Home » ეკონომიკა » ბაჩიაშვილი: სოფლის მეურნეობის ბიზნესი საკმაოდ რთულია საქართველოში, რადგან ბაზარი გახსნილია ყველანაირი იმპორტისთვის
ბაჩიაშვილი: ,,სოფლის მეურნეობის ბიზნესი საკმაოდ რთულია საქართველოში, რადგან ბაზარი გახსნილია ყველანაირი იმპორტისთვის"

ბაჩიაშვილი: სოფლის მეურნეობის ბიზნესი საკმაოდ რთულია საქართველოში, რადგან ბაზარი გახსნილია ყველანაირი იმპორტისთვის

,,სოფლის მეურნეობის ბიზნესი საკმაოდ რთულია საქართველოში, რადგან ქვეყანაში საკმაოდ მწირია თანამედროვე ექსპერტიზა და ამავდროულად, ბაზარი გახსნილია ყველანაირი იმპორტისთვის, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, მეზობელი ქვეყნები პირდაპირ ან ირიბად ასუბსიდირებენ”, – აღნიშნული პასუხი გასცა თანაინვესტირების ფონდის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რა სირთულეები ახლავს თან სოფლის მეურნეობაში ფონდის მიერ დაწყებულ პროექტებს.

,,სირთულეები იმასთან არის დაკავშირებული, რომ ბიზნესპროექტი არ უნდა იყოს ამავდროულად საქველმოქმედო. ჩვენი ფონდი და მისი მენეჯმენტი ფინანსური შედეგებით ფასდება და საკმაოდ რთულია, როდესაც კომერციულ ამოცანებს ზედ ვადებთ სოციალურ სხვადასხვა ტვირთს. ზოგადად, სოფლის მეურნეობის ბიზნესი საკმაოდ რთულია საქართველოში, რადგან ქვეყანაში საკმაოდ მწირია თანამედროვე ექსპერტიზა და ამავდროულად, ბაზარი გახსნილია ყველანაირი იმპორტისთვის, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, მეზობელი ქვეყნები პირდაპირ ან ირიბად ასუბსიდირებენ. მაგალითად, სათბურების პროექტი, რომელიც გარდაბანში განვახორციელეთ. თავიდანვე გასაგები იყო, რომ 30 მილიონ დოლარიან ინვესტიციას ვერ გაამართლებდა, რადგან თურქეთიდან შემოდის ძალიან ბევრი სუბსიდირებული და დაბალი ხარისხის ბოსტნეული. აქაც, ბიძინა ივანიშვილის დაჟინება იყო, რომ ადგილობრივი წარმოება გაგვევითარებინა. უკვე სამი წელიწადია რაც ვმუშაობთ და წელს პირველი წელი იქნება, როდესაც ნულოვან მოგებაზე გავალთ.

მეორე მაგალითია რძის წარმოების ის პროექტი, რომელიც 2014 წელს დავიწყეთ. ამ პროექტს საერთოდ ისეთი რისკები ჰქონდა, რომ შეიძლებოდა თეთრიც კი ვერ ამოგვეღო ამ ბიზნესიდან. 4 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეთ მოსამზადებელ სამუშაოებში და ბოლოს იმით შევძელი გადამერწმუნებინა ბიძინა ივანიშვილი, რომ ადგილობრივ, ისედაც მცირე შემოსავლიან ფერმერებს კიდევ უფრო გაუჭირდებოდათ გადარჩენა გაზრდილ კონკურენციაში. ბოლოს, ისევ ივანიშვილის მოთხოვნით, ამ მიწებზე თხილის ბაღი გაშენება დავიწყეთ. ამჟამად, 200 ჰექტარი თხილი უკვე დაირგა და კიდევ დამატებით 6 მილიონ დოლარს ვდებთ, რომ კიდევ 500 ჰექტარზე მოვაშენოთ ეს კულტურა. ჩემი აზრით, ეს ინვესტიციაც საკმაოდ დიდი და სარისკოა სოფლის მეურნეობის ბიზნესისთვის, თუმცა, მას უნდოდა, რომ აბაშის რეგიონშიც დაპირებისამებრ დასაქმებულიყო ხალხი და ისეთი პროდუქცია შეგვექმნა, რომელიც წვრილ ფერმერებთან კონკურენციაში არ შევიდოდა.

აქვე დავამატებ, ზუსტად იმ მიზეზით, რომ კარგად გაგვეყო კომერციული პროექტები და ის პროექტები, რომლებიც ძირითადად, ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაზეა ორიენტირებული, ჩვენ შევქმენით საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი. სწორედ ამ ფონდის მეშვეობით ვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომლებიც ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურის გრძელვადიან განვითარებაზეა ორიენტირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს თანაინვესტირების ფონდს გაუჭირდებოდა შეკვეთილის სასტუმროსა და „პანორამა თბილისის“ პროექტების განხორციელება, რადგან ამ პროექტებში ისეთი ექსკლუზივები დევს, რომლებიც ფინანსურად საკმაოდ ამძიმებენ ამ პროექტებს.

ამ ყველაფრის რეზიუმედ მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ პროექტში უნდა არსებობდეს სტრატეგიული და ფინანსური პარტნიორი. ფონდის ამოცანაა, მინიმალურად იყოს ჩართული ბიზნესის მართვაში და თავისი ფინანსები მიმართოს იმგვარად, რომ ყოველ ინვესტიციას ჰყავდეს მაჟორიტარული პარტნიორი, რომელიც არის გამოცდილი ამა თუ იმ ბიზნესში”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა ,,პირველ არხთან” საუბრისას.

Share