Home » ბიზნესი » ბაზარზე თევზის ხინკალი და პელმენი გამოვიდა – გაუწევს თუ არა ის კონკურენციას ტრადიციულ ხინკალს?
ბაზარზე თევზის ხინკალი და პელმენი გამოვიდა - გაუწევს თუ არა ის კონკურენციას ტრადიციულ ხინკალს?

ბაზარზე თევზის ხინკალი და პელმენი გამოვიდა – გაუწევს თუ არა ის კონკურენციას ტრადიციულ ხინკალს?

თევზის ხინკალი, პელმენი და ბლინი უკვე გაყიდვაშია, ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია შპს „ახალი თევზის“ დირექტორმა დიტო წვერავამ განუცხადა.

მისი თქმით, კომპანიის სამომავლო გეგმებში, სუშის წარმოებაც შედის.

როგორც „ახალი თევზის” დირექტორი დიტო წვერავა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, კომპანია წლიურად 150 ტონა 35- მდე სახეობის თევზისა და ხიზილალას წარმოებას უზრუნველყოფს. რომელთა შორისაა, 4 დასახელების თევზის სალათი, ზუთხი, კალმახი, მიდიები და სხვა. სიახლეა ის, რომ კომპანიამ უკვე გამოუშვა თევზის ხინკალი, პილმენი და ბლინი. ბაზარზე პროდუქცია „უმალის“ ბრენდით იყიდება.

„ჩვენ უკვე ქსელში გვაქვს ხინკალი, პილმენი და ბლინი, უბრალოდ რეკლამირება ჯერ არ დაგვიწყია და ცოტამ თუ ისიც ამ პროდუქტის შესახებ. აღნიშნული პროდუქციის სატესტო ვარიანტი დაახლოებით აპრილის დასაწყისში გავუშვით“,-აცხადებს დიტო წვერავა.

კითხვაზე, აღნიშული პროდუქცია რამდენად იმსახურებს მომხმარებლის მოწონებას და შეძლებს თუ არა კონკურენცია გაუწიოს ტრადიციულ ხინკალს, – „ახალი თევზის“ დირექტორი ამბობს, რომ ჯერჯერობით ქართველ მომხმარებელს უჭირს იმის აღქმა, რომ თევზის ხინკალიც შეიძლება კარგი იყოს.

„კვლევა რომ ჩავატარეთ, საქართველოში თევზის კულტურა მაღალ დონეზე ვერ არის. ქართველი ადამიანისთვის ხინკალი ყოველთვის ასოცირდება მოხევურ ან სხვა სახის ხინკლანთან. ამიტომ, ცოტა მომხმარებელს უჭირს აღქმა, რომ თევზის ხინკალი შეიძლება კარგი იყოს“,-აცხადებს დიტო წვერავა.

ამასთან, კომპანიამ დეკემბერში კალმახის (წითელი) ხიზილალაც გამოუშვა. როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, აღნიშულ პროდუქტს ბაზარზე კონკურენტი არ ჰყავს, რადგან უცხოეთიდან სხვა სახეობის ხიზილალა შემოდის.

„რამდენად მოთხოვნადია, ამაზე შემიძლია პროცენტულად გიპასუხოთ, ჩვენი პროდუქციის გაყიდვის 10%-ს ხიზილალა შეადგენს. რაც შეეხება კონკურენციას, ჩვენ ხიზილალას ვამზადებთ ადგილობრივი წარმოების კალმახით, ორაგულით, ხოლო, შემოტანილი მზადდება სხვადასხვა სახეობით. ამიტომ, ერთმანეთის კონკურენტები ვერ ვიქნებით. ამასთან, ჩვენი ხიზილალა უფრო ნაკლებფასიანია, არა იმიტომ, რომ ცუდად არის დამზადებული, უბრალოდ სხვა თევზის სახეობისგანაა გაკეთებული“,-აცხადებს დიტო წვერავა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „ახალი თევზის“ დირექტორი აცხადებს, რომ კომპანიას სუშის წარმოება და ასევე, პროდუქციის ექსპორტზე გატანა სურს.

„მუდმივად ძიებაში ვართ, რა შევთავაზოთ მომხმარებელს. ამ ეტაპზე განიხილება იაპონური სუშის წარმოება. თევზის დიდი კულტურა აქვს საბერძნეთს, ესპანეთს და ვგეგმავთ მათ რეცეპტებზე მუშაობასაც. თუმცა, ჯერ ბაზრის კვლევას ვაწარმოებთ, რადგან რაც სხვა ქვეყანაში მოთხოვნადია, შეიძლება ჩვენთან მომხმარებელმა ვერ მიიღოს.

ასევე ვგეგმავთ ექსპორტზე გასვლას. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ თევზი მაღალი რისკის პროდუქტია, ამისთვის საერთაშორისო სერთიფიკატებია საჭირო. ჩვენ უკვე შეტანილი გვაქვს განაცხადი. ეს არის რამდენიმე თვიანი პროცესი, რომლის 80% უკვე გავლილი გვაქვს. სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს გვექნება სერთიფიკატი და ამის მერე უკვე დავიწყებთ ექსპორტს. გვყავს პარტნიორები ისრაელში, ასევე ევროპის ქვეყნებში, რომელთანაც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ. ყველაზე რეალური ისრაელია, ევროპის ქვეყნებს ჯერ ვერაფერს გეტყვით“,-აცხადებს დიტო წვერავა.

აღსანიშნავია, რომ საწარმოში თავდაპირველად 30 ადამიანი იყო დასაქმებული, თუმცა, როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, მათი რაოდენობა გაიზარდა და ამჟამად 83 ადამიანია დასაქმებული.

„ჩვენთანს დასაქმებულია 83 ადამიანი. იქიდან გამომდინარე, რომ საწამო მდებარეობს გორის რაიონში, თანამშრომლების დაახლოებით 80% ადგილობრვი მოსახლეობაა“,-აცხადებს დიტო წვერავა.

თევზის გადამამუშავებელი კომპანია და ქარხანა ქარელის რაიონის სოფელ ურბნისში მდებარეობს. აღნიშნული საწარმო „ერთიანი აგროპორექტის” ფარგლებში შეიქმნა.
კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის” ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 1,500,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 249,081 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 311,352 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

BPN.GE

Share