Home » ეკონომიკა » ბიზნესაქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს – საქართველოში მიწების 80% სახელმწიფოს ეკუთვნის
ბიზნესაქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს - საქართველოში მიწების 80% სახელმწიფოს ეკუთვნის

ბიზნესაქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს – საქართველოში მიწების 80% სახელმწიფოს ეკუთვნის

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს. მიწის ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვის პროცესს, სხვა დანარჩენ ფაქტორებთან ერთად, დაურეგისტრირებლობის საკითხიც ართულებს. ამ პრობლემის გამო, საქართველოს მოქალაქეებს ურთულდებათ რაიმე ეკონომიკური აქტივობის განხორციელება მასზე.

მართალია, მთავრობამ მიწის რეგისტრაციის რეფორმა შეიმუშავა, რომელიც 2016 წლის პირველი აგვისტოდან დაიწყო და მისი დასრულების თარიღად 2020 წლის პირველი იანვარია დასახელებული, თუმცა, პროცესი საკმაოდ გაწელილია დროში და შედეგად, მასზე რაიმე სახის ბიზნესსაქმიანობის განხორციელების დაწყების ტემპებიც დაბალია.

აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, 726 932 წარმატებულად დასრულებული სარეგისტრაციო განაცხადია. ყველაზე მეტი, 38 715 მიწის სარეგისტრაციო განაცხადის დაკმაყოფილებით საჩხერე ლიდერობს. მეორე ადგილზე ზესტაფონია 36 300 განაცხადით, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილებზე ჭიათურა და გორია, შესაბამისად 33 567 და 32 863 განაცხადის დაკმაყოფილებით.

მართალია, მიწის გასხვისების თემა სპეციფიკური საკითხია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები შესაბამისი კანონმდებლობის მიღების შედეგად ცდილობენ გამორიცხონ თანმდევი სპეკულაციური პროცესები, თუმცა ყველა თანხმდება იმის თაობაზე, რომ მიწა უნდა ჩაერთოს ეკონომიკურ აქტივობაში.

უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოში მიწის უმეტესობა სახელმწიფოს ეკუთვნის. ცნობილია, რომ კერძო სექტორი რესურსების უფრო უკეთ მმართველია, ვიდრე სახელმწიფო სექტორი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მიწის გასხვისება სპეციფიკური საკითხია, სახელმწიფოს მართებს დახვეწილი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც მიწის საკითხზე სპეკულაციურ პროცესებს გამორიცხავს და მის მიერ მიღებული კანონმდებლობა იქნება მასტიმულირებელი მასზედ ინვესტიციების განსახორიცელებლად. თუმცა, მსგავსი ტიპის საკანონმდებლო ბაზის შექმნა იგვიანებს. შედეგად, იგვიანებს კერძო სექტორის შესვლა ამ ინდუსტრიაში, ინვესტიციების მოზიდვა, ახალი საწარმოებისა და ქარხნების აშენება, სამუშაო ადგილების შექმნა და სხვა.

საინტერესოა, თუ რა წილს ფლობს საქართველოში არსებულ მიწებზე სახელმწიფო. ამის დასადგენად საჭიროა საქსტატის მონაცემებს გავეცნოთ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში მიწის საერთო ფართობი 7 628.4 ათასი ჰექტარია, საიდანაც კერძო საკუთრებაშია 948 ათასი ჰექტარი.

ქვეყანაში არასასოფლო სამეურნეო მიწის ფართობი 4 602.6 ათას ჰექტარს შეადგენს. აქედან კერძო საკუთრებაშია ფართის 181.6 ათასი ჰექტარი. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი კი 3085.8 ათასი ჰექტარია, საიდანაც კერძო საკუთრებაშია 767.3 ათასი ჰექტარი.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ბარის ზონა ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 46%-ს მოიცავს. აქ მიწის რესურსები ხასიათდება სასოფლო-სამეურნეო ათვისების მაღალი დონით და სავარგულების მაღალი ბუნებრივი ნაყოფიერებით.

საქართველოში მიწის რესურსების ტერიტორიული განაწილება, სხვა ბუნებრივი კომპონენტების მსგავსად, ვერტიკალური ზონალობის კანონს ექვემდებარება:

I ზონა (ზღვის დონიდან 250 მ-მდე) – უპირატესად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული კულტურები.
II ზონა (250-500მ) – მებაღეობა-მებოსტნეობის, მევენახეობის, ინტენსიური მემინდვრეობის (ძირითადად სიმინდი) გავრცელების არეალი.
III ზონა (500-1 000მ) – ჭარბობს თავთავიანი კულტურები, ბუნებრივი საკვები სავარგულები, მეცხოველეობა
IV ზონა (1 000-1 500მ) – სათიბ-საძოვრები; მემინდვრეობა სუსტადაა განვითარებული.
V ზონა (1 500-2 000მ) – ძირითადად სათიბ-საძოვრები.
VI ზონა (2 000 მ-ის ზემოთ) – მიწათმოქმედება არ არსებობს. გამოყენების თვალსაზრისით საქართველოს ტერიტორია შეიძლება დაიყოს სამ ნაწილად: 1. სამიწათმოქმედო ტერიტორია – 15.8%;

2. ბუნებრივ-სამეურნეო ფართობი (ტყე, ბუჩქნარი, სათიბ-საძოვრები) – 70.6%;

3. სოფლის მეურნეობაში გამოუყენებელი მიწა – 13.6%. მიწის სავარგულები გამუდმებულ ცვლილებას განიცდის. სავარგულების სტრუქტურას და მათი ხარისხის ტრანსფორმაციას განაპირობებს ახალი მიწების ათვისება, აქტიური მელიორაციული ღონისძიებები და სხვა. ამასთან, ეროზიული პროცესები, მიწის დამლაშება ან დაჭაობება, დატბორვა და სხვა არახელსაყრელი პირობები იწვევენ სავარგულების ფართობის შემცირებასა და მიწის ფონდის ხარისხობრივი შემადგენლობის გაუარესებას. ამრიგად, მიწის რესურსები განიცდის განუწყვეტელ რაოდენობრივ და თვისებრივ ცვლილებებს.

საქსტატის კვლევა მიწის რესურსების შესახებ 2018 წლის მონაცემებს ეყრდნობა.

როგორც ვხედავთ, მიწების უმრავლესობა სახელმწიფოს ბალანსზეა. ისიც უნდა ითქვა, რომ მხოლოდ რეგისტრაცია და მიწების კერძო საკუთრებაში გადასვლა ვერ უზრუნველყოფს სერიოზული ძვრების დაწყებას მიწის ეკონომიკურ აქტივობაში უფრო აქტიურად ჩართვის მიმართულებით, თუ არ იქნება სახელმწიფოს მხრიდან გამართული საკანონმდებლო ბაზა და კერძო სექტორის დაინტერესება ამ სფეროში ინვესტიციების მოსაზიდად, რადგან იგივე სოფლის მეურნეობის მიმართულებით ინვესტიციის ჩადების მაგალითზე რომ ვთქვათ, საკმაოდ რისკიანია ინვესტორთათვის, მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას, კვალიფიკაციას და თანამედროვე მსოფლიოს კონიუქტურის გათვალისწინებით, უკვე ტექნიკა-დანადგარების ქონასაც.

თუმცა, სარეგისტრაციო პროცესებისა და გამართული, მასტიმულირებელი კანონმდებლობის შექმნა საწყისი ეტაპია, რაც აუცილებლად საჭიროებს მოგვარებას შემდგომი პროცესების განსავითარებლად.

სანდრო პირველი

Share