Home » ბიზნესი » „ბესპრედელი“ აზარტულად – სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, „აჭარაბეთი“ მომხმარებელს 95 789 ლარს არ აძლევს
„ბესპრედელი“ აზარტულად –  სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, „აჭარაბეთი“ მომხმარებელს 95 789 ლარს არ აძლევს

„ბესპრედელი“ აზარტულად – სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, „აჭარაბეთი“ მომხმარებელს 95 789 ლარს არ აძლევს

„ბესპრედელი“ აზარტულად –  სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, „აჭარაბეთი“ მომხმარებელს 95 789 ლარს არ აძლევს

სქემა, რომლის მიხედვითაც ონლაინ კაზინოებს შეუძლიათ მომხმარებელს მოგებული თანხები არ გაატანინონ

სათამაშო ბიზნესში არსებულ პრობლემებზე „ბანკები და ფინანსებში“ არაერთი ინფორმაცია გამოქვეყნებულა, საკითხის პრობლემატურობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ონლაინ აზარტული თამაშების მიმართულებით. ეს არის ბიზნესი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალშემოსავლიანია და ყოველგვარი რეგულაციის გარეშე, თავის ნებაზეა მიშვებული. ბიზნესი, რომელიც ქვეყანაში უამრავ სოციალურ პრობლემას ქმნის, უდიდეს მოგებას იღებს და ბიუჯეტში მიზერულ გადასახადებს იხდის. უკონტროლო ფინანსები, ფულის გათეთრების საფრთხე, ქართული სათამაშო ბიზნესის საგანგაშოდ მზარდი სტატისტიკა არაერთხელ მოხვედრილა ევროკავშირისა და  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში, თუმცა ხელისუფლება დღემდე დუმს და არანაირ ქმედით ნაბიჯებს არ დგამს ამ სექტორის გასაკონტროლებლად.

ფაქტია, რომ აზარტული თამაშების სექტორში უამრავი პრობლემა არსებობს, თუმცა ამ შემთხვევაში ერთ  კონკრეტულ მაგალითზე გვსურს გავამახვილოთ მკითხველის ყურადღება. „ბანკები და ფინანსებს“ „აჭარაბეთისგან“ დაზარალებული მოქალაქე დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანია მოგებული თანხის 95 798.42 ლარის მიცემაზე უარს ეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ მას სასამართლო გადაწყვეტილება გააჩნია, რომლის მიხედვითაც „აჭარაბეთი“ ვალდებულია გადაუხადოს აღნიშნული თანხა.

თუმცა, მოდით მივყვეთ თავიდან…

მოგებული და სადავოდ ქცეული 179 900 ლარი

2013 წლის ივნისის თვეში მოქალაქე გრიგოლ ხუჯაძემ „აჭარაბეთის“ ვებგვერდზე ე.წ. „რულეტკის“ თამაშით მოიგო 179 900 ლარი. ხუჯაძეს საკუთარი პირადობის მოწმობის საფუძველზე შექმნილი ჰქონდა ორი ანგარიში და მათი საშუალებით თამაშობდა. მოგების შემდეგ მან გადაწყვიტა არსებული თანხის გამოტანა სათამაშო ანგარიშიდან, პირველ ეტაპზე მან გამოიტანა დაახლოებით 24 ათასი ლარი და შემდგომ საკუთარ საბანკო ანგარიშზე გადარიცხა კიდევ 60 000 ლარი, თუმცა აღნიშნული თანხა დაებლოკა და მისი გამოტანა ვერ შეძლო. როგორც აღმოჩნდა, „აჭარაბეთის“ ადმინისტრაციამ, კერძოდ კი შპს GEOBET-ს, რომელიც იმ პერიოდში ახორციელებდა სხვადასხვა სახის მომგებიან აზარტულ გათამაშებებს (მათ შორს ე.წ. „რულეტკა“) ცოცხალი და ელექტრონული სახით, მიმართა სასამართლოს, რათა მომხდარიყო საბანკო ბარათზე გადარიცხული 60 000 ლარის დაბლოკვა. მიზეზად დასახელდა ის, რომ ხუჯაძემ აღნიშნული თანხა მოიგო „აჭარაბეთის“ დილერ–ინსპექტორ გიორგი ოზბეთელაშვილთან დანაშულებრივი შეთანხმებით, გარიგების შედეგად. თუმცა ამ ყველაფერს, ბუნებრივია, დადასტურება სჭირდებოდა და შესაბამისად საქმის განხილვამ გადაინაცვლა სასამართლო დარბაზში.

