Home » ბიზნესი » ბანკი „ქართუ“, პრაქტიკულად, გაყიდულია
ბანკი „ქართუ“, პრაქტიკულად, გაყიდულია

ბანკი „ქართუ“, პრაქტიკულად, გაყიდულია

ბიძინა ივანიშვილის ბანკს ახალი მფლობელი ეყოლება.

„ქართუს“ გაერთიანება „ლიბერთისთან“ გადაწყვეტილია და მხოლოდ დროის და ტექნიკური დეტალების საკითხია. ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ბანკი „ქართუს“ შეძენის გეგმას ადასტურებს.

„ძალიან მინდა გამოვიდეს“, – ამბობს „ლიბერთის“ მფლობელი და დასძენს, რომ ამჟამად „ქართუს“ ყიდვის პროცესში არიან, – „ვართ პროცესში, უკვე განვუცხადეთ ეროვნულ ბანკს. ძალიან მინდა გამოვიდეს „ქართუს“ ყიდვა. ჯერ კიდევ სამუშაოებია დარჩენილი“.

ის ვერც პროცესის დასრულების ვადას ასახელებს. „შეიძლება 2 თვეა დარჩენილი, შეიძლება 2 წელი“, – ამბობს ბიზნესმენი „ბიზნეს მედიასთან“.

რუხაძის კომპანია European Financial Group B.V. -მ „ლიბერთი ბანკის“ საკონტროლო პაკეტი 2017 წლის შემოდგომაზე შეიძინა. ამ გარიგების შედეგად ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).

ფინანსისტების უმეტესობა ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართუ ბანკის“ საჭიროებას ვეღარ ხედავს, რადგან მან თავისი მისია ამოწურა. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი განმარტავს, რომ ივანიშვილისთვის „ქართუ ბანკმა“ შესაძლოა, აქტუალობა დაკარგა და როგორც ბიზნესი, მისთვის საინტერესო უკვე აღარ არის.

„ყველა ადამიანი თავის კომერციულ ინტერესს თვითონ განსაზღვრავს. ივანიშვილის ოპონენტების მხრიდან ხშირად გვესმოდა, რომ ის ბანკის საშუალებით ატარებდა დიდ ფულს და ამ მიზნით სჭირდებოდა ბანკი. იგი მხოლოდ საოპერაციო ფუნქციას ინარჩუნებდა და წარმოადგენდა ინსტრუმენტს ქველმოქმედებისთვის. შესაძლოა, როგორც ბიზნესი, მისთვის არ იყო საინტერესო და ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე დაკარგა აქტუალობა, თავისი მისია ამოწურა. მისი უფლებაა, მისი გადაწყვეტილება და ამაში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

ფინანსისტები კი ფიქრობენ, რომ ივანიშვილისთვის აზრი დაკარგა ბანკის ფლობამ. იგი აღარ არის მისთვის რენტაბელური და ბანკის გაყიდვა ამიტომაც გადაწყვიტა. არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის დამფუძნებელი, ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე ფიქრობს, რომ დღესდღეობით საბანკო ბაზარზე არსებული ვითარება მილიარდერისთვის, სავარაუდოდ, მისაღები არ არის. ივანიშვილი, უბრალოდ, გამოდის ამ სფეროდან და საბანკო სექტორში აღარ დარჩება.

ირაკლი რუხაძე კი, როგორჩ ჩანს, მარტოოდენ „ქართუ ბანკით“ არ შემოიფარგლება. იგი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედისა“ და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ მიმართულებითაც საბოლოო შეთანხმება მხარეებს შორის ჯერ არ მიღწეულა.

„ყველაფერი შეიძლება დაიგეგმოს ოდესღაც, მაგრამ ეს ჯერ არ მომხდარა. მსჯელობა ამაზე დიდი ხანია მიმდინარეობს. თუ გამოვა – გამოვა, თუ არ გამოვა, არ გამოვა“, – ამბობს ბიზნესმენი.

მისივე თქმით, შეთანხმება მიღწეული რომ ყოფილიყო, კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში შესაბამისი განაცხადი უნდა გაეკეთებინათ, რაც ჯერ არ მომხდარა. „ეს რომ მოხდება, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ შეთანხმება შედგა“, – აცხადებს რუხაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, „ჰანიველ პარტნერსი“ მმართველ პარტნიორს ირაკლი რუხაძესა და ინა გუდავაძეს შორის, ტელეკომპანია „იმედისა“ და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ნასყიდობაზე მოლაპარაკება უკვე დასრულებულია. ტელეკომპანია 100%-ით ირაკლი რუხაძის საკუთრებაში გადადის. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ნასყიდობის სავარაუდო ღირებულებად 30 მლნ დოლარი სახელდება.

for.ge

Share