Home » საზოგადოება » ბიზნესი, ქველმოქმედება და პოლიტიკა – ბიძინა ივანიშვილის 3 მილიარდიანი საქველმოქმედო კარუსელი ბრუნვას აგრძელებს
ბიზნესი, ქველმოქმედება და პოლიტიკა - ბიძინა ივანიშვილის 3 მილიარდიანი საქველმოქმედო კარუსელი ბრუნვას აგრძელებს

ბიზნესი, ქველმოქმედება და პოლიტიკა – ბიძინა ივანიშვილის 3 მილიარდიანი საქველმოქმედო კარუსელი ბრუნვას აგრძელებს

უმადური ქველმოქმედება – ბიძინა ივანიშვილის 3 მილიარდიანი საქველმოქმედო კარუსელი ბრუნვას აგრძელებს

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ვერასდროს დაიკვეხნიდა ქველმოქმედი ადამიანების სიმრავლით. მუდმივად გაჭირვებაში მყოფ საქართველოს, იშვიათად თუ მოევლინებოდა ხოლმე ისეთი ადამიანები ვისი საქველმოქმედო საქმიანობაც ისტორიას შემორჩა. ამ მხრივ, ერთ–ერთი გამორჩეული ადამიანია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ძმებ ზუბალაშვილებთან, ვანო სარაჯიშვილთან და სხვა გამორჩეულ ქართველებთან ერთად შეიძლება დავაყენოთ გამორჩეული ქართველი ქველმოქმედების რიგში. მართალია, პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ საზოგადოების დამოკიდებულება ივანიშვილის მიმართ რადიკალურად შეიცვალა, თუმცა აუცილებელია ზღვარის გავლება ივანიშვილის, როგორც ქველმოქმედსა და ბიზნესმენს და ივანიშვილს, როგორც ქვეყნის ფაქტობრივ მმართველს შორის. შესაძლოა, მისი მართვის სტილი და ქვეყანაში არსებული ვითარება საფუძვლიან კრიტიკას იმსახურებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ არ დავივიწყოთ ის სიკეთეები, რაც ივანიშვილმა ქველმოქმედების სახით გაუკეთა საქართველოს.

მავანნი ხშირად ამბობენ, რომ 2012 წლამდე ივანიშვილის მიერ დახარჯული ყოველი თეთრი მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებთან იყო დაკავშირებული და საზოგადოების მოსყიდვას ემსახურებოდა. იმასაც ამბობენ, რომ ის რასაც დღეს ხარჯავს ხალხისგან მიტაცებული თანხების ხარჯზე ხდება, თუმცა ერთია უსაფუძვლო კრიტიკა და მეორეა ჩვენს წინაშე არსებული რეალობა. ფაქტია, რომ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში გამოჩენამდეც საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავდა ქველმოქმედებაში და თან ისე, რომ მისი სახელი ფაქტობრივად არსად ფიგურირებდა. ისიც ფაქტია, რომ პოლიტიკაში გამოჩენის დროს ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო, `ფორბსის~ მიერ 7 მილიარდად შეფასებული ქონებით. ბუნებრივია, ივანიშვილის გაკეთებული საქმეები ზემოქმედებას ახდენს ამომრჩეველზე და ირიბად შესაძლოა, ადამიანების მოსყიდვადაც ჩაითვალოს. მაგრამ ჩვენ ხომ გონიერი არსებები ვართ და სჯობს საარჩევნო ყუთებთან გავაკეთოთ არჩევანი. არა ივანიშვილის ქველმოქმედების მასშტაბების ეფექტის ქვეშ, არამედ იმ თვალსაზრისით, თუ რომელი პოლიტიკური ძალის მოსვლა და ყოფნა ხელისუფლებაში უფრო წაადგება საქვეყნო საქმეს.