ყველა სასამართლო ინსტანციაში წაგებული „აჭარაბეთი“

როგორც მომჩივანი, „აჭარაბეთის“ წარმომადგენელი ვალდებული იყო დაედასტურებინა, რომ თამაშის დროს ნამდვილად ჰქონდა ადგილი წინასწარ შეთანხმებულ გარიგებას, რომლის მიხედვითაც, გრიგოლ ხუჯაძემ თანხები დადო ციფრში ბურთულის ჩავარდნის შედეგად, რაშიც ხელს უწყობდა დილერ–ინსპექტორი ოზბეთელაშვილი. თუმცა, როგორც სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად დასტურდება, „აჭარაბეთის“ წარმომადგენლობამ ვერანაირი არგუმენტით ვერ დაადასტურა, რომ გრიგოლ ხუჯაძეს რაიმე კავშირი ჰქონდა დილერ–ინსპექტორ ოზბეთელაშვილთან, მეტიც საქმის მასალებით არც ის დადგინდა, რომ გათამაშების დროს ხუჯაძემ დაარღვია თამაშის წესები. სააპელაციო სასამართლოზე მოწვეული სპეციალისტის დახმარებით გამოკვლეული იქნა, რომ აპელანტის მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოდგენილი ერთადერთი მტკიცებულებით – გათამაშების ცხრილებით არ დასტურდებოდა, რომ ხუჯაძემ ფსონი დადო ბურთულის ციფრში ჩავარდნის შემდეგ. სხვა დამატებითი მტკიცებულება კი „აჭარაბეთს“ სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. შესაბამისად „აჭარაბეთის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა და იგი გამტყუნდა, როგორც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ასევე გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, მოგვიანებით კი აღნიშნულ განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

შესაბამისად, გრიგოლ ხუჯაძეს საშუალება მიეცა გამოეტანა საკუთარ საბანკო ანგარიშზე არსებული 60 000 ლარი. თუმცა, სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად, სრულიად უსაფუძვლოდ „აჭარაბეთმა“ სათამაშო ანგარიშზე არსებული 95 789 ლარი კვლავ დაბლოკილი დატოვა.

„ბესპრედელი“ აზარტულად

რადგანაც GEOBET–ის წაგებული სარჩელი შეეხებოდა მხოლოდ საბანკო ანგარიშზე გადარიცხულ 60 000 ლარს, „აჭარაბეთი“ ხუჯაძეს საშუალებას არ აძლევდა სათამაშო ანგარიშზე არსებული 95 789 ლარი გამოეტანა. თავის მხრივ ხუჯაძემ აღნიშნული თანხა დაუთმო საკუთარ უფლებადამცველ გიორგი კახიანს.

კახიანმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი შპს GEOBET–ის წინააღმდეგ რათა საშუალება მისცემოდა გამოეტანა „აჭარაბეთის“ ანგარიშზე უკანონოდ დაბლოკილი თანხა. როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული სარჩელი ყველა ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა და კახიანს უფლება მიეცა მოეთხოვა მისი კუთვნილი 95 789 ლარი. თუმცა, ამ შემთხვევაში წარმოიშვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. აღმოჩნდა, რომ შპს GEOBET–ს საკუთარი უფლებები „აჭარაბეთთან“ მიმართებაში დათმობილი ჰქონდა შპს „ატლასისთვის“, რომელიც თავის მხრივ ირლანდიურმა კომპანიამ იყიდა და გაჩნდა გადაუჭრელ პრობლემეთა ჯაჭვი. მიუხედავად იმისა, რომ კახიანს სასამართლო გადაწყვეტილებაც აქვს და სააღსრულებო ფურცელიც, იგი მოგებული 95 789 ლარის დაბრუნებას ვერ ახერხებს, რადგანაც შპს GEOBET–ს საკუთარი ქონებები დაგირავებული აქვს და პირველადი მოთხოვნის უფლებაც ბანკებს აქვთ მინიჭებული.

ონლაინ კაზინოების მზაკვრული სქემა

ის პრობლემა, რის წინაშეც კახიანი აღმოჩნდა არც თუ ისე უცხოა ქართული რეალობისთვის. ქართული ონლაინ კაზინოების უმეტესობას გასართობი თამაშები სხვადასხვა შპს–ებზე აქვთ დაკისრებული და აღნიშნული შპს–ებიც ხშირად იცვლებიან. ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. 2018 წელს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით 10 ყველაზე მაღალშემოსავლიან კომპანიას შორის 3 ონლაინ აზარტული თამაშების კომპანია მოხვდა, რასაც საზოგადოებაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს კიდევ უფრო მეტად დაემალათ ფინანსური მაჩვენებლები რათა მსგავსი მაღალი შემოსავლები აღარ გამოჩენილიყო, შესაბამისად მათ აზარტული თამაშობები სხვადასხვა შპს–ებზე გადაანაწილეს, რისი მეშვეობითაც კარგად შენიღბეს ფინანსური მაჩვენებლები.

მოთამაშეებმა ხშირად არ იციან, რომ „აჭარაბეთის“, „კრისტალბეთის“, „ბეთლაივისა“ და სხვა ონლაინ კაზინოების სახელების უკან რამდენიმე შპს დგას, რომელთა რაოდენობაც და დასახელებაც ხშირად იცვლება. მომხმარებლების წინაშე იურიდიულად სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელნი და ერთხელაც, შესაძლოა, მოთამაშემ საკუთარი მოგებული თანხის მიღება ვერ შეძლოს, რადგანაც აღმოაჩინოს, რომ ესა თუ ის შპს უკვე შეცვლილა და ქონებითაც სხვადასხვა ფინანსური სტრუქტურასთან იყოს ანგარიშვალდებული. ანუ მოხდეს ის, რაც დაემართა გრიგოლ ხუჯაძის უფლებადამცველ კახიანს, რომელიც მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა ვერ ახერხებს კუთვნილი 95 789 ლარის მიღებას „აჭარაბეთისგან“.

გიორგი კაპანაძე

Share