Home » ბიზნესი » “ბანკებისგან განსხვავებით, ჩვენ ვცდილობთ კონკრეტული დარგები არ შევზღუდოთ”  
“ბანკებისგან განსხვავებით, ჩვენ ვცდილობთ კონკრეტული დარგები არ შევზღუდოთ”  

“ბანკებისგან განსხვავებით, ჩვენ ვცდილობთ კონკრეტული დარგები არ შევზღუდოთ”  

ქართული საფინანსო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ქვეყანაში. შესაბამისად, ბაზარზეც მრავალი მოთამაშეა, იქნება ეს ბანკი თუ რომელიმე საფინანსო ინსტიტუტი. კომპანია GFC ერთ-ერთია იმ საფინანსო ორგანიზაციებიდან, რომელმაც ბაზარზე ფეხი მყარად მოიკიდა და უკვე რამდენიმე წელია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე. კომპანიის გავნითარებისა და მისი ისტორიის შესახებ კომპანია GFC-ს, საკრედიტო მიმართულებების ხელმძღვანელი თათია მანაგაძე გვესაუბრა.

–  რამდენი ხანია შემოხვედით ქართულ საფინანსო ფაზარზე და რა ტიპის სესხებს სთავაზობთ მომხმარებელს?

– კომპანია GFC საფინანსო ბაზარზე უკვე ბოლო 8 წელია არსებობს. ჩვენი ძირითადი მიმართულება მცირე და საშუალო მოცულობის სესხებია სხვადასხვა მიზნობრიობით. ისევე როგორც ნებისმიერ სხვა, კომერციულ ბანკსა თუ საფინანსო და მიკროსაკრედიტო ინსტიტუტში, ჩვენთანაც სესხები უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაიცემა. ჩვენი მომხმარებლები, ძირითადად არიან ბიზნესმენები, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესსექტორში მუშაობენ და ესაჭიროებათ თანხა მოკლევადიანი საბრუნავი საშუალებებისთვის, საქონლის იმპორტისთვის დამატებითი ძირითადი საშუალებების შესაძენად. ასევე, ის ფიზუკური პირები, რომლებიც უძრავი ქონების შეძენით არიან დაინტერესებულნი.

– დღეისთვის რამდენი ფილიალი გაქვთ თბილისის მასშტაბით და თუ აპირებთ რეგიონებში ფილიალების გახსნას?

– ჩვენი პრინციპი არ არის ფილიალების ქსელის განვითარება, რადგან ჩვენი მომსახურება მაქსიმალურად არის დახვეწილი, რათა ეფექტურად, ოფისში მიუსვლელად ტელეფონის მეშვეობით მოხდეს პირველადი განაცხადების დამუშავება და მხოლოდ სესხზე წინასწარი თანხმობის შემთხვევაში ხდება შეხვედრის დათქმა და საბოლოო იურიდიული პროცედურების წარმოება. ჩვენი თანამშრომლები პროფესიონალურ კონსულტაციას უწევენ კლიენტებს ტელეფონით და მათთვის მაქსიმალურ ხელსაყრელ და მოქნილ პირობებს ადგენენ. ჩვენ თბილისში მხოლოდ ერთი ფილიალი გვაქვს და ჩვენი სამუშაო არეალიც ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისით შემოიფარგლება.

– რა ტიპის და მოცულობის სესხებს გასცემთ? გაქვთ თუ არა ლიმიტი სესხებზე?

–  ჩვენი მიზანია 10 000- დან 130 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის სესხებზე მოთხოვნის დაკმაყოფილება, თუმცა საშუალოდ ჩვენი სესხი 30 – დან 50 000 დოლარამდე მერყეობს. ეს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებია 6 თვიდან 5 წლამდე ვადით. თანხის ეტაპობრივად ან პერიოდის ბოლოს დაფარვით.

– თუ გადავხედავთ თქვენს სასესხო პოლიტიკას, უფრო ბიზნეს სესხებზე ხართ ორიენტირებულნი. ხომ არ გაქვთ გარკვეული შეზღუდვები კონკრეტულ სეგმენტზე. მაგალითად, როგორც დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ბანკები მათთან თანამშრომლობაზე ხშირად უარს ამბობენ. რა მდგომარეობა თქვენთან ამ კუთხით?