შესაბამისად, ამ შემთხვევაში გვსურს ვისაუბროთ ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ქველმოქმედ ბიზნესმენზე, მის მიერ განხორციელებულ პროექტებზე და საქველმოქმედო საქმიანობაში დახარჯულ თანხებზე. უმადურობა ყველაზე ცუდი საქმეა და არსებული მასალის მომზადებაც მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას – წყალტუბოს აღორძინებასთან დაკავშირებით, ოპოზიციურ წრეებში თუ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მასშტაბური უსაფუძვლო კრიტიკა მოჰყვა. ივანიშვილს დღემდე 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული საქველმოქმედო საქმიანობაში და წყალტუბოს და აბასთუმნის რეაბილიტაციის შემდეგ ეს ციფრი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

წყალტუბოს და აბასთუმნის აღორძინება

სოციალური ქსელის, “ფეისბუქის” მეშვეობით ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცელა და განაცხადა, რომ ვინაიდან სახელმწიფოს, არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია – მიიღო გადაწყვეტილება, პირადი სახსრებით სათავეში ჩაუდგეს წყალტუბოს აღორძინების პროექტს.

“კურორტის აღდგენა და განვითარება უკვე მესამე ათწლეულია, მრავალ, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც ბიზნესმა.მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში, სახელმწიფოს ჰქონდა მცდელობები, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სტანდარტული მეთოდით მოეზიდა კერძო ინვესტიციები ტურისტული და სამკურნალო ბიზნესის განსავითარებლად, ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან განვითარების ერთიანი, კომპლექსური გეგმის და, რაც მთავარია, ამ გეგმის განხორციელების გარანტიის გარეშე, წერტილოვანი ინვესტიციების ჩადება ცალკე აღებულ ერთ სასტუმროში ან ბალნეოლოგიურ სპაცენტრში – მაღალი რისკის მატარებელი იყო და ბიზნესსაც არ გაემტყუნება, რომ არ გარისკა.

ვინაიდან სახელმწიფოს, ამჟამად, არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია – მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს.

გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება.

წყალტუბოს აქვს ყველა, და შესაძლოა, მეტი პოტენციალი, უახლოეს წლებში გადაიქცეს რეგიონის ჯანმრთელობის და ტურიზმის დედაქალაქად და ის აუცილებლად გახდება ასეთი. მე გადავწყვიტე, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში.ამავდროულად, საჯაროდ ვთავაზობ ქართულ ბიზნესს – მზად ვარ, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება”, – აღნიშნულია ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც აღნიშნული განცხადებიდანაც ჩანს, ივანიშვილი არა წყალტუბოს მიტაცებას და მის სრულად დასაკუთრებას ცდილობს, როგორც ამას კრიტიკოსები აცხადებენ, არამედ სრულ მზაობას გამოთქვამს, რომ დაინტერესებულ ინვესტორებს თვითღირებულებით გადასცეს შესაბამისი ქონება. თუ გავიხსენებთ “ბლექსი არენას”, მინიატურების პარკს, ‘ციცინათელას” და სხვა ქონებებს, რომელიც ივანიშვილმა სრულიად უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს, იმაზე აპელირება, რომ იგი წყალტუბოს ხელში ჩაგდებას გეგმავს სრულიად უსაფუძვლოა. ასევე, აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს რეაბილიტაციის შემდეგ იქ 15 000–20 000–მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდება.

ნებისმიერი საკურორტო ქალაქის განვითარებისთვის, რომ მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის მსგავსი მსხვილი ინვესტორის გამოჩენა ამას ცხადყობს აბასთუმნის მაგალითიც – მას შემდეგ რაც ივანიშვილმა იქ სასტუმრო `პარაგრაფის~ მშენებლობა დაიწყო, აბასთუმნით სხვა ქართველი ბიზნესმენებიც დაინტერესდნენ და ახლა უკვე კიდევ 5 მაღალი კლასის სასტუმროს “რუმსის”, “რედისონის”, “ქრაუნპლაზას”, “რედიქს ჯგუფის” მშენებლობა მიმდინარეობს. ასევე, ხორციელდება გზების რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, დაწყებულია ობსერვატორიის რეაბილიტაცია და სულ მალე გაკეთდება მსოფლიო დონის ასტროფიზიკური სამეცნიერო ცენტრი. ჯამში აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ უკვე მილიარდნახევარ ლარს მიაღწია.
ქველმოქმედების არასრული სია 2012 წლის არჩევნების შემდეგ

ივანიშვილს არც “ქართული ოცნების” ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ შეუწყვეტია საქველმოქმედო საქმიანობა. პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ მან არაერთი პროექტი განახორციელა.
BLACK SEA ARENA – ბიძინა ივანიშვილმა 200 მილიონ ლარად შეფასებული, მის მიერ აშენებული თანამედროვე სტანდარტების BLACK SEA ARENA სახელმწიფოს აჩუქა. მისი მშენებლობა თითქმის 7 წელია მიმდინარეობს. დარბაზი დაახლოებით 10 000-მდე მაყურებელს იტევს. 25-მდე შშმ პირისთვის დარბაზის ცენტრში გამოყოფილია ადგილი ეტლით სარგებლობისთვის.

