Home » ბიზნესი » “ბახმარო ამ წუთში უძირო ქვევრივითაა” – რა ეტაპზეა კურორტის განვითარების გეგმა
"ბახმარო ამ წუთში უძირო ქვევრივითაა" - რა ეტაპზეა კურორტის განვითარების გეგმა

“ბახმარო ამ წუთში უძირო ქვევრივითაა” – რა ეტაპზეა კურორტის განვითარების გეგმა

“ჩვენთვის ბახმაროს სეზონის სამი თვე საკმაოდ დაძაბულია. ეს პერიოდი ეკლებზე ვზივართ, ვინმე გაცივდება თუ ფეხი მოტყდება, სულ ბახმაროში ვართ. პრობლემაა ის, რომ უსახსრობის გამო ადგილობრივ დონეზე ვერაფერს ვგეგმავთ. ბახმარო ამ წუთში უძირო ქვევრივითაა. ამ კურორტზე, ახლა უცხოელი რომ მიიღო და თან ისე, რომ რაიონში ფული დაგიტოვოს, ამას შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება. საუბარია, დააახლოებით 50 მილიონზე. ჩოხატაურს ეგ თანხა 30 წლის განმავლობაში ჯამში არ ექნება.” – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ ჭიჭინაძე “კომერსანტთან” ბახმაროში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

როგორც ცნობილია, 2017 წელს შეიქმნა ბახმაროს სივრცითი მოწყობისა და მიწათსარგებლობის სარეგულაციო გეგმა. მოხდა ზონირებების დაყოფა, თუ სად უნდა ყოფილიყო სამშენებლო, სად რეკრეაციული ზონა და სად იქნებოდა საზოგადოებრივი საჯარო სივრცე. ეტაპობრივად, ბახმარო ზამთრის კურორტის ფუნქციას იძენს, თუმცა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. კურორტზე ინვესტიციის ჩადებით დაინტერესებულ უცხოელებს შორის რეალური ინვესტორი ჯერჯერობით არ ჩანს.

“უკვე ოთხი წელია გერმანელი ინვესტორი ოპერირებს, ქირაობს კოტეჯებს და ზამთარში კოპიტნარის აეროპორტიდან თითო კვირით აჰყავს ტურისტები. არის კიდევ ჩეხური კომპანია, რომელმაც ასევე შარშანწინ დაიწყო იგივე საქმიანობა.ჩამოჰყავს ტურისტები, იქირავა ტერიტორია.სხვა ინვესტორი ამ დროისთვის არ გვყავს, თუ მთავრობასთან ჰქონდა მოლაპარაკება ვინმე უცხოელს არ ვიცი, მაგრამ თვითმმართველობასთან ბახმაროს განვითარების პროექტზე სხვა ახალ ინვესტორს არ ჰქონია კომუნიკაცია. სად რა უნდა გაკეთდეს და კონკრეტულად ვინ უნდა გააკეთოს, ეს არ არის ჯერ ცნობილი. ჩვენთან რომ შემოდის ადამიანი განცხადებით, პროექტს ვუგზავნით ეკონომიკის სამინისტროს და სწორედ კომისიაზე მტკიცდება პროექტი, შემდეგ იღებს მშენებლობის ნებართვას, რომლის შემდეგაც ის ექსპლუატაციაში შედის. მსურველები, საუბრის დონეზე ბევრია, მათ შორის ქართველები. მუნიციპალიტეტს არ გააჩნია ბახმაროში მიწა, ეს არის სახელმწიფოს გადაწყვეტილება, შესაბამისად, გაყიდვაზე თუ იჯარით განკარგვაზე გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო, ჩვენ უბრალოდ გვეკითხებიან მოსაზრებას.” – ამბობს ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა.

გასულ წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართულ კომპანიას “ორბი ჯგუფს” 4.5 ჰექტარი გადაეცა ვალდებულებით, რომ 5 წლის განმავლობაში ამ კომპანიამ ბახმაროს შესაბამის ტერიტორიაზე დასასვენებელი ზონის მოწყობისთვის 50 მილიონი ლარი დახარჯოს. ჩოხატაურის მერის განცხადებით, კომპანიამ ჯერჯერობით შესწავლა დაიწყო და კურორტი მოლოდინის რეჟიმშია. ამის გარდა რამდენიმე კვირის წინ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, შეიქმნება ბახმაროს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის პროექტირება.

“ორი წელიწადია ბახმარო ზამთრის კურორტად იქცა , არცერთი თეთრი არ გვრჩება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ხეირობს ვიღაცა გერმანელი ტურისტების ჩამოყვანით, ჩვენ ამაში არ ვერევით. გვინდა, რომ მუნიციპალურ დონეზე გადმოვიდეს ეს ყველაფერი. ჩვენ თოვლის გამწმენდი ტექნიკაც მოვიპოვეთ, ბახმაროში ისეთი გზაა რომ ვერტმფრენით ან საბაგირო გზით უნდა იაროს სტუმარმა, ტრაქტორს თუ არ მიჰყევი ვერ ახვალ კურორტამდე. ორბი ჯგუფი აპირებს სასტუმროების და საბაგიროების გაკეთებას, მაგრამ ჯერჯერობით საუბარი საუბრად რჩება. ჩვენ იმდენად მწირი ბიუჯეტი გვაქვს, რომ საქართველოში ალბათ ერთადერთი მუნიციპალიტეტი იქნება ჩოხატაური, სადაც ბიუჯეტში ერთი თეთრი არ გვიდევს , ერთ ლარს ვერ ვხარჯავთ ინფრასტრუქტურაზე. ნაგვის მანქანები გამოთხოვილი გვაქვს, ქუთაისში, ფოთში, თბილისში, ყველაგან წერილები გვაქვს გაგზავნილი- შედეგი არაფერი. ვერც იმას ვიტყვით, რომ უყურადღებოდ ვართ , გამრიცხველიანება გაკეთდა 5 მილიონად, კანალიზაციაც უამრავი დაჯდება, ორბი ინვესტიციას დებს. ჩვენ, ადგილობრივ დონეზე მეტი არაფერი შეგვიძლია.” – ამბობს თამაზ ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, მთავრობამ კურორტ “ბახმაროს განვითარება პრიორიტეტად 2015 წლის თებერვალში მიიჩნია. მაშინ ითქვა, რომ შეიქმნებოდა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მიზნად კურორტის განვითარების კომპლექსურ ღონისძიებებს დასახავდა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კურორტების პოტენციალი იქნას ბოლომდე ათვისებული, რადგან ტურიზმი გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი დარგი”, – აღნიშნავდა 2015 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. იმავე პერიოდში გურიის გუბერნატორი აცხადებდა, რომ კურორტის განვითარებას გერმანელი ინვესტორი ინგუ შლუტიუსი გეგმავდა.

ბახმარო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, აჭარა-გურიის მთაგრეხილზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

წყარო: commersant.ge

Share