– ჩვენ მაქსიმალურად მოქნილები ვართ და ვცდილობთ სპეციფიური დარგები არ შევზღუდოთ, თუმცა გარკვეული იურიდიული ხასიათის შეზღუდვა ჩვენთანაც მოქმედებს. მაგალითად, ჩვენ არ შეგვიძლია უზრუნველყოფაში ჩავიდოთ ისეთი უძრავი ქონება, რომელიც არ არის საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული, ცალკე მისამართზე დაფიქსირებული შესაბამისი ბინის ნომრით და ა.შ. ასევე ვერ ვაფინანსებთ უძრავ ქონებას, რომელიც ჯერ კიდევ მშენებარე, თუმცა, მაინც ვუშვებთ, გამონაკლისებს და თუკი უკვე დასრულების სტადიაშია კორპუსი და ხდება მოპირკეთება, ლიფტების მონტაჟი და ყველა კომუნიკაცია უკვე შეყვანილია, მაშინ  ასეთი განაცხადების განხილვა ხდება. ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, ასევე გვაქვს შეზღუდვა სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების უზრუნველსაყოფად გამოყენებაზე. ერთ-ერთი ძირითადი პირობა არის ის, რომ სესხის თანხა არ აღემატებოდეს უძრავი ქონების შეფასების 50%-ს და ასევე ის, რომ სესხიცა და უზრუნველყოფის საგანი უძრავი ქონებაც დაფიქსირებული იყოს ფიზიკური პირის სახელზე.

– რაც შეეხება თქვენი მომსახურების საკომისიოს, რამდენ პროცენტში გასცემთ სესხებს და რამდენ წელზე?

– იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი კომპანია საკმაოდ მოცულობით სესხებს გასცემს და კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, მარტივად და სწრაფად გავცემთ სესხს მიზნობრიობის და შემოსავლის დამატებითი დადასტურების მოთხოვნის გარეშე, ჩვენთან საპროცენტო განაკვეთი, ბანკებთან შედარებით, მაღალია და შეადგენს ყოველთვიურ 2%-დან 2.5%-მდე. გასათვალისწინებელია, რომ ჩვენთან სესხები ძირითადად მოკლევადიანია და მოგვმართავენ არა გრძელვადიანი დაფინანსებისთვის, არამედ მოკლევადიანი დროით სესხის აღებისთვის. ვთქვათ, 6 თვის ან 1 წლის ვადით. როდესაც დაფინანსების უფრო იაფი წყარო, მაგალითად ბანკები, უარს ამბობენ დაფინანსებაზე. ჩვენ მართალია შედარებით მაღალ სარგებელში, მაგრამ ვავსებთ ბაზარზე მოთხოვნას ფულად რესურსზე და ბევრ ფიზიკურ პირს, მეწარმესა და ბიზნესმენს ვაძლევთ თანხას მაშინ, როდესაც მათ ეს სჭირდებათ საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე.

– რაც შეეხება უშუალოდ კონკურენციას, მოგეხსენებათ, ქართულ საფინანსო სექტორში საკმაოდ ბევრი ახალი და უკვე კარგად გამოცდილი მოთამაშეა. როგორ აპირებთ კონკურენციის გაწევას, თუ გაქვთ თქვენი ერთგვარი სამოქმედო სტრატეგია?

– ჩვენი სტრატეგია მარტივია. ჩვენ არ ვუწევთ კონკურენციას ბანკებს, რომლებიც სხვადასხვა კოეფიციენტების, შემოსავლის დადასტურების მოთხოვნებითა და საკუთარი პოლიტიკიდან გამომდინარე აწარმოებენ დაკრედიტებას. ჩვენ ასევე არ ვუწევთ კონკურენციას მიკროსაფინანსო კომპანიებს, რომლებიც მიკრო და მცირე სესხებით მუშაობენ ბაზარზე. ჩვენი სიძლიერე არის მოქნილი დაკრედიტების პოლიტიკა და შედარებით დიდი მოცულობის სესხები.  ჩვენი მიზანია ვიყოთ შუალედური რგოლი საფინანსო ბაზარზე მათთვის, ვინც ჯერჯერობით ვერ სარგებლობს შედარებით იაფიანი საბანკო სესხით და გავუწიოთ  მათ ფინანსური მხარდაჭერა მოკლე ვადით ფინანსური საჭიროებისთვის.

ბანკები და ფინანსები

Share