ტექნოლოგიური ინსტიტუტი და ადრონული თერაპიის მეგაპროექტი – ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, საქართველოში ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტს ფონდი ~ქართუ” ნახევარი მილიარდი ევროთი აფინანსებს. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს და მაქსიმალურად გამოიყენებს წამყვანი მეცნიერების შესაძლებლობებს, რათა საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი დაფუძნდეს.

რაგბის პროგრამა: 100 მილიონი ლარი და 16 სარაგბო ობიექტი – პროგრამა გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში რაგბის თანამედროვე სპორტული კომპლექსების აშენებას, აღჭურვასა და შემდგომ მხარდაჭერას, რათა მოზარდებს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ჰქონდეთ შესაძლებლობა ივარჯიშონ და აიმაღლონ კვალიფიკაცია.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე სასტუმროს მშენებლობა – ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე “ფონდმა ქართუმ” სასტუმროს მშენებლობა 300 000 ლარით დააფინანსა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენა/რესტავრაცია – ბიძინა ივანიშვილმა ოპერისა და ბალეტის თეატრის რესტავრაცია სრულად დააფინანსა. პროექტის ღირებულება 40 მილიონი აშშ დოლარია. შენობას ჩაუტარდა შიდა და გარე სარესტავრაციო სამუშაოები. თეატრი სრულად აღიჭურვა ახალი ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით.

კულტურული მემკვიდრეობის 60-მდე ძეგლის რეაბილიტაცია – 700-ზე მეტი ძეგლის შემდეგ, ფონდმა “ქართუმ” კულტურული მემკვიდრეობის კიდევ 60-ამდე ძეგლის აღდგენა-რეაბილიტაცია განახორციელა. პროექტში ფონდთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოც იყო ჩართული.

სასტუმრო “პარაგრაფი” შეკვეთილში – პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 120 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. 220 ნომრიან სასტუმროში თავმოყრილია 1600 მі მოცულობის აკვარიუმი, 150 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზი, ბავშვთა გასართობი სივრცეები, სპა, ზამთრის ბაღი, ჩოგბურთის კორტები, მასშტაბური საკონფერენციო დარბაზები და რესტორნები.

“გალერეა თბილისი” – პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 100 მლნ აშშ დოლარი. შვიდ სართულიანი მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი, რომლის საერთო ფართი 34,050 მІ-ს შეადგენს, აერთიანებს 100-მდე ხელმისაწვდომი და უნიკალური ბრენდის მაღაზიას, ბოულინგ და ბავშვთა გასართობ ცენტრებს, სერვისისა და კვების ობიექტებს, “თავისუფალ” და “ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ” თეატრებს.
რებილიტირებული პარკები და ბაღები – თბილისის ბოტანიკური ბაღის რებილიტაციაში, საჯარო მონაცემებით 22 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქ მოხდა ინფრასტრუქტურის მოწყობა, სხვადასხვა სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები, დაირგო რამდენიმე ათასი ხე და ნარგავები.

13 მილიონი ლარი დაიხარჯა ბათუმის ბოტანიკური ბაღის მოწყობის საქმეში. ბათუმის 6 მაისის პარკის მოწყობაში “ქართუმ” 11 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ცენტრებისა და ადმინისტრაციული შენობების მოწყობაში კი 4 მილიონი ლარი გადაიხადა. პარკ “ციცინათელას” მეზობლად მდინარე ჩოლოქსა და ნატანებს შორის გააშენეს 1500 ევკალიპტის ხე-პარკი და ესეც 25 000 ლარი დაუჯდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტირება. მწვანე ტერიტორიის პარკად მოწყობა უკვე დასრულებულია და გავრცელებული ინფორმაციით ის 2020 წლისთვის გაიხსნება.

