Home » საზოგადოება » ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაციის უშედეგო მცდელობა

ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაციის უშედეგო მცდელობა

2017 წლის დეკემბერში დაწყებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა, 2018 წლის საწყისი 5 თვის განმავლობაში, ვერ უზრუნველყო ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია

საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილი 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ეფუძნება მცირე მთავრობის კონცეფციას, რაც სამთავრობო უწყებების შემდგომ გაერთიანება/ოპტიმიზაციას და ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯების მაქსიმალურად შეზღუდვას ითვალისწინებს. სამთავრობო პროგრამა, ბიუროკრატიის შრომის ანაზღაურების ხარჯების მშპ-სთან მიმართებით 3,9%-მდე და სახელმწიფო ავტოპარკის მოცულობის მნიშვნელოვან შემცირებას გეგმავს.

მცირე მთავრობის კონცეფციის და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების გეგმის ფარგლებში საქართველოს სამინისტროების რიცხვის 14-დან 11-მდე შემცირება დაანონსდა. კერძოდ, სპორტისა და კულტურის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუერთდება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო უქმდება და მის ფუნქციებს სამი სხვადასხვა სამინისტრო შეითავსებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერს დაიწყო როდესაც, სამინისტროების რიცხვი 18 დან 14 მდე შემცირდა. ცვლილებების განხორციელებისას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვერ მოხერხდა დაკონკრეტება, თუ რა თანხის დაზოგვა იგეგმებოდა სამინისტროების გაუქმება/გაერთიანების შედეგად.

სამინისტროების რეორგანიზაციის შედეგად, ბიუროკრატიული ხარჯების ტენდენციების ანალიზი შესაძლებელი გახდა სახელმწიფო ხაზინის 2018 და 2017 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საწყისი 5 თვის მონაცემებით, რის გამოც IDFI-მ სამინისტროებიდან გამოითხოვა ბიუროკრატიული აპარატის და მათ ხარჯების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაცია. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი მიგნება:

2017 წლის დეკემბერში დაწყებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა, 2018 წლის საწყისი 5 თვის განმავლობაში, ვერ უზრუნველყო ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია;

 2018 წლის 5 თვის მონაცემებით, იმ სამინისტროებში, რომლებსაც 2017 წლის დეკემბერში შეეხოთ სტრუქტურული ცვლილებები, შრომის ანაზღაურების საერთო ხარჯები წინა წლის ანალოგიური პერიოდის ნიშნულზე იქნა შენარჩუნებული, ხოლო საქონელი და მომსახურების ხარჯები დაახლოებით 15 მილიონი ლარით გაიზარდა;

სამინისტროების გაერთიანების შედეგად, ცენტრალური აპარატების გარკვეულწილად შემცირებულმა საშტატო რიცხოვნობამ არ განაპირობა სამინისტროს შრომის ანაზღაურების ხარჯების შემცირება. მაგალითად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების სტრუქტურული ცვლილებების შედეგად ცენტრალური აპარატების საერთო საშტატო რიცხოვნობა 35 ერთეულით შემცირდა, თუმცა შრომის ანაზღაურების ხარჯები წინა წლის ანალოგიური პერიოდის ნიშნულზე შენარჩუნდა;

2018 წლის 5 თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქონელი და მომსახურების ხარჯი 7,5 მილიონი ლარით, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს – 5 მილიონი ლარით გაიზარდა;

სამინისტროების გაერთიანების შედეგად გარკვეულწილად შემცირდა ავტოპარკის მოცულობა. აღნიშნული გამოიწვია ისეთი თანამდებობების (მინისტრი, მინისტრის მოადგილე) გაუქმებამ რომლებზეც განპიროვნებული იყო ავტომობილები;

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საწყისი 5 თვის შესრულების მაჩვენებლების ანალიზმა აჩვენა, რომ 2017 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული სამინისტროების გაუქმება/გაერთიანების შედეგად, ბიუროკრატიული ხარჯები არ შემცირდა, ხოლო გაერთიანების შედეგად ზოგიერთი უწყების შემთხვევაში, ბიუროკრატიულმა ხარჯებმა 2017 წელთან შედარებით პირიქით მოიმატა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2017 წლის დეკემბერში დაწყებული სამინისტროების რეორგანიზაციის პროცესი წინასწარი გათვლების გარეშე წარიმართა. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებამ, დაპირების მიუხედავად, ვერ უზრუნველყო რეფორმის შედეგების შესახებ საზოგადოების თანმიმდევრული ინფორმირება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს “მცირე მთავრობის” კონცეფციის ფარგლებში სტრუქტურული რეფორმის მეორე ეტაპის მიზანშეწონილობის განსაზღვრას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული სტრუქტურული ცვლილებებით იგეგმება არსებული ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, საზოგადოებისთვის სამწუხაროდ კვლავ უცნობია რეფორმის დეტალური ფინანსური გათვლები. შესაბამისად, ამ ეტაპზე რთულია იმის განსაზღვრა, თუ რის ხარჯზე მოხდება ქვეყნის ეკონომიკაზე ბიუროკრატიული ტვირთის შემცირება.

 

მოამზადა მარიამ აბრამიშვილმა

Share