოცემული სურათი ცხადყოფს, რომ ამ მიმართულებით ეფექტური ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, რაც საპენსიო სისტემის რეფორმირებაში გამოიხატება. ასეთი კი მხოლოდ დაგროვებითი საპენსიო სისტემაა და ვფიქრობ გარკვეული კორექტირებების შემდეგ მოცემული რეფორმა აუცილებლად განსახორციელებელია.

რაც შეეხება რეფორმის თანმხლებ პრობლემებს, ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანიო საკითხი მისი სავალდებულოობაა, რაც მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევს იმდენად, რამდენადაც მოსახლეობას არ აქვს გარანტია, რომ მათი ნაგროვები თანხები უსაფრთხოდ იქნება საპენსიო ფონდებში დაცული. ასეთი ფონდების მაგალითები გვახსოვს განვითარებული ქვეყნებიდანაც, სადაც საპენსიო ფონდებმა კრახი განიცადეს და პრაქტიკულად მოსახლეობამ თავის ნაგროვები თანხები დაკარგა. შესაბამისად, თუ საპენსიო სქემაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება სხვა საკითხები მოგვარებადი დეტალებია, რომლებზეც კონსესუსის მიღწევა შესაძლებელია“, – განაცხადა გვიდიანმა.

,,ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი იაშვილის განცხადებით, საპენსიო რეფორმა ბიზნესისთვის ხარჯიანი იქნება, თუმცა თვლის, რომ ეს საკითხი მოსაგვარებელია. მისი განმარტებით, ქვეყანაში გარკვეული ტიპის საპენსიო ფორმულა აუცილებლად უნდა არსებობდეს.

,,ხარჯიანი იქნება და ეფექტის აღქმა რთული იქნება. ეს მყისიერ შედეგს არ მოიტანს. ათეული წლების შემდეგ ხდება ეფექტი და ამიტომ, ამის აღქმა რთულია“, – აცხადებს იაშვილი.
ბიზნესმენი საპენსიო რეფორმის რისკებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ფულის მართვის ნაწილში ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება .

,,მე არ ვიცი ვინ უნდა მართოს ეს ფული, როგორ და სად უნდა განთავსდეს. რა მომგებიანობა ექნება, ფასიან ქაღალდებში დააბანდებენ ამ ფულს თუ მეორად ბაზარზე, თუ საერთოდ სხვაგან? ჩვენთან მეორადი ბაზარი არ არის, ესე იგი სხვა ქვეყანაში უნდა განთავსდეს. ამიტომ, ამ ნაწილში კითხვები მაქვს“, – განმარტავს იაშვილი.

როგორც ცნობილია, საპენსიო ფონდში მოქალაქეთა მიერ შენატანების განხორციელება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა დაიწყოს. ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ~ კანონის მიხედვით, დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი 40 წელს ზემოთ პირებისთვის.

თვითდასაქმებულები სქემაში ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან. საპენსიო ფონდს მენეჯმენტს დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საპენსიო სააგენტო გაუწევს.
სისტემის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეთა მთლიანი ხელფასის 6% ყოველთვიურად გადაირიცხება სპეციალურ სახელმწიფო საპენსიო ფონდში.

ნათია წიკლაური

Share