ასევე, “ქართუმ” 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 2 250 000 ლარი გადარიცხა, საქართველოს ხელოვნების მუზეუმს გადასცა ფიროსმანის ნახატები ~შველი წყლის პირას” და ~არსენალის მთა ღამით” და ეს ყველაფერი არასრული ჩამონათვალია იმ ქველმოქმედებისა რაც ივანიშვილმა 2012 წლის შემდეგ განახორციელა.

როცა ივანიშვილის საქმეს სააკაშვილი იბრალებდა

2012 წლამდე ბიძინა ივანიშვილი კიდევ უფრო აქტიურად იყო დაკავებული ქველმოქმედებით. თუმცა იმ პერიოდში იგი მედიაში და საზოგადოებაში ფაქტობრივად არასდროს ჩნდებოდა. ბევრი ინფორმაცია ვრცელდებოდა ივანიშვილის შესახებ, თუმცა მედიაში მისი რამდენიმე ფოტო არსებობდა, ხშირად საუბრობდნენ მის ქველმოქმედებასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაფერი არასდროს არავინ იცოდა. იგი წლების განმავლობაში საკუთარი ჯიბიდან ხელფასებს უხდიდა ცნობილ მსახიობებს და საზოგადო მოღვაწეებს. როდესაც ივანიშვილი ქვეყანაში ქველმოქმედებას ეწეოდა და მაშინდელ ხელისუფლებასაც სხვადასხვა მიმართულებით აფინანსებდა ამას სააკაშვილი თვითონ იბრალებდა და ივანიშვილს არასდროს ახსენებდა. 2012 წლამდე არასდროს თქმულა, რომ საპატრულო პოლიციის მთავარი დამფინანსებელი სწორედ ივანიშვილი იყო, მის მიერ მოხდა სკოლების რეაბილიტაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ეროვნული ბიბლიოთეკისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეაბილიტაცია და ასე შემდეგ. ამ ყველაფერზე ივანიშვილი დუმდა, სააკაშვილი კი სათავისოდ ლაპარაკობდა.

საკმაოდ რთულია გაიხსენო და ჩამოთვალო ყველა ის პროექტი რაც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ქველმოქმედების სახით განახორციელა, თუმცა გთავაზობთ მათ ძირითად ჩამონათვალს, რაც მედიისთვის და საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე ცნობილია და რაშიც ივანიშვილმა 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა: სამების ტაძარი; ქობულეთის გასართობი ცენტრი “ციცინათელა”; საბაგირო გზა ბაკურიანში; თეატრების რემონტი (ოპერის, რუსთაველის, თავისუფალი, მარჯანიშვილის, კინომსახიობთა; მარიონეტების; თუმანიშვილის; გრიბოედოვის); პრომეთეს მღვიმის რეაბილიტაცია; უნივერსიტეტის პირველი კორპუსი; გაარემონტა სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია და პირველი კლასიკური გიმნაზია; ბათუმის დელფინარიუმი; ბათუმის ზოოპარკი; ბოტანიკური ბაღი; ქვეყანაში არსებული ფაქტობრივად ყველა სარაგბო სტადიონი; საფეხბურთო ცენტრი “ბასა”; ბათუმის ეშმაკის ბორბალი; ფილარმონიის რემონტი; საპატრულო პოლიციის ავტომობილები; 400–ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია მთელ საქართველოში; ეროვნული ბიბლიოთეკის რემონტი; საჩხერისა და გორის სამხედრო ბაზები; ავტობან თბილისი-ხაშურის თანადაფინანსება; ქუთაისის ძველი უბნების რეაბილიტაცია, თბილისის კანალიზაცია; აღდგა და რესტავრაცია ჩაუტარა 700 ტაძარს და ისტორიულ ძეგლს; უამრავი სახლ-მუზეუმი; საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია; და ა.შ სია იმდენად ვრცელია, რომ მისი სრულად მოძიება და შემდეგ ჩამოთვლა ფაქტობრივად შეუძლებელია და საკმაოდ დიდი დრო და რესურსი დასჭირდება.

გიორგი კაპანაძე

Share